Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში არჩევნების დღე ახლოვდება - 26ს დეკემბერს განმეორებით ტარდება საპრეზიდენტო


უკრაინაში არჩევნების დღე ახლოვდება - 26ს დეკემბერს განმეორებით ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვიქტორ იუშჩენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩის მონაწილეობით.

და მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ დასავლეთ უკრაინაში უმეტესწილად ოპოზიციონერ იუშჩენკოს ემხრობიან, მაშინ როცა აღმოსავლეთში იანუკოვიჩის მხარდაჭერა ჭარბობს. რატომ არის ასე? რატომ გადის პოლიტიკურ სიმპათიებს შორის საზღვარი უკრაინის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის? ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა კოლეგამ ვალენტინას მიტემ ისტორიულ ნაშრომებს გადახედა, ექსპერტებს დაურეკა, რათა გარკვეულიყო უკრაინის “ორსახოვნების” მიზეზებში. მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას მარიამ ჭიაურელი გაგაცნობთ.

მარიამ: ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისს უკრაინაში დიდწილად განაპირობებს ისტორია და გეოგრაფია.
უკრაინის დასავლეთი რეგიონები პოლონეთს, თუ ავტრია-უნგრეთის იმპერიას ეკუთვნოდა, მაშინ როცა აღმოსავლეთი და სამხრეთი - რუსეთს ექვემდებარებოდა. ასე იყო საუკუნეების მანძილზე, ვიდრე (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ) დაწესდებოდა საზღვრები, უკრაინას დღეს რომ აქვს.
ზოგადად, ცნობილია, რომ დასავლელ უკრაინელებში ეროვნული თვითშეგნება მკვეთრად არის გამოკვეთილი, რომ ამ ადამიანების სალაპარაკო ენა უკრაინულია, მაშინ როცა აღმოსავლეთში, უკრაინის სამრეწველო ცენტრში უმეტესწილად რუსულს ამჯობინებენ, და არც სხვაგვარად მალავენ დიდი აღმოსავლელი მეზობლისადმი სიმპათიას.

“უკრაინა, თავისი ამჟამინდელი საზღვრებით, არსებობს 1945ი წლიდან, როცა მას ზაკარპატიე მიუერთეს. და მართალია, ამ 50ი, 60ი წლის მანძილზე გარკვეული სხვაობის წაშლა მოხერხდა, მაგრამ სხვაობა მაინც რჩება”, ამბობს კიევში განთავსებული კვლევითი ინსტიტუტის, როზუმკოვის ცენტრის თანამშრომელი ოლექსანდრ ლიტვინენკო და დასძენს, რომ საბჭოთა პერიოდში ხელს უწყობდნენ ერთმანეთისადმი ორი რეგიონის ეჭვნარევი დამოკიდებულების შენარჩუნებას. ზოგადად, საბჭოთა ხელმძღვანელობა დიდად არ ენდობოდა დასავლეთუკრაინელებს, რომელთაგან ბევრი იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ, წინააღმდეგობის მოძრაობაში. ეს უნდობლობა, დღემდე ბევრ აღმოსავლეთუკრაინელსაც შემორჩა.
თუმცა, საყურადღებოა, რომ 1991ი წლის რეფერენდუმში, ამომრჩევლების უმეტესობა, აღმოსავლეთშიც კი - უკრაინის დამოუკიდებლობას მიემხრო. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთში ზოგი ლიდერი იმუქრებოდა რეფერენდუმით კიევისაგან ფართო ავტონომიის საკითხზე, პრეზიდენტობის კანდიდატმა იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ, კვირის არჩევნების შედეგისაგან დამოუკიდებლად, დაიცავს ქვეყნის მთლიანობას.
და მაინც, რამდენად რეალურია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საფრთხე?
დონეცკელი მაღაროელი ვოლოდიმირი გამოთქვამს მოსაზრებას, რომელსაც ბევრი იზიარებს მის გარშემო - რომ აღმოსავლეთი უკრიანა გაიფურჩქნებოდა, შემოსავალს ეკონომიკურად სუსტ რეგიონებს, დასავლეთს რომ არ უნაწილებდეს. ამიტომ ემხრობა ვოლოდიმირი ავტონომიას:

აქ უნდა ითქვას, რომ ვოლოდიმირისა და მისი თანამოაზრეების შეხედულება - რომ აღმოსავლეთი ასე ვთქვათ, აცხოვრებს დასავლეთს - სადავოა. ზოგი ამბობს, რომ დონეცკი, სინამდვილეში მეტ დახმარებას იღებს კიევისაგან, ვიდრე გადასახადების სახით შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში.
როგორც უნდა იყოს, აღნიშნავს კიეველი ექსპერტი ლიტვინენკო, დღევანდელ მდგომარეობაში მყოფ რუსეთთან კავშირში შესვლა არავის იზიდავს. არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში. მაგრამ, აი საბჭოთა ნოსტალგია, აღმოსავლეთში ძალას არ კარგავს. ნს122241
“შენარჩუნებულია საბჭოური მენტალიტეტი. პარადოქსია, მაგრამ პრორუსული განწყობა ეფუძნება არა სიმპათიას რუსეთისადმი, რომელიც ისეთივე “კაპიტალისტური და ბურუაზიულია”, როგორც უკრაინა, არამედ ნოსტალგიას საბჭოთა კავშირის მიმართ”.
მიზეზი ის არის, განმარტავს ლიტვინენკო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, ყოფილ საბჭოთა სამრეწველო ცენტრებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონში, მშრომელები პრივილეგიებით სარგებლობდნენ: მეტი შემოსავალი ჰქონდათ, პროლეტარიატის ავანგარდად იყვნენ აღიარებული.
მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს უკრაინაში დემოკრატიულ ღირებულებებზე ლაპარაკი ისმის და არაერთი ექსპერტი, მათ შორის ოლექსანდრ ლიტვინენკო, ფიქრობს: წარსულში ტერიტორიული დაქუცმაცების, ამჟამინდელი პოლიტიკური განხეთქილების მიუხედავად უკრაინელებს ისღა დარჩენიათ, თვალი გაუსწრონ მომავალს, საერთო მომავალს. მასზე წარმოდგენას 26ი დეკემბრის არჩევნები შეგვიქმნის.
XS
SM
MD
LG