Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავითაშვილი სოხუმში ფრენებზე: საქართველოსთვის მიუღებელია. "პოზიცია მკაფიოდ გამოხატულია საჯაროდაც"


ლევან დავითაშვილი, "ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი
ლევან დავითაშვილი, "ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი

"ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენა და რუსული ავიაკომპანიების მიერ დაგეგმილი ფრენები. დავითაშვილის სიტყვებით, "საქართველო გმობს აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას". მან თქვა, რომ საქართველოს პოზიცია საჯაროა, თუმცა არ უპასუხია შეკითხვაზე, მიმართა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ოფიციალურად, რაიმე ფორმით.

დღეს, 1 მაისს, სოხუმის აეროპორტი პირველ ავიარეისს მიიღებს რუსეთიდან.

"ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და არაერთხელ დაგვიფიქსირებია. საქართველო გმობს აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას და ეს არის არა მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ამას მხარს უჭერს ICAO-ც. ეს არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი და მჭიდრო თანამშრომლობა ICAO-თან და ეს ეწინააღმდეგება ICAO-ს პრინციპებს და ოკუპაციის კანონს, ამაზე სამინისტროს ჰქონდა ყოველთვის მკაფიო პოზიცია, ყოველთვის ჩვენი მხრიდან იყო ღიად დაგმობილი და ჩვენ ამ პოზიციას შევინარჩუნებთ", - თქვა ლევან დავითაშვილმა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ვერ ხდება "სამოქალაქო ავიაციის ჩვენი სააგენტოს მხრიდან, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების შეფასება და შემოწმება ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად და ICAO ამას არ აღიარებს", შესაბამისად "მიუღებელია რამდენიმე სანქცირებული კომპანიის ოპერირებაზე საუბარი".

დავითაშვილმა კითხვაზე, მიმართა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მხარეს სოხუმში ფრენებთან დაკავშირებული პოზიციის გამოსახატად, უპასუხა, რომ არ იცის და დააზუსტებს "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეს გაგზავნილი აქვს თუ არა".

"ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოხატულია საჯაროდაც, ყველა დონეზე და ვფიქრობ, ამაზე სპეკულაცია საჭირო არ არის", - თქვა მან.

რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ განიხილავს საქართველოს ხელისუფლება იმ რუსული ავიაკომპანიების მიმართ საპასუხო ზომების მიღებას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ დაფრინავენ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, უპასუხა, რომ "კომპანიები, რომლებიც არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, საქართველოში ვერ იოპერირებენ".

"აქედან გამომდინარე ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი არის გამოყენებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი [სოხუმში] კონკრეტული სანქცირებული კომპანიები მოახდენენ ოპერირებას, მაგრამ ჩვენ მათზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ გვექნება, ეს არის ობიექტური გარემოება, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ჩვენი მხრიდან არაღიარებული და ასევე არაღირებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან".

დღეიდან, 1 მაისიდან, რუსეთი რეგულარულ სამგზავრო ავიამიმოსვლას იწყებს მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, სოხუმის აეროპორტში, რომელსაც საერთაშორისო კოდი აღარ გააჩნია.

მოსკოვი-სოხუმის პირველ რეისს ვნუკოვოს აეროპორტიდან შეასრულებს ავიაკომპანია UVT aero, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს შორისაა.

ვნუკოვოს აეროპორტის საიტზე გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, თვითმფრინავი სოხუმისკენ მოსკოვის დროით 14:30 საათზე გაემგზავრება, დღესვე რეისს შეასრულებს სოხუმიდანაც და ვნუკოვოს აეროპორტში 23:00 საათზე დაეშვება. რეისს 50-ადგილიანი თვითმფრინავი Bombardier CRJ-200 შეასრულებს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 30 აპრილს განაცხადა, რომ 30 წელზე მეტხნიანი შესვენების შემდეგ, 1 მაისიდან აფხაზეთში ფრენები განახლდება, UVT aero პირველ რეისს 1 მაისს, ხოლო მეორეს 3 მაისს შეასრულებს და ამის შემდეგ კვირაში ერთხელ იფრენს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანახმად, 6 მაისიდან ავიაკომპანია „იკარი“ კვირაში ერთხელ შეასრულებს რეისებს ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმში. ეს რუსული ავიაკომპანიაც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ივნისს „იკარმა“ სოხუმში რეისი შესაძლოა, ქალაქ უფიდანაც შეასრულოს, ხოლო ავიაკომპანია „სევერნი ვეტერმა“ 4 ივნისს - ყაზანიდან.

სამინისტრო არ გამორიცხავდა, რომ 31 მაისიდან მოსკოვიდან სოხუმში ფრენას დაიწყებდა სანქცირებული „აეროფლოტიც“, თუმცა რუსეთის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ ეს უარყო.

სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტი, რომელიც 1950-იან წლებში ააშენეს, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების და აფხაზეთზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლის დაკარგვის შემდეგ, 1993 წელს დაიხურა.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სოხუმის აეროპორტის კოდი ანულირებული აქვს.

2023 წელს რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან გააფორმა სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შეთანხმება. 2025 წლის თებერვალში რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში საცდელი ავიარეისი შესრულდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, რომელიც მედიაში გამოქვეყნდა, სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეისებს, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“.

თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG