Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, „სილქნეტის“ და „ევრონიუს საქართველოს“ დამფუძნებელი


შსს გიორგი რამიშვილის დაკავებას ადასტურებს.
შსს გიორგი რამიშვილის დაკავებას ადასტურებს.

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს.

ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ის პრესცენტრის თანახმად, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, - ეს ბრალდება გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადებას.

ბრალდება ორ წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.

განახლება: შსს-მ დააზუსტა, რომ „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“. ეს მუხლები გულისხმობს:

  • ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო ან სპორტული იარაღის], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას – ისჯება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
  • ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.

რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას.

  • „სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებმა 2024 წლის 30 ნოემბერს - ანტისამთავრობო საპროტესტო დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, - განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებას.
  • „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას“
  • „არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - განაცხადეს კომპანიებმა.

58 წლის გიორგი რამიშვილი არის კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ის ასევე არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეჯვარე (2018 წლის ქორწინებაში).

გიორგი რამიშვილი გეგმავდა ბათუმში Trump Tower-ის აშენებას, თუმცა გარიგება 2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩაიშალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG