შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კაცს დახმარება ადგილზე გაეწია, ის იქვე რჩება. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბუფერულ ზონაში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას ვიდეოკადრებიც მიაწოდეს, რომელშიც ჩანს, რომ რამდენიმე მათგანი გამშვები პუნქტის საზოგადოებრივი სივრცეში იმყოფება და პოლიციის თანამშრომლებისგან ცდილობს პასუხის მიღებას, როდემდე უნდა იყვნენ “გაუსაძლის პირობებში” და როდის მიეცემათ საქართველოს დატოვების შესაძლებლობა. მათი ნაწილი ითხოვს უფლებას, რომ სომხეთში გადავიდნენ ან საზღვაო გზით დატოვონ ქვეყანა.
ისინი ამბობენ, რომ სარდაფის ტიპის სივრცეში, სადაც თითქმის ერთი თვეა იმყოფებიან, არაადამიანური პირობებია, დასაწოლი ადგილებიც კი არაა საკმარისი, ხელი არ მიუწვდებათ ნორმალურ საკვებზე, ადგილზე მყოფთა ნაწილს კი ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, კადრში ჩანს მამაკაცი, რომელიც ყავარჯნებით გადაადგილდება.
პოლიციელები უკრაინის მოქალაქეებს უხსნიან, რომ მათი პრობლემა უნდა მოაგვაროს უკრაინულმა მხარემ და რომ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მათ განთავსებას არ აიძულებენ, თუმცა ვერც იქაურობის დატოვების საშუალებას მისცემენ.
რადიო თავისუფლება საქართველოში უკრაინის საელჩოსაც დაუკავშირდა, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
შსს-მ გუშინ, 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გასაყვანად და სამშობლოში უკან დასაბრუნებლად საქართველომ უკრაინას რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა და ახლა უკრაინული მხარემ დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.
შსს წერს, რომ მათ უკან დასაბრუნებლად შესთავაზეს როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზის ვერსიები. თუმცა „საზღვაო გზით დაბრუნებაზე უკრაინული მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს და ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ." საჰაერო გზით გადაყვანასთან დაკავშირებით, კი "აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ერთობლივი კონსულტაციები".
უწყების განცხადებით, ამ ადამიანების უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, „რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობით“:
შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირები, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს. ამიტომ, „სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, მათ ქვეყანაში კვლავ ვერ შემოუშვებენ.
16 ივლისს პროსახელისუფლებო მედიებმა, ტელეკომპანიებმა “იმედმა” და “რუსთავი 2-მა" გაავრცელეს შსს-ს კომენტარი, რომლის თანახმადაც, საზღვარზე მყოფი უკრაინელების საქართველოში შემოშვება „საფრთხესთან იყო დაკავშირებული“:
“მათი საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ჩადენილი აქვთ დანაშაული. მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე”, - განაცხადა მაშინ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
ადამიანის უფლებათა დამცველების და თავად უკრაინელების განცხადებით, მათ ხელი არ მიუწვდებოდათ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასა და კვებაზე.
მათ შორის ყოფილი პატიმრებიც არიან, ადამიანები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისას გაიტაცეს და ისინიც, ვინც რუსული პასპორტის მიღებაზე უარი თქვა.
როგორც მანამდე BBC იტყობინებოდა, მოლდოვამ უარი თქვა საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილი რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების შეშვებაზე. ორგანიზაცია „უკრაინის პატიმრების დაცვის“ იურისტის, ანა სკრიპკას თქმით, ამის მიზეზი გახდა ის ოთხი ადამიანი, რომლებსაც „თეთრი პასპორტები“ აქვთ - უკრაინის საელჩოს მიერ გაცემული მოწმობები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების უფლებას იძლევა.
რუსეთი საქართველოს საზღვრისკენ უშვებს პატიმრებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაასამართლეს. მათი უმეტესობა, იძულებით, ძალადობრივად გადაყვანის შემდეგ, სასჯელს რუსეთის კოლონიებში იხდიდა.
უკრაინელი ადამიანის უფლებათა დამცველები დეპორტირებულთა ნაკადის ზრდას ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებას უკავშირებენ.
2023 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომ თუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი რუსეთის მოქალაქეობას არ აიღებს, მის სტატუსს უცხოეთის მოქალაქის სტატუსს გაუთანაბრებენ. სხვა ბრძანების თანახმად, რომელიც 2025 წლის მარტში შევიდა ძალაში, უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე „კანონიერი საფუძვლის გარეშე“ და ვალდებულნი არიან, თავიანთი იქ ყოფნა დააკანონონ, მაგალითად, მიიღონ პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა 10 სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ან თავად უნდა დატოვონ ქვეყანა, ან მოხდება მათი დეპორტაცია.
ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების რაოდენობა შესაძლოა, სექტემბრისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
ფორუმი