Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვას პირველად უხელმძღვანელებს ქალი - ბლეიზ მეტრეველი


დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შტაბ-ბინა ლონდონში
დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შტაბ-ბინა ლონდონში

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილი სამსახურის უფროსად 47 წლის ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა. ქართული გვარის ბლეიზ მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს.

ინფორმაცია MI6-ის უფროსად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნის შესახებ 15 ივნისს გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბლეიზ მეტრეველის „ისტორიული დანიშვნა" მოხდა იმ დროს, როცა სადაზვერვო სამსახურების მუშაობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნამდე ბლეიზ მეტრეველი MI6-ის ტექნოლოგიების და ინოვაციების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, მანამდე კი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურში MI5.

მეტრეველი დაზვერვის ოფიცერია და ამ სტრუქტურაში 1999 წლიდან მუშაობს. ბლეიზ მეტრეველის პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი უკავშირდება ოპერატიულ მუშაობას ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში.

მეტრეველს განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბუკის კოლეჯში აქვს მიღებული. ის ანთროპოლოგიას სწავლობდა.

ბლეიზ მეტრეველი დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის უფროსის თანამდებობაზე ოფიციალურად 2025 წლის შემოდგომიდან შეცვლის რიჩარდ მურს, რომელიც MI6-ს 2020 წლიდან ხელმძღვანელობს.

  • MI6-ის მისიაა საზღვარგარეთ ინფორმაციის შეგროვება, მტრული სახელმწიფოებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ტერორიზმთან ბრძოლა.
  • MI6-ის უფროსი, რომელსაც აღნიშნავენ ანბანის ასოთი C, საგარეო დაზვერვის სამსახურის ერთადერთი წარმომადგენელია, რომლის სახელი და გვარი საჯაროა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG