Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბრის გასაჭირი - თხილი, მისი ფასი და გამხმარი პლანტაციები


თხილის პლანტაცია
თხილის პლანტაცია

მოკლედ

  • დასავლეთ საქართველოში თხილის პლანტაციებს ახალი, ბოლოდმდე დაუდგენელი ბაქტერიული დაავადება ახმობს
  • ფერმერებს ბრძოლისთვის ჰექტარზე 1300-1500 ლარის აგროჰიმიკატი სჭირდებათ, სახელმწიფოს სუბსიდია ამას არ ჰყოფნის
  • თხილის დაბალი ფასები და მუშახელის ნაკლებობა დამატებით პრობლემებს ქმნის, განსაკუთრებით სექტემბერში, როდესაც ფასები ვარდება

სამეგრელოს, გურიისა და აჭარაში თხილი მასობრივად ხმება. სახელმწიფო საერთაშორისო ექსპერტთან ერთად იკვლევს როგორ გაუმკლავდნენ დაავადების გავრცელებასა და ეკონომიკურ ზიანს.

ივნისამდე ხეს არაფერი ეტყობა, შეიძლება თხილი მოისხას და დამწიფდეს კიდეც, მერე კი უცებ, დაახლოებთ 10 დღეში, ფოთლები სცვივა და ხმება - აი, ამგვარ სურათს აღწერენ ფერმერები სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში.

მას შემდეგ, რაც დასავლეთ საქართველოს ბაღებს ფაროსანამ გადაუარა და დიდი ზარალიც ანახა, თხილს ახალი დაავადება გაუჩნდა. კითხვაზე, რა დაემართა ხეებს დაზუსტებით ახლაც ვერ პასუხობენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებით ექვსთვიანი კვლევა უნდა ჩაატაროს, უკვე დასმული დიაგნოზის გადასამოწმებლად. პირველმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს არის - ბაქტერიული სიდამწვრე - Xanthomonas arboricola, ბაქტერიული კიბო - Pseudomonas avellanae და ბაქტერიული სიდამწვრე Pseudomonas.

„მესამე წელია თხილი მასობრივას ხმება. გურიაში სოფელი არ არის ეს პრობლემა რომ არ ჰქოდნეს. ყველა ამბობს, რომ ხმება პლანტაციები. შეწამლით რა უნდა უშველო, გამორიცხულია შეწამვლა. ალბათ ორ წელიწადში აღარ მექნება თხილი“, - ამბობს ფერმერი ლიხაურიდან - „ფასი 2 ლარია. გაუბედურებულია ფაქტობრივად გურია“.

ზუგდიდის რაიონის, სოფელი შამგონაში კი ჩივიან, რომ თხილის შეგროვება დაგვიანდა - შემგროვებლები თხილის მოსაკრეფად თურქეთში, საბერძნეთში და კიდეც სხვა ქვეყნებში წავიდნენ. იქ უკეთ იხდიან. ვინც დარჩა დღეში 80 ლარს ითხოვს.

„ვინც 5-6-ჯერ შეწამლა თხილი, ნორმალური მოსავალი მიიღო. მაგრამ ამდენჯერ შეწამვლას დიდი ფული სჭირდება, რასაც ვაუჩერი არ ჰყოფნის. ფასი წელს 2,5 ლარიდან იწყება, კარგ თხილს 9 ლარადაც იბარებენ“, - ამბობს ადგილობრივი ფერმერი.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს მერაბ ჭითანავას თხილის ბაღები თავადაც აქვს - ლესიჭინეში, ჩხოროწყუს რაიონში. შარშან ამ ბაღის 20 პროცენტი გაუხმა, წელს ერთი მაგდენი და უფრო მეტიც მიყვა. ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში თხილის ნაკვეთების 10 პროცენტი - დაახლოებით 7 ათასი ჰა - ინფიცირებულია და დაავადება სულ უფრო ვრცელდება.

წელს ასოციაციამ სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრთან ერთად კომისია შექმნა, შეისწავლეს საკითხი და დაასკვნეს, რომ ხეებს ფსევდომონას ბაქტერია ახმობს. დაავადებას ხე რომ მოერიოს წელიწადში ოთხჯერ მაინც უნდა შეწამლონ - სამპროცენტიანი სპილენძით.

  • პირველი ორი წამოლობა ფოთოლცვენის შემდეგ უნდა ჩატარდეს, ნოემბერ-დეკემბერში, დანარჩენი ორი - გაზაფხულზე, როდესაც მცენარე ფოთოლს მოისხავს.
  • ხეებს სჭირდებათ ანტიბაქტერიული წამლებიც, ფესვებში უნდა ჩაისხას.
  • მიწის გადახვნა და მცენარის გასხვლა აკრძალულია. ეს პირიქით დაავადებას ავრცელებს.
  • უკვე გამხმარი ხეები უნდა მოიჭრას ან ამოიძირკვოს, და ბაღს უნდა მოშორდეს.

დაავადებასთან გასამკლაბებლად ჰექტარზე 1300-1500 ლარის აგროჰიმიკატი არის საჭირო. ამის ფული შესაძლოა ყველას არა ჰქონდეს, მაგრამ როგორც მერაბ ჭითანავა ამბობს, წლობით ნაზარდი ბაღის გადასარჩენად ერთხელ ან ორჯერ ასეთი ხარჯის გაწევა ღირს. სახელმწიფოსგან ფერმერები, ვისაც 3 ჰა და ნაკლები ნაკვეთი აქვს, ჰექტარზე 500-ლარიან სუფსიდიასაც იღებენ - ფაროსანასთან საბრძოლველად. თუმცა ვაუჩერს ყველა არ იყენებს.

„წარმოიდგინეთ, სადაც ფერმერი 500-ლარიან ვაუჩერს არ იყენებს, იქ თავის ხარჯს გასწევს? ვამზადებთ შუამდგომლობას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომ სექტორს შეეწიონ. ვეცდებით, კიდევ ერთხელ დავეხმაროთ სექტორსაც და ჩვენს თავსაც. იქნებ, როგორმე გამოვძვრეთ“, - ამბობს მერაბ ჭითანავა.

სექტემბრის გასაჭირი

აქტივისტი და გარემოს დამცველი ირმა გორდელაძე ამბობს, რომ გურიაში ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება, სექტემბრისთვის თხილის ჩამბარებელი პუნქტები პროდუქტზე ფასს აგდებენ. თუ აგვისტოში თხილს 4 ლარად იბარებდნენ, სექტემბერში 2 ლარზე მეტს აღარ იძლევიან, იციან, ხალხი ამ პირობასაც დათახმდება.

ირმა გორდელაძე
ირმა გორდელაძე

„ვისაც აქვს საშუალება, ინახავს და გვიან ჰყიდის, 7-8 ლარად, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა აგვისტო-სექტემბერს თხილზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით სექტემბერში, როდესაც სკოლისთვის ემზადებიან. გურიაში ისედაც 1-1.5 ლარით ნაკლებად იბარებენ თხილს, ვიდრე აჭარაში და სამეგრელოში“, - ამბობს ირმა გორდელაძე.

ჩასაბარებელი თხილის ფასს უკვე გატეხილი თხილი განსაზღვრავს. წელს ბაზარზე გატეხილი თხილის ფასი მაღალია - კილო 20 ლარი, შესაბამისად გასატეხიც ძვირად უნდა ჩაიბარონ.

ჩაბარებამდე ადგენენ თხილის გამოსავლიანობას ანუ რამდენი გრამი საღი თხილი დარჩება ერთი კილოგრამი გაუტეხავი თხილიდან. თუ 40 პრიცენტი და მეტი დარჩა, ეს კარგ გამოსავლიანობად ითვლება. მერაბ ჭითანავა ამბობს, რომ თუ ფერმერმა თხილი სამჯერ მაინც შეწამლა გამოსავლიანობა 40-43 პროცენტი ექნება და თხილსაც კარგ ფასად, მაგალითად, 8 ლარად ჩააბარებს.

მაგრამ ირმა გორდელაძე ჰყვება, რომ გურიაში ჩასაბარებელ პუნქტებში თხილის გულს არც ამოწმებენ, პირდაპირ იბარებენ 2 ლარად, და ვისაც სხვა გზა არა აქვს, ამასაც სთანხმდება.

თხილის ბაზარი ზუგდიდი
თხილის ბაზარი ზუგდიდი

„ნუ გაყიდიან! ყველა რეგიონში არის აგროკონსულტანტი, ყველა რეგიონში არის საშრობი, მაგრამ მაინც ქუჩაში აბარებენ და მერე ჩივიან. თუმცა, ჩვენი გამოცდილებით, სულელი მაინც არავინ არის. 2 ლარად მხოლოდ შეუწამლავ, დამპალ თხილს აბარებენ“, - ამბობს მერაბ ჭითანავა.

რამდენად მომგენია თხილის მოვლა ახლა, როდესაც ფაროსანას ახალი დაავადებები დაემატა. მერაბ სიჭინავა აჩვენებს, თუ რა არის ფერმერის დანარხაჯი და რა მოგება.

„ერთი ჰექტარი ბაღის მოსავლელად 3-4 ადამიანმა 35-40 დღე უნდა იმუშაოს. თუ თხილის ბაღს ყველაფერს ჩაუტარებს - სასუქს დაუყრის, კირს გაუკეთებს, შეწამლავს, 1200 ლარამდე დახარჯავს. ჰექტარზე ფერმერს საშუალოდ 3-3.5 ტონა მოჰყავს, მაგრამ თუნდაც 2.5 ტონა მოიყვანოს, კილო რვა ლარად თუ გაყიდა 20 ათასი ლარის მოსავალს მიიღებს“, - ანგარიშობს მერაბ ჭითანავა.

ამჯერად თხილის დაავადების დიაგნოზის გადასამოწმებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საერთაშორისო ექსპერტი ჩართო. ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი ამ საკითხს ექვსი თვის განმავლობაში გამოიკვლევს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG