13:30 - სხდომათა დარბაზში შემოიყვანეს 47 წლის ნათია ხარატი. ის მოწმის სტატუსით იკითხება. ხარატი სპეციალობით ექიმია. ის ასწავლის უნივერსიტეტ „ბაუში“, არის თსუ-ს დოქტორანტი. მან რელიგიური ფიცი დადო.
ხარატი დაცვის მხარის მოწმეა - ეს იმას ნიშნავს, რომ მისმა ჩვენებამ უნდა გაამყაროს მათი არგუმენტები, რომ პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის სილით ტკივილი არ განუცდია.
13:33 - დაკითხვა დაიწყო ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა. მან კითხვების დასმა მოწმის პროფესიული გამოცდილების შესახებ დაიწყო: კონკრეტულად რა საქმიანობას ეწევა. რის პასუხადაც მოწმე ხარატმა თქვა, რომ ის ნევროლოგია.
ნათია ხარატი ამბობს, რომ ნევროლოგია სწავლობს, ადამიანში ტკივილის აღქმას - როგორ რეაგირებს ნერვული სისტემა.
13:40 - მაია მწარიაშვილი კითხულობს ნათია ხარატის ექსპერტულ დასკვნას, რომელიც მომზადდა ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ვიდეოკადრებზე დაყრდნობით. მასში დასკვნის სახით წერია: „შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“.
ნათია ხარატი დამატებით განმარტავს, რომ ტკივილს აუცილებლად აქვს ადამიანში გარეგნული გამოხატულება: სიწითლე, მოძრაობის შეფერხება, „ბევრი რამ განსაზღვრავს ტკივილის აღქმას, თუმცა მსგავსი ნიშანი არ გამოვლენილა“.
მისი თქმით, მან დასკვნის მომზადებაში გამოიყენა ტკივილის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ტკივილის შესახებ გაკეთებული განმარტება: „ტკივილი არის არასასიამოვნო განცდა, რომელიც დაკავშირებული სხეულის რეალურ ან პოტენციურ საფრთხესთან. ამ შემთხვევაში არ გვაქვს დაზიანება.
მაგალითად, როცა წავიქცევით და მუხლს ვიტკენთ, შეიძლება მაშინ არ ჩანდეს დაზიანება, თუმცა რამდენიმე საათში გამოჩნდეს დალურჯება, დაჩირქდეს და ა.შ. ესაა პოტენციური საფრთხე“.
13:45 - მოწმე აგრძელებს თხრობას: „შესაძლოა ადამიანი დაიბადოს ტკივილის აღქმის გარეშე, თუმცა ეს არ არის კარგი. ტკივილის აღქმა მნიშვნელოვანია, რადგან ის საფრთხეზე მიგვანიშნებს - მაგალითად, როცა კუჭი ასტკივდება ადამიანს რამდენჯერმე, ეს ნიშნავს, რომ საფრთხეა მოსალოდნელი...
ტკივილებს ვყოფთ რამდენიმე კატეგორიად: მწვავედ, რომელიც გვაფრთხილებს მოსალოდნელ საფრთხეზე, ქრონიკული - რომელიც უფრო რთულია, როცა ნერვია დაზიანებული და ასევე, ფსიქოგენური, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობას უკავშირდება. ეს სიმულაციისგან განსხვავდება, რასაც კავშირი არ აქვს ფსიქოგენურ ტკივილთან“.
13:50 - მაია მწარიაშვილმა იკითხა, ირაკლი დგებუაძის შემთხვევაში რომელი სახის ტკივილთან გვაქვს საქმე.
“ამ შემთხვევაში ჩემთვის რთულია ტკივილის რომელიმე განსაზღვრება... მწვავე ტკივილი ყოველთვის გამოისახება, მით უფრო სახეზე. მოტორული აქტივობა - სახე უნდა შეცვლილიყო“, - უპასუხა მოწმემ.
ფორუმი