დღეს საბა ჯიქიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილია.
19 წლის სტუდენტს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ის 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს.
პროკურატურა ამბობს, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მან პოლიციელს ფეხი ჩაარტყა. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
10:40 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, პირველ, ყველაზე დიდ დარბაზთან მისასვლელი გზა, შუაში ისევ გადაკეტილია. მორიგეობენ მანდატურები, მათ წინ კი ათობით მოქალაქე ელოდება საბა ჯიქიას საქმეზე ბოლო სხდომის დაწყებას. ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი უკვე სხდომათა დარბაზშია.
10:41 - საბა ჯიქიას ოჯახის წევრები ხალხის ჯგუფის უკან დგანან. წინა რიგების დასაკავებელ “რბოლაში” არ მონაწილეობენ. ჯიქიას საქმის განხილვის შვიდმა თვემ ისე გაიარა, რომ მის მშობლებსა და მეგობრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. პირად საუბრებში გამოხატავენ წუხილს და მადლიერებას მხარდაჭერის გამო.
10:45 - საბა ჯიქიას ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მთავარი მტკიცებულება - ვიდეო, უკანონოდაა მოპოვებული. სხდომაზე არ დაუკითხავთ არც გამომძიებელი, რომელმაც ვიდეო მოიპოვა და არც ის პირი, ვინც ეს ვიდეო ექსპერტიზაზე გაგზავნა: “შესაბამისად, ვიდეოს წარმომავლობა სასამართლოსთვის დაუდგენელია და თუ ამ ვიდეოზე დაყრდნობით მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, იგივე ლოგიკით ნებისმიერი შეუძლია დააკავოს”, - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.
ფორუმი