Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ, რისთვის და როგორ დაისაჯა? პარტიული ოფისებისა და საარჩევნო მასალების დაზიანების ისტორია მოკლედ


მეგი დიასამიძე თბილისში გაკეთებული წარწერისთვის ლანჩხუთთან დაკავეს იმ დროს, როცა ის თბილისიდან ბათუმისკენ სამარშუტო ტაქსით მგზავრობდა
მეგი დიასამიძე თბილისში გაკეთებული წარწერისთვის ლანჩხუთთან დაკავეს იმ დროს, როცა ის თბილისიდან ბათუმისკენ სამარშუტო ტაქსით მგზავრობდა

მოკლედ

  • მეგი დიასამიძეს კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე "რუსული ოცნების" მიწერისთვის 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა სააგიტაციო მასალის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.
  • წარსულში ოპოზიციური პარტიების ოფისებზე მრავალჯერ განხორციელებულ თავდასხმებზე ხშირად გამოძიება ფორმალურადაც არ დაინტერესებულა, ხოლო სამართალდამრღვევები დაუსჯელები დარჩნენ.
  • საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სააგიტაციო მასალის დაზიანება 1000 ლარით ისჯება, თუმცა სამართლებრივი რეაგირება შერჩევით ხასიათს ატარებს.

23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძის დაკავებამ, კალაძის საარჩევნო შტაბზე გაკეთებული წარწერის გამო, ბევრს გაახსენა წინა წლებში პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივისტების დარბეული ოფისები და მათი სახლების სადარბაზოების კედლებსა თუ მანქანებზე დატოვებული უხამსი ან შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

არც ერთ ამ შემთხვევაზე არც სისხლის სამართლის წესით დასჯის შესახებ ინფორმაცია, და ხშირად, არც გამოვლენილი სამართალდამრღვევი იძებნება.

მეგი დიასამიძეს კახა კალაძის "საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის", შსს-ს მიერ მისი დაკავების დღეს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება. საარჩევნო სააგიტაციო მასალების დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, მაგრამ თუკი დიასამიძეს სხვისი ნივთის დაზიანებაში ცნობენ დამნაშავედ, შესაძლოა მას 5 წლამდე პატიმრობაც კი მიუსაჯონ.

10 სექტემბერს, წინა დღეს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის მერის საარჩევნო შტაბის კედლებზე მისი ბანერი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თეთრი საღებავით დაფარეს და ზედ შავი საღებავით წააწერეს "რუსული ოცნება". წარწერა თბილისის დასუფთავების სამსახურმა სამ წუთში წაშალა.

სანამ პროკურატურა ოფიციალურად წაუყენებს ბრალს ახალგაზრდა ქალს და სანამ მეგი დიასამიძის საქმის განხილვას სასამართლო დაიწყებს, ვიხსენებთ წინა წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრების შენობებსა და საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმის გახმაურებულ ფაქტებს.

"აქ ცხოვრობს აგენტი" - 2024 წლის გაზაფხული

2024 წლის მაისში საქართველოს მასშტაბით 6 პარტიის, ორი მედიის და ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის ფასადზე გამოჩნდა ფერადი საღებავებით დაწერილი უცენზურო და შეურაცხყმოფელი სიტყვები. ესაა დრო, როცა საქართველოს პარლამენტში მეორედ განიხილება ერთხელ, სახალხო მღელვარების გამო, უკვე გაწვეული “აგენტების კანონი”, თბილისის ქუჩებში კი ამ კანონის წინააღმდეგ კვლავ გამოსვლები იმართება.

წარწერები, რომელიც „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტებს სახლებსა და სადარბაზოებში ხვდებოდათ
წარწერები, რომელიც „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტებს სახლებსა და სადარბაზოებში ხვდებოდათ

მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები და პროსახელისუფლებო მედია ამტკიცებდა, რომ ოფისებსა თუ საცხოვრებელი სახლების შენობებზე და სადარბაზოებში გაკეთებული წარწერები: აგენტი, მონა, ქვეყნის გამყიდველი, ღორი და ა.შ. იყო აღშფოთებული მოქალაქეების პასუხი სამშობლოს მოღალატეებისთვის. ის პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივისტები კი, ვინც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ თარგზე მოჭრილი კანონის წინააღმდეგობის გამო, ამ "აღშფოთების" კამპანიის სამიზნეები გახდნენ, სრულიად დარწმუნებულები იყვნენ რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ მართული პროცესი - ოპონენტების და აქტიური მოქალაქეების დაშინებისა და დისკრედიტაციის, არც თუ ისე წარმატებული მცდელობა.

