ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს. ექიმების თქმით, ვუჩიჩის მდგომარეობა „სტაბილურია და დამაკმაყოფილებელი“, თუმცა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ის ვერ შეძლებს ჩვეულებრივ საქმიანობას დაუბრუნდეს.
სერბეთის მედიის ცნობით, ვუჩიჩმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს უეცრად თავი შეუძლოდ იგრძნო, ექიმებს მიმართა და გამოკვლევის შემდეგ სერბეთში დაბრუნება გადაწყვიტა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა არ შედგა.
სერბეთის თავდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კარდიოლოგის, პროფესორ დრაგან დინჩიჩის თქმით, აშშ-ში ვიზიტის დროს ვუჩიჩს მკვეთრი ტკივილი დაეწყო გულმკერდის არეში. გამოკვლევამ აჩვენა, რომ აწეული ჰქონდა არტერიული წნევა. დინჩიჩმა აღნიშნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში პრეზიდენტს მსგავსი პრობლემები სამჯერ ჰქონდა. ექიმის თქმით, სერბეთში ფრენის დროს ვუჩიჩი თავს კარგად გრძნობდა. უახლოეს მომავალში შესაძლოა დატოვოს საავადმყოფო.
თავად ვუჩიჩს კომენტარი არ გაუკეთებია.
რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტამდე ცნობილი იყო, რომ ვუჩიჩს შეხვედრები უნდა გაემართა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელთან. ასევე იუწყებიან, რომ მან შეუძლოდ გახდომამდე, ფლორიდაში მოასწრო შეხვედრა ნიუ-იორკის ყოფილ მერთან და დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატ რუდოლფ ჯულიანისთან, ასევე რესპუბლიკელ კონგრესმენ კლაუდია ტენისთან და სერბ მეწარმეებთან.
ვუჩიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებმა რუსი ბლოგერების ყურადღებაც მიიპყრო. მანამდე სერბეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ აშშ-ში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრებოდა მოსკოვში, რათა მონაწილეობა მიეღო ნაცისტური გერმანიის დამარცხების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. მოსალოდნელი იყო, რომ იგი 9 მაისს წითელ მოედანზე გამართული აღლუმის ერთ-ერთი სტუმარი იქნებოდა. ვუჩიჩი ამტკიცებდა, რომ „არავითარ გარემოებაში“ არ გააუქმებდა ვიზიტს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინასთან ომის გამო ამას შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
მოსკოვს 9 მაისს ეწვევა, სავარაუდოდ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო - თუ ეს მოხდება, ის იქნება ევროკავშირის ერთადერთი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომელიც რუსეთში ჩავა 9 მაისს.
სლოვაკეთის მედიაში ბოლო დღეებში ვრცელდება ცნობები ფიცოს ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. რამდენიმე დღე არ გამოჩენილა საჯაროდ, გააუქმა ვიზიტი დიდ ბრიტანეთში და არ მიიღო მონაწილეობა 1 მაისის ღონისძიებებში. ფიცოს პარტიის დეპუტატმა იან რიხტერმა შაბათს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ გეგმავს მოსკოვში გამგზავრებას. მისი თქმით, ფიცო „ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგ მდგომარეობაშია“, თუმცა არ დაუსახელებია, რის გამო გაუქმდა წინა ღონისძიებები.
ფორუმი