ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ის პრესცენტრის თანახმად, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, - ეს ბრალდება გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადებას.
ბრალდება ორ წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.
განახლება: შსს-მ დააზუსტა, რომ „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“. ეს მუხლები გულისხმობს:
- ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო ან სპორტული იარაღის], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას – ისჯება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
- ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.
რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას.
- „სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებმა 2024 წლის 30 ნოემბერს - ანტისამთავრობო საპროტესტო დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, - განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებას.
- „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას“
- „არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - განაცხადეს კომპანიებმა.
58 წლის გიორგი რამიშვილი არის კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ის ასევე არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეჯვარე (2018 წლის ქორწინებაში).
გიორგი რამიშვილი გეგმავდა ბათუმში Trump Tower-ის აშენებას, თუმცა გარიგება 2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩაიშალა.
ფორუმი