თბილისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვალის არეში დაზიანება აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს.
„ერთ ადამიანს, ფაქტობრივად, რამდენიმე ქოცი, სვავი დამესია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა ინციდენტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ერთი ერთზე ვერ ერევიან: „ეგეთი მაგარი ბიჭები ვერ არიან, რა! ათნი მერევიან, ათი და თხუთმეტი და მარტო თუ ვარ და დამესევიან, მაგარი ვაჟკაცი ბიჭები არიან“.
„თვალზე რატომ დამარტყეს, წიხლებით რატო შემდგნენ, ან რა იყო მათი მიზანი? როგორ დავიცავი, როგორ გავბედე და აი, დამლაგებლებს რომ რვა ლარი აქვთ ანაზღაურება, დღეში სამი დოლარი და მონებად ამუშავებენ, ეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში როგორ მოვყევი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. მედიის შეკითხვას, კონკრეტულად რომელი დეპუტატები გაუსწორდნენ ფიზიკურად, ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ „კოლექტიური ივანიშვილ-კალაძეები“.
ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და კულტურის და სარევიზიო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მოხდა.
ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ სულ მცირე სამი წევრი. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი უთანხმოება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან მოითხოვდნენ კორექტულად ლაპარაკს და „სიტყვების შერჩევას“.