ამ ამბავში მათთვის საგულისხმო იყო პოლიციის უმოქმედობაც - ოფისების დაზიანების ფაქტებით გამოძიება ხშირად ფორმალურადაც კი არ დაინტერესდა, საპატრულო პოლიცია ზოგჯერ გამოძახებაზეც კი არ მივიდა.

თავდასხმები ენმ-ს ოფისებზე

პარტიის ოფისების დარბევიდან ერთ-ერთი ყველაზე "შთაბმბეჭდავი" 2024 წლის 1 ივნისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ოფისზე თავდასხმაა:

“50 ნიღბიანი, შუბებით შეიარაღებული მომივარდნენ ოფისში, სადაც 15 წლის შვილთან ერთად ვიყავი და თავი, რომ არ დაგვეცვა, ალბათ გადაგვწვავდნენ!!! ერთი ადამიანი არაა დაკავებული!!!” - იხსენებს პარტიის იმდროინდელი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ამ დღეს დაზიანდა შენობის ფასადი, შუშები და პარტიის ინვენტარი. გამოძიება შემთხვევაზე იგივე მუხლით დაიწყო, რომლითაც ახლა შსს კალაძის შტაბის ბანერის დაზიანებებას იძიებს. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამ თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ხელკეტებითა და ქვებით შეირაღებულ ხალხს, როცა ისინი ენმ-ს ოფისის ტერიტორიას ტოვებენ, ხედავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ენმ-ს ოფისებზე თავდასხმას ზოგადად ხანგრძლივი და ვრცელი ისტორია აქვს. აქ მხოლოდ რამდენიმეს ვიხსენებთ:

  • 2020 წლის ნოემბერში რამდენიმე ადამიანმა ენმ-ს მაშინდელი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისი დაწვა გლდანში - ამ შემთხვევის შემდეგ ჩალეწილი იყო ოფისის შუშები, დამწვარი იყო ავეჯი. ხანძარი ოფისში სავარაუდოდ შენობაში შეგდებულმა “მოლოტოვის კოქტეილებმა” გამოიწვია.
მელიას შტაბი დაწვის შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმესაც სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იძიებდა, ანუ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე.
მელიას შტაბი დაწვის შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმესაც სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იძიებდა, ანუ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე.
  • 2020 წლის ნოემბერშივე ბათუმის ოფისს ესროლეს ქვები. ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს ქვები 2021 წელსაც ესროლეს.
გამოძიება ბათუმის ოფისებზე თავდამსხმის ფაქტებზეც სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იყო დაწყებული, თუმცა პოლიციას ამ გამოძიებების ფარგლებში არავინ დაუკავებია.
გამოძიება ბათუმის ოფისებზე თავდამსხმის ფაქტებზეც სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იყო დაწყებული, თუმცა პოლიციას ამ გამოძიებების ფარგლებში არავინ დაუკავებია.
  • 2021 წლის 17 მარტს თბილისში ენმ-ს ცენტრალურ ოფისის ფასადზე გამოკიდებულ მელიას ბანერს კახეთის გზატკეცილზე იარაღიდან ესროლეს; ეს შემთხვევა საყურადღებოა იმის გამო, რომ პოლიციამ ეჭვმიტანილი მეორე დღესვე დააკავა.ამ საქმესაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ჰქონდა და ბრალდებული სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
მელიას ბანერი ენმ-ს ცენტრალურ ოფისზე
მელიას ბანერი ენმ-ს ცენტრალურ ოფისზე
  • 2021 წლის 3 მარტს გორში 4 ადამიანი დააკავეს ენმ-ს ოფისზე თავდასხმის გამო - პროკურატურა მათ პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას.
  • 2022 წელს ენმ-ს თელავის ოფისის ფასადზე წარწერა "русскии карабль иди ** ***" 4 მარტს, დილით დატოვეს.
  • 2024 წლის ივნისში დაარბიეს ენმ-ს ფოთის ოფისი - ამ დროს პარტიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანდა სავარაუდოდ ქვებით ჩალეწილი ფანჯრები.
ფოტში დაზიანებულო ოფისის ფასადი
ფოტში დაზიანებულო ოფისის ფასადი
  • 2024 წლის ოქტომბერში დაარბიეს ენმ-ს ვარკეთილის ოფისიც - აქედან გავრცელებულ კადრებში ჩანდა წითელი საღებავები შენობის ფასადზე და ინტერიერში.


  • 2024 წლის დეკემბერს, ღამით გორში ენმ-ს ოფისთან მიდის ადამიანი ნიღბით, რომელიც ცეცხლს უკიდებს ასაფეთქებელ ნივთიერებას, აფეთქებას კი მობილური ტელეფონით იღებს. ეს გორის ოფისზე თავდასხმის მე-13 შემთხვევა იყო. გორში ენმ-ს ოფისს პირველად 2016 წლის 12 აგვისტოს დაესხა თავს ადგილობრივი ბიზნესმენი, რომელმაც ოფისის ყველა შუშა ჩაამტვრია.
სათვალთვალო კამერის კადრი 2021 წლის მარტის თავდასხმიდან
სათვალთვალო კამერის კადრი 2021 წლის მარტის თავდასხმიდან


ოფისზე თავდასხმა - სისხლის სამართლის დანაშაული თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა?

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი. ოფისის შუშაზე გაკრულ ჩემ ბანერს ღამით ვიღაცამ აგური ესროლა (!) და დააზიანა. პოლიციამ დაიწყო არა სისხლის, არამედ ადმინისტრაციული წარმოება. სამართალდამრღვევს არ შეეფარდა არც ჯარიმა და არც ადმ. პატიმრობა, მას უბრალოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. დღეს მოქალაქე საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის დაუკავებიათ და სისხლის სამართლის საქმეს უკერავენ. სამართალი არ შეიძლება იყოს შერჩევითი” - ასე გამოეხმაურა ახლა უკვე პარტია ფედერალისტების წევრი, ყოფილი დეპუტატი ოთო კახიძე მეგი დიასამიძის დაკავებას 10 სექტემბერს. პოლიციამ 2020 წელს ევროპული საქართველოს ოფისზე თავდამსხმელი შენობაზე დამაგრებული კამერის ჩანაწერებით იპოვეს.

ადმინისტრაციული წესით დააკავეს ქუთაისში 2015 წელსაც ენმ-ს რეგიონულ ოფისზე თავდამსხმელი ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძეც - მაშინ ოფისისთვის კვერცხებისა და ცოცხების დაშენის ფაქტს იმ ხალხის მხრიდან, რომლებიც ოფისში შეჭრას ლამობდნენ და ენმ-ს ლიკვიდაციას ითხოვდნენ, შსს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას ედავებოდა. ლორთქიფანიძე მალევე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გახდა ქართული ოცნების სახელით.

ქუთაისში 2019 წელსაც აგრძელებდნენ ენმ-ს ოფისებისთვის კვერცხებისა და ცოცხების სროლას და კედლებზე უცენზურო წარწერების დატოვებას. შემდეგ წლებში ამგვარი ქმედებებისთვის ამ ქალაქში აღარავინ დაუკავებიათ.

ქუთაისში, „ ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან „ქართული ოცნების“ წევრები იმყოფებიან
ქუთაისში, „ ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან „ქართული ოცნების“ წევრები იმყოფებიან

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს არა სისხლის სამართლის, არამედ საარჩევნო კოდექსი და ამ კოდექსის მიხედვით სააგიტაციო მასალის დაზიანება, პლაკატის, დროშის ან ნებისმიერი სხვა რაიმესი, რაზეც საარჩევნო სუბიექტია გამოსახული, 1000 ლარით ისჯება.


წინა წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ პარტიების ოფისებზე თავდასხმა ზოგჯერ გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სააგიტაციო მასალის ან შენობის და სხვისი ნივთის დაზიანება. ზოგიერთ თავდასხმას ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორებაც მოყოლია.

ასე მოხდა მაგალითად 2025 წლის 7 დეკემბერს თბილისში, როცა ბესიკის ქუჩაზე კოალიცია “ცვლილებებისთვის” ოფისში ათობით შავებში ჩაცმული თავდამსხმელი შეიჭრა - მათ სცემეს კობა ხაბაზს და ოფისში მყოფ რამდენიმე სხვა ადამიანსაც. გამოძიებას ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არ ჰყავს ნაპოვნი.

პოსტერზე წარწერის გაკეთება - დანაშაული თუ გამოხატვის თავისუფლება?

მეგი დიასამიძე სავარაუდოდ კახა კალაძის ბანერზე “რუსული ოცნების” წარწერისთვის დააკავეს. ეს წარწერა იმავე დღეს სამ წუთში წაშალეს. ქართული ოცნებას "რუსულ ოცნებად" და სხვა, მსგავსი, ეპითეტებით თბილისის ქუჩებში, არაერთ ადგილას დატოვებულ წარწერაში იხსენიებენ. ქუჩის ეს ტექსტები ანონიმ ავტორებს ეკუთვნის.


ფორუმი

XS
SM
MD
LG