Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისტორიული მომენტი" - ბუდანოვი ორი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების დეტალებს განმარტავს


კირილ ბუდანოვი ორი რუსული თვითმფრინავის განადგურებას ადასტურებს.
კირილ ბუდანოვი ორი რუსული თვითმფრინავის განადგურებას ადასტურებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს [GUR] ინფორმაციით, ერთ დღეში რუსეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი SU-30 საზღვაო დრონებით [უპილოტო კატერი] გაანადგურეს. The War Zone-თან საუბრისას, გენერალი კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ ეს „ისტორიული მომენტი“ იყო.

უკრაინული მხარის განმარტებით, რუსული ავიაგამანადგურებლები ჩამოაგდეს „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის მართვადი რაკეტებით, რომლებიც გაშვებული იყო Magura-7-ის ტიპის უპილოტო კატერებიდან, AIM-9 Sidewinder-ის ინფრაწითელი დამიზნებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედრო თვითმფრინავები უპილოტო კატერებიდან ნასროლი რაკეტებით ჩამოაგდეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთი რუსული თვითმფრინავის ამსახველი ვიდეომასალა. სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, ბუდანოვის თქმით, მეორე შემთხვევაში ვიდეოჩანაწერი არ არსებობს.

ბუდანოვი განმარტავს, რომ პირველი თვითმფრინავის ეკიპაჟი გადარჩა და შავი ზღვიდან ისინი სამოქალაქო გემმა გამოიყვანა . წინასწარი ინფორმაციით, მეორე თვითმფრინავის ეკიპაჟი დაღუპა.

ასევე კირილ ბუდანოვი განმარტავს, რომ შეტევის განხორციელებისას იყენებდნენ სამ კატერს, აქედან ორი უშუალოდ ესროდა რუსულ თვითმფრინავებს. Magura-7, მისი თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო Magura-5-ის ნაირსახეობაა. უპილოტო კატერებზე AIM-9-ის ტიპის რაკეტების დაყენება უკრაინულმა მხარემ, როგორც იტყობინებიან, იანვრიდან დაიწყო.

მანამდე, 3 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-30 განადგურებულ იქნა ნოვოროსიისკთან ახლოს, სადაც ამჟამად რუსეთის შავი ზღვის ფლოტია ბაზირებული.

GUR-ის ინფორმაციით, ჩამოგდებული თვითმფრინავის ღირებულება თითქმის 50 მილიონი დოლარია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG