სირიის გარდამავალმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ არმიის ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ სუვაიდადან, სადაც სამხედრო ძალები გაგზავნა ადგილობრივი დრუზებისა და ბედუინების შეიარაღებული დაპირისპირების გამო.
სირიის გარდამავალი მთავრობის თანახმად, მიღწეულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მედიასაშუალებების ცნობით, ჯარების გაყვანის შემდეგ რეგიონში დარჩებიან სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც სუვაიდას მახლობლად არსებულ გზებს გააკონტროლებენ. შეთანხმების თანახმად, შეიქმნება დრუზებისა და სირიის მთავრობის წარმომადგენელთა ერთობლივი კომიტეტი, რომელიც კონფლიქტის ესკალაციისას მომხდარ სამართალდარღვევებს გამოიძიებს.
16 ივლისს, გვიან ღამით სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება თავის უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევს დრუზების უფლებების დაცვას და მიუღებელია უცხო ძალების ინტერესებისთვის მათი გამოყენების მცდელობა.
სირიის სამხრეთში რამდენიმე დღის წინ განახლდა დრუზებისა და ბედუინების შეიარაღებული დაპირისპირება, რასაც წინ უძღოდა ერთ-ერთი დრუზის მკვლელობა. ესკალაციის გამო სირიის გარდამავალმა მთავრობამ რეგიონში სამხედრო ძალები გაგზავნა.
16 ივლისს, სირიის სამთავრობო ძალებისგან დრუზების დაცვის მოტივით ისრაელის არმიამ დრონებით დაარტყა დამასკში სირიის გენერალურ შტაბს და იერიში მიიტანა ქალაქ სუვაიდასთან მყოფი სამთავრობო ძალების ნაწილებზეც. მანამდე ისრაელმა სირიის გარდამავალი მთავრობა გააფრთხილა, რომ სუვაიდიდან ძალები გაეყვანა. ისრაელი ირწმუნებოდა, რომ სირიის მთავრობამ რეგიონში სამხედრო ძალები ბედუინების მხარდასაჭერად გაგზავნა.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამასკზე ისრაელის დარტყმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, სუვაიდაში დრუზებსა და ბედუინებს შორის ბოლო შეტაკებების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა.
დრუზებს და ბედუინებს წლებია კონფლიქტი აქვთ. დრუზების არაბულენოვანი ეთნოკონფესიური ჯგუფის წარმომადგენლები სირიაში, ლიბანში, იორდანიასა და ისრაელში ცხოვრობენ. სირიის სუვაიდის პროვინციის მცხოვრებთა უმრავლესობას დრუზები შეადგენენ. კარგად შეიარაღებული დრუზები სირიაში ებრძოდნენ როგორც ბაშარ ასადის რეჟიმს, ისე ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“.
სუვაიდაში ცხოვრობენ სუნიტი ბედუინებიც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისლამისტურ დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამს“ (HTS). ამ დაჯგუფების ხელმძღვანელობით 2024 წელს სირიაში ასადის რეჟიმი დაამხვეს.
2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამის“ ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს.
ფორუმი