Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მეც დამხვდნენ სახლთან“ - მუსიკოს ვანო თარხნიშვილს თავს დაესხნენ


ვანიკო თარხნიშვილი თავდასხმას უკავშირებს „ოლე, ოლას“ სიმღერას.
ვანიკო თარხნიშვილი თავდასხმას უკავშირებს „ოლე, ოლას“ სიმღერას.

მუსიკოსს, მსახიობსა და ტელეწამყვანს, ვანო თარხნიშვილის საცხოვრებელ კორპუსთან თავს დაესხნენ და დაზიანებები მიაყენეს.

ინციდენტი 6 ივლისს მოხდა.

თარხნიშვილი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ მას სახის არეში - თვალთან და ცხვირთან - სისხლნაჟღენთები აღენიშნება.

მსახიობი თავდასხმას უკავშირებს 2025 წლის იანვარში თბილისის ერთ-ერთ პაბში მის მიერ სიმღერა „ოლე ოლას“ შესრულებას.

„სავარაუდოდ, იანვარში პაბში „ოლე, ოლა“ რომ ვიმღერე, ეს „დაქირავებულები“ მეც დამხვდნენ სახლთან ბოლოს და ბოლოს“, - წერს თარხნიშვილი ფეისბუკზე.

„სახლიდან გამოვდიოდი, დამხვდა ერთი პიროვნება, სავარაუდოდ მეორე მოშორებით იდგა, - მისთვის არც შემიხედავს, უკვე ფიზიკურად ვიგრძენი მეორე პიროვნება. [პირველი] მოვიდა ჩემთან, ხელი ჩამომართვა, ძალიან მიყვარხარ, შენი ფანი ვარო, ბავშვობიდან გისმენო და ამ დროს მოაყოლა, რატომ გვაგინებ მე და ჩემ ოჯახსო. შემაგინა და დამარტყა. მერე მეორეც წაეშველა. დამაგდეს, ძირსაც მირტყეს შებრძოლებაში და მერე გაიქცნენ“, - თქვა მსახიობმა „ფორმულასთან“.

ერთ-ერთი თავდამსხმელი ვიდეოს იღებდა იმ მომენტიდან, როდესაც მეორე თარხნიშვილისკენ მეგობრულად გაემართა.

ეს ვიდეო მოგვიანებით „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის“ ძალის“ წევრის ტელევიზია „პოსტივიმ“ გაავრცელა.

როგორც თარხნიშვილი ამბობს, თავად პოლიციისთვის არ მიუმართავს, თუმცა გამომძიებელმა დაურეკა, უთხრა, რომ მისი პოსტი ნახა და გამოკითხვაზე ხვალ დაიბარეს.

რადიო თავისუფლება ელის პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

  • „ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას და რომელსაც ხშირად მღერიან 2024 წლის 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“;
  • მასზე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ წევრები.

როგორც თავად ამბობდა, ამავე სიმღერის გამო დაესხნენ თავს 2025 წლის 4 მარტს კიდევ ერთ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, რომელიც ვანო თარხნიშვილთან ერთად უკრავს ბენდში - „გამოუვალი მდგომარეობა“.

როგორც მოგვიანებით თავადაც დაადასტურა ფეისბუკში, გაბუნიას სახეში მუშტი დაარტყა „ქართული ოცნების“ წევრმა, მიშა მესხმა (მომღერალ სოფო ბედიას ქმარმა).

თარხნიშვილი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში იღებს მონაწილეობას. ის და ბენდი „გამოუვალი მდგომარეობა“ ითხოვენ 2024 წლის აქციებისას და მომდევნო პერიოდში დაკავებულთა, მათ შორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG