Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხური უმცირესობა ერაყში


როცა საუბარი ერაყზეა, უმრავლეს შემთხვევაში ვსაუბრობთ ძალადობის აქტებზე, რომელთა შესახებ ცნობები ლამის ყოველ დღე ვრცელდება, ან პოლიტიკურ ამოცანებზე,

რომელთა წინაშე ერაყის დროებითი მთავრობა თუ მათი მოკავშირე უცხოელები დგანან. მაგრამ დღეს სხვა თემას გთავაზობთ: გიამბობთ, როგორ უმკლავდება პრობლემებს ომისშემდგომ ერაყში ერთი ეროვნული უმცირესობა - სომეხთა თემი. ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ვალენტინას მიტე ბაღდადის სომხურ ეკლესიაში მივიდა.

[ღვთისმსახურების ხმა] სომხურ ეკლესიას, რომელიც ბაღდადის ალ-ჯადირიას რაიონშია აღმართული, ჩვენი კორესპონდენტი გასულ კვირაში, პარასკევს დილას ესტუმრა. ეკლესია სავსე იყო მლოცველებით. ღვთისმსახურების შემდეგ კი ჩვენი კოლეგა მღვდელს, ნარეგ იშხანიანს გამოელაპარაკა: [იშხანიანის ხმა] “20 000-ზე მეტი სომეხი ვართ: ქალაქ ზახუდან (ის თურქეთ-ერაყის საზღვარზე მდებარეობს) ბასრამდე. ზახუში, მოსულში, ბაღდადში, ბასრასა და ქირქუქში - ყველგან მღვდლები გვყავს. სომხების უმრავლესობა კი - 10-დან 12 000-მდე კაცი - ბაღდადში ვცხოვრობთ”.

სომხებმა მრავალი საუკუნის წინ დაიწყეს ერაყში დასახლება - ჯერ ირანიდან ჩადიოდნენ, მათი უდიდესი ტალღა კი ერაყს მეოცე საუკუნის დასაწყისში მიაწყდა, როცა ეთნიკური სომხები თურქეთიდან ხოცვა-ჟლეტას გაექცნენ.

დღეს ერაყის მკვიდრი სომხები უმეტესწილად ვაჭრები, ექიმები, ინჟინრები არიან, ოქრომჭედლის ხელობასაც მისდევენ. პოლიტიკაში არ ერევიან: “ ცოტანი ვართ და ჯობს, ყველაფერს დავყაბულდეთო”, ასე განმარტავს ერაყში სომხების აპოლიტიკურობის მიზეზს მღვდელი ნარეგ იშხანიანი. მისივე თქმით, რელიგიურ ჩაგვრას სომხები არ განიცდიან, მაგრამ, ზოგადად, ჩაგვრა მათთვის უცნობი არ იყო სადამ ჰუსეინისი რეჟიმის წლებში- თუმცა ეს ყველა ერაყელს ეხებოდაო, დასძენს ჩვენი კორეპსონდენტის სომეხი თანამოსაუბრე. მასვე შემდეგი მაგალითი მოჰყავს: ამ ოცი წლის წინ კარაბედ აგუჰ გიდიგიანი ბაღდადელ დიდვაჭრებს შორის ერთ-ერთ უმდიდრესად იყო მიჩნეული. მისი ფირმა სამშენებლო მასალის, პლასტმასის, ტანისამოსის იმპორტს ეწეოდა. 1992 წელს, როცა სადამ ჰუსეინის რეჟიმს სპარსეთის ყურის პირველი ომის შემდეგ ფული გაუთავდა, გიდიგიანს მოსთხოვეს უცხოური საბანკო ანგარიშებიდან მთელი ფულის მოხსნა და მთავრობისათვის ჩაბარება. გიდიგიანი უარზე დადგა - მაშინ ის აწამეს, მის კომპანიას კი კუთვნილი ქონების უდიდესი ნაწილი ჩამოართვეს.

პატარა სათვისტომოსთვის ერთი მდიდრის გაღატაკებაც დიდი დარტყმააო, ჩივიან ერაყელი სომხები. ახლა ისინი, ომის შემდეგ უშიშროების მხრივ სიტუაციის გაუარესების გამო, ვერც თავიანთ კლუბებში იკრიბებიან სომხური სიმღერების სამღერად, საცეკვაოდ, პიესების დასადგმელად. აი, სომხური ენის სწავლება კი არასოდეს შეწყვეტილა - მღვდელი ნარეგ იშხანიანი ამბობს, რომ ერაყში ყოველ სომეხ ბავშვს ასწავლიან წინაპართა ენას.
[იშხანიანის ხმა] “სომხეთთან კარგი კონტაქტები გვაქვს. სომხეთს ბაღდადში საელჩო ჰქონდა, მაგრამ დიპლომატები იქიდან 2003 წლის მარტში გაემგზავრნენ. დღემდე არ დაბრუნებულან. საელჩოს შენობა სომხური ეკლესიის კუთნვილებაა. ის ერევანს უფასოდ მივეცით”.

იშხანიანს გული წყდება, რომ ერაყელ სომეხთა სათვისტომო ერევნისაგან მცირე დახმარებას თუ იღებს. ცოტაოდენი დახმარება მოდის დასავლეთში ემიგრირებული სომხებისაგან - ამერიკიდან, გერმანიიდან... და მოქმედებს თვით ერაყში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაცია: “ერაყში ღარიბთა დამხმარე სომეხ ქალთა ასოციაცია. მისი პრეზიდენტი გლედის ბოღოსიანი ამბობს, რომ ერაყში არასოდეს ყოფილა იმდენი გაჭირვებული, ახლა რომ არის: [ბოღოსიანის ხმა] “ახლა ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ამ ომის გამო. გაჭირვებულებს სურსათით და სამედიცინო მომსახურებით ვეხმარებითო”.

ლაპარაკია 300-ს ოჯახზე, თითქმის 1000 ადამიანზე, რომელიც სომეხ ქალთა ასოციაციის დახმარებით სარგებლობს. ადრე ამ გაჭირვებულებს შორის იყო ეგლენტაინ სიმონ გელოიანი, რომელიც დღეს ასოციაციაში მუშაობს: [გელოიანის ხმა]”ჩვენ ძალიან ღარიბები ვართ. ჩემს ქმარს ეკლესიამ უშოვა სამუშაო. არა მარტო მე - ვინც უნდა სთხოვოს დახმარება ეკლესიას, მას დაეხმარებიანო”, ირწმუნება გელოიანი და დასძენს: “ეკლესია არასოდეს ყოყმანობს, როცა შეუძლია, ვინმეს დაეხმაროს.”

ერთი შეხედვით, ამბობს ჩვენი კორესპონდენტი ერაყში სომხები ჰარმონიულ, ერთ მუშტად შეკრულ სათვისტომოში არიან თავმოყრილი. მაგრამ არიან კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც, რომლებიც “მოჩვენებით იდილიაზე” ლაპარაკობენ: ისინი ირწმუნებიან, რომ არის განხეთქილებები, რომ ზოგი სომეხი სადამ ჰუსეინის რეჟიმთან ახლო კავშირში იყო და ახლა მაინც წამყვან პოსტებზე რჩება, რომ სომეხთა სათვისტომოს მმართველობაში კორუფცია მეფობს...

ასეა თუ ისე, ერაყს საუკუნეების მანძილზე, ომებისა თუ დიქტატურების მიუხედავად, შემორჩა სომეხთა სათვისტომო. ის, შესაძლოა, პატარა იყოს, მაგრამ ინარჩუნებს იმას, რაც, ალბათ, მთავარია - მშობლიურ ენას, კულტურას და სოლდარობის გრძნობას...
XS
SM
MD
LG