Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამედროვე მეკობრეები


დღეს გიამბობთ ადამიანებზე, რომელთაც, შესაძლოა, ზოგი მსმენელის თვალში, ბავშვობაში წაკითხული სათვაგადასავლო ლიტერატურიდან, რომანტიკული შარავანდედი ჰქონდეთ შემორჩენილი.

მაგრამ, სინამდვილეში მეკობრეების “მოღვაწეობა” - საუბარი კი მეკობრეებზე გვექნება - რომანტიკულობით არ გამოირჩევა. თუნდაც იმის გამო, რომ მათს ანძაზე თავის ქალისა და ძვლების გამოსახულებით შემკული შავი დროშა აღარ ფრიალებს და არც თვით მეკობრეების გარეგნობა ადასტურებს კლიშეს ცალთვალა და ცალფეხა, დამბაჩიან ყაჩაღებზე. მაგრმ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს მეკობრეები აღარ არსებობდნენ: ისინი არათუ არსებობენ, სულ უფრო თამამად მოქმედებენ და, შესაბამისად, სულ უფრო მეტ თავსატეხს უჩენენ საერთაშორისო ნაოსნობას.

ერთი მაგალითი. ტანკერი სახელწოდებით “შერი 201”, დატვირთული საქონლით, რომელიც ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, ბელავანონის პორტში უნდა ჩაეტანა, ჩვეულ რეისს ასრულებდა, როცა მას უცებ ძლიერი ძრავით აღჭურვილი კატარღა მიუახლოვდა და ტანკერის ბორტი თვალის დახამხამებაში დაიკავა რამდენიმე შეიარაღებულმა ადამიანმა: როგორც გაირკვა - მეკობრეებმა. მათ 13 მეზღვაური შეიპყრეს, ტანკერის კაპიტანი კი ხმელეთზე მიავლინეს ტანკერის მფლობელებისათვის თავიანთი მოთხოვნის შესატყობინებლად. ეს მოთხოვნა გამოსასყიდი იყო: 50 000 დოლარი.

მხარეები ნაკლებ თანხაზე გარიგდნენ, მაგრამ მომდევნო ხუთ კვირაში, რახან ფულს არავინ იხდიდა, მემაბოხეებმა 4 მძევალი გამოასალმეს სიცოცხლეს. დარჩენილმა 9-მ წყალში გადახტომა და სამშვიდობოს გასვლა მოახერხა.
ყოველივე ეს წელს იანვარში მოხდა და წელს მეკობრეების მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულად ითვლება, მაგრამ არა ერთადერთ დანაშაულად.

მალაიზიაში დაფუძნებული “ნაოსნობის საერთაშორისო საბჭოს” ინფორმაციით, რომელიც ბოლოხანს გავრცელდა, 2004 წლის პირველ ნახევარში მეკობრეობის 182 შემთხვევა აღირიცხა. წარმოიგდინეთ, რომ ეს ნაკლებია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. 2003-ში, წლის პირველ ნახევარში, მეკობრეებმა 234 თავდასხმა მოაწყეს. თითქოს სახეზეა დადებითი- მეკობრეობის შემცირების - ტენდენცია, მაგრამ ნაოსნობის საერთაშორისო საბჭოს წევრები კმაყოფილების მიზეზს ვერ ხედავენ: ჯერ ერთი, ორგანიზაციის დაარსების შემდეგ, ანუ ბოლო 12 წლის მანძილზე, შარშან და წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აღირიცხა; და მეორე - იმატა სისასტიკემ. წელს 6 თვის მანძილზე მეკობრეებმა 30 ადამიანი მოკლეს, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში.
[აბჰიანკარის ხმა] “იმატა სისასტიკემ და ძნელია, განსაზღვრო, როგორია ტენდენცია, იკლო თუ არა თავდასხმების რიცხვმა. ერთხელ მოხდა ისე, რომ თავდასხმების შემცირება დავადგინეთ, მაგრამ წლის მეორე ნახევარში მათი რიცხვი ისევ ზემოთ ავარდა”.

ამბობს ნაოსნობის საერთაშორისო საბჭოს დირექტორის მოადგილე ჯაიანტ აბჰიანკარი. ეს ორგანიზაცია 1992 წელს დაარსდა ვაჭრობის საერთაშორისო პალატის ხელშეწყობით და იმ მიზნით, რომ მეკობრეობას თვალი ადევნონ, მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ, აღრიცხვა აწარმოონ, მას ხელი შეუშალონ. ჯაიანტ აბჰაკარი განმარტავს, რა არის მეკობრეობა: [აბჰიანკარის ხმა] “ეს არის, უბრალოდ, მოქმედება, როცა ადიხარ გემის ბორტზე განზრახვით, ჩაიდინო დანაშაული ან ხელი შეუწყო დანაშაულებრივ აქტს”.

და კიდევ ერთი განმარტება: რომელი დანაშაულებია მეკობრეებში ყველაზე მეტად გავრცელებული: [აბჰიანკარის ხმა] “შემთხვევების 95 პროცენტი ეს არის გემის ეკიპაჟის გაძარცვა: პირადი ნივთების, ფულის წართმევა, რის შემდეგაც მეკობრეები ცდილობენ, რაც შეიძლება, სწრაფად მიიმალონ. დანარჩენი შემთხვევებია გემის ტვირთის წაღება, ან, ზოგჯერ, თვით გემის გატაცება. მაგრამ ეს გაცილებით უფრო იშვიათად ხდება”.
სუმატრისაკენ მიმავალი გემი წეღან შემთხვევით არ გვიხსენებია: მეკობრეების აქტიურობით, თურმე, სწორედ ინდონეზიის სანაპიროები გამოირჩევა, ისევე როგორც ნიგერიის სანაპიროები. მსმენელს, ალბათ, ახსოვს, რა დრამატული თავგადასავალი გამოიარეს ქართველმა მეზღვაურებმა, რომლებიც აფრიკის ნაპირებთან ხელში ჩაუვარდნენ მეკობრეებს და ტყვეობაში, ვიდრე 2003 წელს თავის დახსნას მოახერხებდნენ, 6 თვე დაჰყვეს.

ახლა შიშობენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, კიდევ უფრო დრამატულად განვითარდეს. არსებობს საფრთხე, რომ, თუნდაც მალაკის სრუტე - იქ, სადაც თავს დაესხნენ ზემოხსენებულ ხომალდს და სადაც ყოველ დღე ასობით გემი გადის (ბევრი - დატვირთული ფეთქებადსაშიში ნივთიერებებით) - ტერორისტების ყურადღებას მიიპყრობს. არსებობს საფრთხე, რომ გემებს გამოიყენებენ მძლავრ ბომბებად, რომელთა სამიზნე სრუტის გასწვრივ მდებარე პორტები გახდება.
XS
SM
MD
LG