Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის საშემოდგო სესიის ხმაურიანი ფინალი და სერიოზული კრიზისი პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობაში


საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესია კვორუმის არარსებობის გამო ისე ამოწურა, რომ უკანასკნელი სხდომა ვერც გახსნა და ვერც დახურა. სხდომათა დარბაზში მობილიზებულმა

დეპუტატებმა სხდომის გახსნა რამდენჯერმე ამაოდ სცადეს, საბოლოოდ კი, 2003 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვის დაწყებისა და სხვა სერიოზულ საკითხებზე მუშაობის ბლოკირებისთვის პასუხისმგებლობა ეგრეთ წოდებულ დემარშისტებს, სახელისუფლებო ფრაქციებსა და მათზე გავლენის მქონე პირებს - სახელმწიფო მინისტრსა და პრეზიდენტს, დააკისრეს. პარლამენტის 2003 წლის საშემოდგომო სესიის ასეთმა ფინალმა სახელისუფლებო კრიზისი კიდევ უფრო აშკარა გახადა. პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის მისამართით ტონი გაამკაცრა.

საშემოდგომო სესიის უკანასკნელი სხდომა, რომელიც, სამგზის მცდელობის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნილად ვერ გამოაცხადა, დეპუტატებს შორის საქმის გარჩევით დაიწყო და ასევე დასრულდა. სახელისუფლებო ფრაქციების წარმომადგენელთა დარბაზიდან გასვლამდე ვიცე-სპიკერ რჩეულიშვილსა და სპიკერს შორის პაექრობა იმის გარკვევით დაიწყო, დაეხმარა თუ არა ნინო ბურჯანაძის მამამთილი არჩევნებში “ახალ მემარჯვენეებს”, თანაც, ასე :

[ვახტან რჩეულიშვილის და ნინო ბურჯანაძის ხმები ] რჩეულიშვილი – “თქვენმა სიმამრმა”

ბურჯანაძე – “ვისმა სიმამრმა, ბატონო ვახტანგ, მე სიმამრი არ მყავს და ვერც მეყოლება”.

რჩეულიშვილმა –“ მამამთილმა, - კი, ბატონო. “

სიმამრისა თუ მამამთილის თემით დაწყებული სხდომა სხდომაზე მოსული დეპუტატების ამაო მოლოდინში ამოიწურა, სახელისუფლებო ფრაქციების დემარშის გამო სხდომათა დარბაზში დეპუტატთა დეფიციტის კომპენსაცია მათ ხარჯზე ვერ მოხერხდა. ნაცვლად იმისა, რომ 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაეწყოთ და ისეთ საკითხზე ემუშავათ, როგორიცაა საქართველოში სახელფასო მინიმუმის გაზრდის ინიციატივა, რომელიც “გაერთიანებულ დემოკრატებს” ეკუთვნით, პარლამენტმა მხოლოდ და მხოლოდ ტელემაყურებლისთვის იმუშავა და მას ისიც ვერ განუმარტა, რომელი ფრაქციების შეგნებული ქმედების გამო ჩაიშალა ბიუჯეტის პროექტის განხილვა. მოკლედ, საქართველოს პარლამენტის 2002 წლის საშემდგომო სესიის ფინალი ასეთი იყო:

[მანდატურის, დეპუტატისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხმები]

მანდატური - “აბაშიძე დალი – არ არის, აბაშიძე ვახტანგი.”

ვასილ მაღლაფერიძე – “ესე სია ვიკითხოთ, სკოლაში კი არა ვართ. მომეცით სია, რომელი ფრაქცია არის და რომელი არ არის !”

მანდატური –“ჩვენი კომპიუტერული სისტემა არ იძლევა ამის საშუალებას.”

პარლამენტის თავმჯდომარე – “პრესას გადაეცით მონაცემები, რომელი ფრაქციები ესწრებოდა და რომელი არ ესწრებოდა, სხდომა დახურულია.”

მანდატურმა დაპირება შეასრულა და დემარშისტების სია პრესას გადასცა. ესენია ფრაქციები: “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი”, “თანადგომა”, “ალიანსი ახალი საქართველოსთვის”, “სოციალისტი” და “აფხაზეთი.” ამ ფრაქციების სახელით, ვახტანგ რჩეულიშვილმა არაერთგზის გააკეთა განცხადება, რომ დემარში “აღმასრულებელი ხელისუფლების წესის შესახებ” პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის სასწრაფო განხილვის მოთხოვნის იგნორირების მიზეზით დაიწყო, რაშიც ნინო ბურჯანაძეს დაედო ბრალი, მაგრამ სხვების, მაგალითად, “გაერთიანებული დემოკრატების”, აზრით, სახელისუფლებო ფრაქციების ბოლოდროინდელი ქცევა სახელფასო მინიმუმის გაზრდის ინიციატივის ბლოკირების მოთხოვნით იყო განპირობებული. ”გაერთიანებული დემოკრატები” 2003 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვამდე სწორედ სახელფასო მინიმუმის გაზრდის საკითხის განხილვას და შესაბამისი დადგენილების მიღებას მოითხოვდნენ. არც ერთი მოხდა და არც მეორე. მოსახლეობისა და ქვეყნის პრობლემებისადმი ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელისუფლებო ფრაქციებს და მათზე გავლენის მქონე პირებს - სახელმწიფო მინისტრსა და პრეზიდენტს დააკისრა.
XS
SM
MD
LG