„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, სოხუმში რეგულარული კომერციული ფრენების დაწყებას".
„ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია“, - აცხადებს ანუარ ელ ანუნი.
ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
1 მაისიდან რუსეთმა რეგულარული სამგზავრო ავიამიმოსვლა დაიწყო მის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - სოხუმში.
სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტი, რომელიც 1950-იან წლებში ააშენეს, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების და აფხაზეთზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლის დაკარგვის შემდეგ, 1993 წელს დაიხურა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სოხუმის აეროპორტის კოდი ანულირებული აქვს.
2023 წელს რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან გააფორმა სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შეთანხმება. 2025 წლის თებერვალში რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში საცდელი ავიარეისი შესრულდა.
მედიაში გამოქვეყნებული, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეისებს, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“.
თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.
ფორუმი