1999 წლიდან თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. სტატუსის მიღებიდან ექვს წელიწადში დაიწყო გაწევრების საკითხზე მოლაპარაკება, რომელიც 2016 წლიდან შეჩერებულია თურქეთში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელყოფით გამოწვეული კრიტიკისა და მხარეებს შორის პოლიტიკური უთანხმოების გამო. თურქეთი არ აღიარებს კვიპროსის რესპუბლიკას, რომელიც 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია.
პრეზიდენტი ერდოანი 21 ივლისს იმყოფებოდა გაეროს მიერ არაღიარებულ „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში“. როგორც სააგენტო Anadolu წერს, ანკარისკენ მიმავალმა ერდოანმა თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კვიპროსის პრობლემის მოგვარების გასაღები კუნძულზე ორი სახელმწიფოს შექმნაა და ამ საკითხში თურქეთი კომპრომისს გამორიცხავს.
სააგენტო Anadolu-ს და თურქული საინფორმაციო ტელეარხის, TRT Haber-ის ინფორმაციით, ერდოანმა ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ აუცილებელია ევროკავშირში თურქეთის გასაწევრებლად მოლაპარაკებების სწრაფად განახლება.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, იმედია, ევროკავშირი აცნობიერებს, რომ გაურკვეველი პოზიციის საფუძველზე ურთიერთობების განვითარება შეუძლებელია. ერდოანის თანახმად, ევროპასა და მის გარშემო განვითარებული მოვლენები და ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოება ცხადყოფს, რომ ევროკავშირს სჭირდება ისეთი დინამიკური და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული წევრი, როგორიც თურქეთია.
ერდოანის განცხადებით, მსოფლიო შეიცვალა, ევროპაც იცვლება და ევროკავშირი უნდა გათავისუფლდეს მოძველებული პოლიტიკური შეხედულებებისგან, რაც მისთვის ახალ ერას გახსნის. თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა მოხსნას თურქეთისთვის დაწესებული პოლიტიკური ბარიერები, უარი უნდა თქვას ორმაგ მიდგომებზე და მხარი დაუჭიროს სამართლიან და თანასწორუფლებიან ურთიერთობებს.
როგორც ერდოანმა განაცხადა, თურქეთი მზად არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის.
ბოლო წლებში, ევროკავშირსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა არაერთხელ განაცხადა, რომ თურქეთს ევროკავშირის წევრობა აღარ სჭირდება. თუმცა ანკარას ოფიციალურად არ მიუღია მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლის გადაწყვეტილება.
ფორუმი