„კიდევ ერთხელ გაგვაჩუმებთ და თქვენს აცილებას მოვითხოვთ“, - ამბობს ადვოკატი ნათია კორკოტაძე, მას შემდეგ, რაც ის მოსამართლემ გააჩერა. მიზეზი გახდა, ნათია კორკოტაძის კითხვა, პოლიციელი რომ იგინება, არის თუ არა დანაშაული და რატომ არ ახდენს რეაგირებას მოსამართლე?
ნინო გალუსტაშვილის თქმით, სასამართლო არ არის ორგანო, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს.
ომარ ფურცელაძე, ადვოკატი: „ამ ბიჭებს ედავებიან, პოლიციელებზე თავდასხმას, თავად ბრალი გამორიცხავს, რომ იქ პოლიციელები კი არა სამოქალაქოები დგანან... ანუ ისინი პოლიციელები არიან, ვინც ჯგუფურად მოკვლით ემუქრებიან აქციის მონაწილეებს... შეიძლება თეორიულად აქ აუცილებელი მოგერიების ფარგლები გვქონდეს და თქვენ ეს უნდა გაინტერესებდეთ, ბატონო მოსამართლე".
შემდეგი ჯანო არჩაიაა. პროკურორები რთავენ ვიდეოს, სადაც მათი თქმით, ჯანო არჩაიაა ასახული.
ვიდეო 9 აპრილის ქუჩაზეა გადაღებული. როგორც ქუჩა, ისე აქციის მონაწილეები სველები არიან. უკვე გამოყენებულია წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
„პოლიციის კორდონი ჩანს, ჯგუფური დანაშაული ჩანს“, - ამბობს პროკურორი, ვაჟა თოდუა.
ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ ჩაიცინა. მან გაიხსენა ერთ-ერთი პოლიციელის, გოგიტა ხარაზიშვილის ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ „ჯანო არჩაია მწვანე ქურთუკით ამოიცნო“.
ვიდეოში, სავარაუდოდ, ჯანო არჩაიას არათუ მწვანე ქურთუკი, არამედ არაფერი მწვანე აცვია.
პროკურორები ისევ ვალერი თეთრაშვილს უბრუნდებიან. ირთვება მორიგი ვიდეო. ჩანს, სავარაუდოდ, ვალერი თეთრაშვილი, რომელიც ისვრის რაღაც ნივთს. ვინაიდან პროკურატურას არ უკვლევია, რა შეიძლება იყოს ეს ნივთები, ჩვენც მოვერიდებით ვარაუდების გამოთქმას.
ფორუმი