Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ფერმერთა მომსახურების ცენტრი მოსავლიანობის გაზრდისთვის


გორის რაიონის სოფლებში ახლა აქტიურად მიმდინარეობს ბაღ-ვენახების შეწამვლა და ბოსტნებში სასუქის შეტანა. თუმცა ზოგიერთი გლეხი - განსაკუთრებით კონფლიქტის ზონის მცხოვრები - ამბობს, რომ ხეხილი მოურწყაობის გამო გახმა და ახლა მის მოვლას აზრი აღარა აქვს. გლეხების ნაწილი კი შხამ-ქიმიკატებისა და სასუქის გაძვირებაზე ჩივის.

ფერმერთა მომსახურების ცენტრ „აგროქართლში“ მუდამ ხალხმრავლობაა. ზოგი შესაწამლ მასალას ყიდულობს, ზოგს კონსულტაცია და სოფლის მეურნეობის სპეციალისტის დახმარება სჭირდება. ცენტრის ხელმძღვანელი ნუკრი ელიკაშვილი კონსულტაციას ტელეფონითაც იძლევა და ცდილობს ფერმერებს მოსავლიანობის გაზრდაში მაქსიმალურად დაეხმაროს. ამ ცენტრის მომსახურებით ძირითადად ფერმერები სარგებლობენ. ახალი ჯიშები და მათი მოვლა, შეწამვლისა და რწყვის აგროვადები - ამ თემების განსახილველად ფერმერები ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ხშირად იკრიბებიან. ეს ოფისი მილენიუმის პროგრამის ფარგლებში დაარსდა, იქ დასაქმებული სპეციალისტები კი არა მარტო თეორიულად, პრექტიკულადაც ეხმარებიან მიწის მფლობელებს - ბაღ-ვენახებში გადიან და, ნიადაგის შესწავლით დაწყებული და მოსავლის დაბინავებით დამთავრებული, ფერმერებს სასარგებლო რჩევებს აძლევენ. ცენტრში გახსნილ მაღაზიაში გერმანული და შვეიცარიული წარმოების წამლები იყიდება. აქვეა მექანიზაციის ცენტრიც და გლეხებს მისი გამოყენებაც შეუძლიათ. ნუკრი ელიკაშვილის თქმით, ფერმერები აქ ცოდნას ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დახმარებით იღებენ.

„აგროქართლის“ სპეციალისტები ამბობენ, რომ ფერმერები მათი დახმარებით მოსავლიანობას წლიდან წლამდე ზრდიან. გარდა ამისა, ეუფლებიან ახალ ტექნოლოგიებს და ახალი ჯიშებისა და ბაღ-ვენახების გაშენების შესახებ სასარგებლო ინფორმაციას იღებენ. ცენტრის სპეციალისტის მანანა მეტრეველის თქმით, სოფლად ახალი განათლების შეტანა აუცილებელია, რადგან გლეხი, რომელიც ჯერ ისევ ტრადიციული მეთოდით უვლის ნაკვეთს, სერიოზულ შედეგზე არ უნდა ფიქრობდეს.

ჩვენს საუბარს ერთ-ერთი ფერმერი, გიორგი თედიაშვილი, შემთხვევით შეესწრო. იგი ცენტრში კონსულტაციის მისაღებად მოვიდა. მისი პრობლემა ის იყო, რომ ვადაგასული შხამ–ქიმიკატი სხვაგან შეიძინა და ახლა ამ შეცდომის გამოსწორება უნდა.

რაც შეეხება შხამ-ქიმიკატების ფასებს და ხარისხს, „აგროქართლში“ ამბობენ, რომ ფერმერები და გლეხები ხშირად ვადაგასული და საეჭვო წარმოების წამლებს ყიდულობენ, რაც ნაკლებად ეფექტურია და თან ბაღების დაზიანებას იწვევს. სპეციალისტების აზრით, ჯობია ფერმერებმა ცოტა მეტი გადაიხადონ და გარკვეული გარანტიაც მიიღონ, რომ მათი მოსავლიანობა რისკის ქვეშ არ დადგება.
XS
SM
MD
LG