Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ ვიცნობ, თუმცა შევისწავლი საქართველოში არსებულ კორუფციულ პრაქტიკას“ - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


დევიდ ლემი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
დევიდ ლემი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემის დიდ ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ის სამინისტროს საქმიანობის შესახებ პასუხობდა დეპუტატების კითხვებს, დეპუტატმა ფილიპ ბრიკელმა, რომელიც ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენს, კითხვა დაუსვა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, „ქართული ოცნების” წევრების „გადამალულ ფინანსებთან” დაკავშირებით.

ფილიპ ბრიკელი „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ პარტიად მოიხსენიებს და ვრცელ, ე.წ. მიმოხილვით კითხვაში, ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე:

„თქვენ წლებია ზრუნავთ, რომ ლონდონი იქცეს მსოფლიოს ანტიკორუფციულ დედაქალაქად, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

ამ კონტექსტში, მსურს, მოკლედ შევეხო ბრიტანეთის საგარეო ტერიტორიებს. საქართველოში, პრორუსული პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერები, მაშინ როდესაც ავიწროებენ სამოქალაქო საზოგადოებას და ზღუდავენ ხალხის თავისუფლებებს, სავარაუდოდ, იყენებენ ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს, რათა დამალონ თავიანთი ქონება ფინანსური გაუმჭვირვალობის საფარქვეშ.

ამასთანავე, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებმა კვლავ ვერ შეასრულეს ვალდებულება, რათა შეექმნათ ბენეფიციარი მესაკუთრეების საჯაროდ ხელმისაწვდომი რეესტრი. 2018 წელს მიღებული სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული კანონის შემდეგ, ისინი ვადებში ვერ ჩაეტივნენ 2020 წელსაც და 2023 წელსაც. როგორ ფიქრობთ, რა გზავნილს უგზავნის ეს დანარჩენ მსოფლიოს?“

ფილიპ ბრიკელის კითხვაზე პასუხს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ სიტყვებით იწყებს: „ეს ძალიან ცუდი გზავნილია“ და ამბობს, რომ მომავალ წელს იგეგმება კონფერენციის გამართვა უკანონო ფინანსებთან დაკავშირებით:

„...რაც შეეხება საქართველოსა და იქ არსებულ კორუფციულ პრაქტიკას, დეტალებში ჯერ არ ვარ გარკვეული, თუმცა აუცილებლად გავეცნობი საკითხს და შესაბამის პოზიციას მივაწვდით ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებს“, - ამბობს დევიდ ლემი.

იანვრის შუა რიცხვებში, ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იუწყებოდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიტანეთის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ოფშორებში რეგისტრირებული ათობით კომპანია დაზარალდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“(TI) 17 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში მიუთითებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება „ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნესიმპერია“.

ეს იმიტომ, რომ, TI-ის განმარტებით, ეს კომპანიები, საბოლოო ანგარიშით, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული - კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.

ამ გაზაფხულზე, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ბრიტანეთის პარლამენტარი ჯეიმს მაკკლირი, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი, რომელიც აქტიურად მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას და რომელმაც შეიტანა ე.წ. early day motion-ი – პროცედურული ინიციატივა ბრიტანეთის პარლამენტში, რომელიც, როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ ბრიტანეთის პარლამენტის ყურადღების მიპყრობას ისახავდა მიზნად, ამბობდა, რომ „ლონდონი და საერთოდ, დიდი ბრიტანეთი ივანიშვილისთვის იქცა არა მხოლოდ ქონების შესანახ ადგილად, ის თავის პროპაგანდასაც ბრიტანეთიდან ინახავს. ეს საგანგაშოა და ჩვენ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. მიმართულება აღებულია - პერსონალიზებული სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ - და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ [ბრიტანეთის] მთავრობაც ამ გზას დაადგება“.

პირველ ივლისს, ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი „ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების“ გამო. ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესცენტრის თანახმად, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა - რომლის ვინაობაც საჯაროდ არ დასახელებულა, - საგანელიძესთან საუბარში „ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა“ საქართველოს „სულ უფრო საზიანო ტრაექტორიის მიმართ“. ამასთან, საგანელიძესთან საუბრისას მან „მკაცრად გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები“.

2025 წლის 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდა, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად გაეუქმებინა დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.

„ბრიტანეთის საელჩო აპირებდა პროპაგანდის და რადიკალიზმის დაფინანსებას და მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ახლა თანხმობა სჭირდებოდა“, - განაცხადა სადავო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა 12 ივნისს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG