Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

⚖️ ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმში ბოლო სასამართლო სხდომები იმართება 🔸 “ქართული ოცნების” მიერ სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიღებული კანონით, ჟურნალისტებს სხდომაზე ფოტოსა და ვიდეოს გადაღება აღარ შეუძლიათ. ეს ლაივბლოგი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა ხდება სხდომაზე

16:46 21.7.2025

16:29 - პროკურორი თორნიკე გოგეშვილი განმარტავს, რატომ არის მზია ამაღლობელის მხრიდან „სილის გაწვნა“ თავდასხმა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, თავდასხმად არ ფასდება ძალადობა, როცა პოლიციელი იყენებს ძალას და ამ დროს ხდება წინააღმდეგობის გაწევა და ძალადობა. ამის მაგალითად დაასახელა პოლიციელისთვის ბოთლის ჩარტყმის შემთხვევა.

2021 წლის 4 აპრილს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებულს პოლიციელისთვის დაზიანება არ მიუყენებია მისი ჯანმრთელობის ხელყოფის მიზნით.

პროკურორის თქმით, ყველა ძალადობა თავდასხმად ვერ შეფასდება.

„როდესაც პირს აკავებენ და ამ დროს გამოიყენებენ პროპორციულ წინააღმდეგობას - დაარტყამს რაიმეს, ამ დროს ეს ვერ შეფასდება თავდასხმად... ეს არ იყო თავდასხმითი, ეს იყო თავდაცვითი ქმედება“...

16:45 21.7.2025

16:17 - თითქმის ერთთსაათიანი მონოლოგის დროს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა გაიხსენა ექსპერტ გივი ჩხარტიშვილის ჩვენება, რომელმაც თვეების წინ თქვა, რომ „სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი“. პროკურორის თქმით, ექსპერტის პასუხი, რომ ტკივილის სიმულირება შესაძლებელია, არ გამორიცხავს, რომ პოლიცილმა დგებუაძემ მზია ამაღლობელის სილის გაწვნით ტკივილი განიცადა.

ექსპერტის ჩვენებას გაეცანით რადიო თავისუფლების საარქივო მასალიდან: radiotavisupleba.ge/a/33415930.html

15:41 21.7.2025

15:31 - თორნიკე გოგეშვილი ჰყვება, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების მისეულ ვერსიას. მისი მონაყოლის მიხედვით, სტიკერის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის იმდროინდელმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ ის შენობაში შეიყვანა სამართალდარღვევათ ოქმის შედგენის მიზნით, თუმცა „პოლიციის შენობაში შეყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ხელს უშლიდა პოლიციას მუშაობაში“.

15:33 - პროკურორის მონათხრობის პასუხად დარბაზში ისმის „ტყუილია“.

მოსამართლემ გააძევა მანანა ამაღლობელი და მალხაზ ჭკადუა, რომლებმაც ეს სიტყვა თქვეს. სხდომათა დარბაზი საკუთარი სურვილით დატოვა კიდევ ერთმა დამსწრემ, რომელმაც თქვა, რომ სასამართლოში დიქტატურაა.

15:40 21.7.2025

15:17 დასკვნით სიტყვას იწყებს პროკურორი თორნიკე გოგეშვილი

მისი მთავარი სათქმელია, რომ ონლაინგამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი პროევროპულ აქციაზე „შურისძიების მოტივით თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს და სახეში გაარტყა ხელი“.

თორნიკე გოგეშვილი ამბობს, რომ 11 იანვარს იმართებოდა გაფიცვის მოთხოვნით აქცია. იმ დღეს თავდაპირველად დააკავეს თათია აბულაძე იმ მიზეზით, რომ მან გაფიცვის შესახებ სტიკერი მიაკრა პოლიციელს:

„გაფიცვა, რომლის შესახებაც იმართებოდა აქცია, არ იყო სპონტანური. მოცემულ შემთხვევაში თათია აბულაძემ ამ შინაარსის სტიკერის ქურთუკზე გაკვრით შეურაცხყო პოლიციელის ღირსება და მოუწოდა პოლიციელს გაფიცვისკენ - რაც თავისთავად პოლიციელის ღირსების შემლახველია. პოლიციელს კანონით არ აქვს გაფიცვის უფლება...

თათია აბულაძის დაკავების შემდეგ აქციამ გადაინაცვლა პოლიციის შენობასთან და დაიწყო სტიკერების გაკვრა... მათ სრულად გადაკეტეს პოლიციის შესასვლელი - პოლიციის შენობაში შესვლა და გამოსვლა სხვა შესასვლელიდანაც იყო შესაძლებელი, თუმცა ადამიანები რომ მოხვდნენ პოლიციაში ეს ადგილი უნდა გაიარონ“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG