ისრაელის მხრიდან დამასკზე ოთხშაბათს მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ პირველ სატელევიზიო გამოსვლაში აჰმედ ალ-შარაამ ასევე თქვა, რომ სირიელ ხალხს ომის არ ეშინია.
სირიის სახელმწიფო მედიით ვრცელდება ცნობები, რომ სამხედრო ძალები სუვაიდას ტოვებენ, დრუზების ლიდერებთან გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად. ჯერჯერობით გაურკვეველია, შენარჩუნდება თუ არა ეს შეთანხმება.
გავრცელებული ინფორმაციით, 350-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას მერე, რაც კვირას პროვინციაში შეტაკებები დაიწყო დრუზების გასამხედროებულ დაჯგუფებებსა და ბედუინთა ძალებს შორის.
ხელისუფლებამ პასუხად თავისი ძალები განათავსა ძირითადად დრუზებით დასახლებულ ქალაქ სუვაიდაში. ეს მოხდა პირველად მას მერე, რაც შარაას სუნიტური ისლამისტური ჯგუფის ხელმძღვანელობით განხორციელებული შეტევით სირიაში დაემხო პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება და დასრულდა 13 წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომი.
თუმცა ვითარება გამწვავდა და ხელისუფლების ძალებს ადგილობრივი ხალხი და აქტივისტები დრუზების უმცირესობის წარმომადგენელი სამოქალაქო პირების მკვლელობებში სდებდნენ ბრალს.
დრუზების რელიგია შიიტური ისლამის განშტოებაა, თავისი უნიკალური იდენტობით და იდეებით. სირიის გარდა, დრუზები ცხოვრობენ ლიბანში, იორდანიაში, ისრაელსა და ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე.
სირიელი დრუზები და სხვა უმცირესობები ეჭვით ეკიდებიან შარაას, მისი ჯიჰადისტური წარსულის გამო. შარაას ისლამისტური დაჯგუფება თაჰრირ ალ-შამი უწინ ალ-ყაიდასთან იყო დაკავშირებული, ის გაეროს კვლავაც ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
ხუთშაბათის გამოსვლაში შარაამ განაცხადა, დრუზები "ამ ერის ქსოვილის ფუნდამენტური ნაწილიაო" და თქვა, რომ დაუშვებელია უცხო ძალების ინტერესებისთვის მათი გამოყენების მცდელობა.
16 ივლისს სირიის სამთავრობო ძალებისგან დრუზების დაცვის მოტივით, ისრაელის არმიამ დრონებით დაარტყა დამასკში სირიის გენერალურ შტაბს და იერიში მიიტანა ქალაქ სუვაიდასთან განთავსებული სამთავრობო ძალების ნაწილებზეც. მანამდე ისრაელმა სირიის გარდამავალი მთავრობა გააფრთხილა, რომ სუვაიდიდან ძალები გაეყვანა. ისრაელი ირწმუნებოდა, რომ სირიის მთავრობამ რეგიონში სამხედრო ძალები ბედუინების მხარდასაჭერად გაგზავნა.
ფორუმი