„საქართველოს დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს“ უწოდებენ და „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ აგრესიულ ქმედებად აფასებენ განსხვავებული აზრის ჩასახშობად ე.წ. ქართული FARA- ს ამოქმედებას კაია კალასი და მარტა კოსი - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში.
ვრცელდება მათი ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამეორებულია ევროკავშირის მოწოდება „ქართული ოცნების“ მიმართ, გაითვალისწინოს მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნები და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, აქციების მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი.
„საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონებთან ერთად, ეს განსხვავებული აზრის ჩახშობის, თავისუფლებების შეზღუდვისა და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცის კიდევ უფრო შევიწროების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობასა და მისი მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
წერილში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების საკითხი, თუ ქვეყნის ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად. პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ძალაში შესვლას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა და მას აფასებს როგორც „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯად.
„კანონი არღვევს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, კრიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას აჩუმებს და საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაჰყავს“, - წერს მარგუს ცაჰკნა.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების მთელ რიგს ემატება, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად, - ამ განცხადებას კი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ შვედეთი საქართველოს "მამაც სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის კუთხით მის შთამბეჭდავ მუშაობას მხარს მტკიცედ უჭერს“.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველასთვის გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„საქართველოს მთავრობამ ევროპული მომავლის მიმართ თავისი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების ჩასახშობად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველასთვის გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს“, - წერს ბაიბა ბრაჟე.
31 მაისიდან ძალაში შედის სადავო პარლამენტის მიერ, 1 აპრილს მიღებული კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ე.წ."ქართული FARA", რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ანტიკორუფციული ბიურო.
ეს კანონი, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. წესდება სისხლის სამართლის წესით გასამართლების მექანიზმი - კერძოდ, კანონი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის მოთხოვნას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას.
კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით ან ჯარიმით, იურიდიული პირი - ჯარიმით.
ფორუმი