„გაიღიმეთ ჩემთან ერთად...“ - თქვა მან სხდომაზე და იღიმოდა მაშინაც, როდესაც ბადრაგს ის სასამართლო დარბაზიდან გაჰყავდა.
ხალხმა შეკრება სასამართლოს დერეფანში დილის 10 საათიდან დაიწყო. ყველა წინა რიგის დაკავებას ცდილობდა იმედით, რომ 19 წლის სტუდენტის საბა ჯიქიას სასამართლოზე სხდომაზე შესვლას შეძლებდა და საბოლოო განაჩენს მოისმენდა.
სხდომა სასამართლოს ყველაზე დიდ 150-კაციან დარბაზში იყო დანიშნული, თუმცა ბოლო წუთებზე დარბაზი შეიცვალა. „დარბაზის ტექნიკური გაუმართაობა“ - უთხრა ადვოკატმა ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო შეკრებილებს.
„სხდომის ოქმის ჩაწერა ვერ ხერხდება”, - დააზუსტა მან.
„ჯერ ოჯახის წევრები”, „ახლა ათი დამსწრე”, „კიდევ ათი”, „სამი ადგილია”, „აღარაა ადგილი, არავინ შემოუშვათ”, - მესამე დარბაზში მანდატურებს დამსწრეები თვლით შეჰყავთ.
მანდატურებთან კამათის შემდეგ ზოგიერთს თავისი გააქვს და ერთ სკამზე დაჯდომის უფლებას ორს აძლევენ.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ირკვევა, რომ საბა ჯიქიას საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე შვებულებაშია და ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრება.
ეს სიახლეა მოსამართლისთვისაც: „ეს არის სასამართლოს შეურაცხყოფა. მისი მხრიდან ეს ყველაფერი რას ემსახურება და რას ნიშნავს არ ვიცი. თამარ იაკობიძისგან ეს არის ყოვლად მიუღებელი საქციელი”, - ამბობს მოსამართლე.
თამარ იაკობიძის ნაცვლად ბოდიშს პროკურორი როინ ხინთიბიძე იხდის, კოლეგის მაგივრად ის ესწრება განაჩენის გამოცხადებას.
პირველად დარღვეული დუმილის უფლება - საბა ჯიქიას სიტყვა
19 წლის სტუდენტი ციხიდან მოტანილ რვეულს შლის და კითხვას იწყებს, დარბაზში ისმის ტირილის ხმა:
„მეგობრებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის. მოტივაციაა ეს და იმის შეხსენება, რომ მარტო არ ვართ.
მეგობრები, ცოტა მარტივი ნათქვამია, უკვე დიდი ხანია, ერთ ოჯახად ვიქეცით, ერთი მიზნის ირგვლივ. ეს მიზანი კი რუსული რეჟიმის თავიდან მოშორებაა, რისთვისაც შეუპოვრად ვიბრძვით.
ჩვენთვის, ოთხ კედელში გამომწყვდეულებისთვის, რთულია იმის ყურება, თუ როგორ ცდილობენ, იძალადონ თქვენზე ყველანაირი მეთოდით, როგორ ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი აზრი.
მაგრამ ვხედავთ იმასაც, როგორ იცავთ ერთმანეთს, ვხედავთ უფრო მეტ თავისუფალ აზრს, რაც გვაძლევს იმედს, რომ რაღაც იქნება…
პროცესებზეც იმიტომ დავდივართ, 5-6 სთ ვიცდით მოსაცდელ საკანში, რომ ვიცით, აქ გველოდებით და ჩვენც გაჩვენოთ, რომ არ შეგვშინებია, არ გავმტყდარვართ.
თუმცა მაინც მაქვს შინაგანი შიში. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გაგვკიცხონ.
მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, რომ ბავშვები უსამართლო ქვეყანასა და დიქტატურაში გაიზარდონ. ამიტომ რითაც შევძლებ, სადამდეც შევძლებ, ვიბრძოლებ ბოლომდე.
19 წლის ბიჭისგან ამის მოსმენა უცნაურია, მაგრამ ეს ასეა, ჩემო მეგობრებო, მე არ დავნებდები.
დიდად არ მახარებს ის ფაქტი, რომ 4-დან 7 წლამდე ციხეში აბსურდული ბრალდებით მიწევს წასვლა და ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას თავისი დადებითიც ჰქონდა, დიდი ოჯახი შევძინე, მაგარი ბიჭები გავიცანი, გავიგე თავისუფლების ფასი, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ყველაზე მაგარი რაცაა, შვილიშვილებისთვის მექნება მაგარი ისტორიები მოსაყოლი, მოყოლა კი არ შემრცხვება, რადგან ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ“, – თქვა საბა ჯიქიამ.
„ჩვენთვის, ოთხ კედელში გამომწყვდეულებისთვის, რთულია იმის ყურება, თუ როგორ ცდილობენ, იძალადონ თქვენზე ყველანაირი მეთოდით, როგორ ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი აზრი. მაგრამ ვხედავთ იმასაც, როგორ იცავთ ერთმანეთს, ვხედავთ უფრო მეტ თავისუფალ აზრს, რაც გვაძლევს იმედს, რომ რაღაც იქნება…“ - თქვა საბა ჯიქიამ.
დარბაზში მისი მოკლე სიტყვის მოსმენაზე მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ტირიან.
18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს.
პროკურატურა სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მან 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე ფეხი ჩაარტყა პოლიციელს.
პროკურატურის საქმეში დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გდდ-ის თანამშრომელს ბექა გოტიაშვილს, რომელმაც სასამართლოზე თქვა, რომ დაზიანებები არ მიუღია.
პროკურატურის ვიდეომტკიცებულებაში მან ამოიცნო საკუთარი თავი, ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ „წიხლს იქნევს საბა ჯიქია”.
ამ დასკვნებს დაეყრდნო მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილების დასაბუთებაც. .
სხდომის დაწყებამდე საბა ჯიქიას ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობდა, რომ პროკურატურის მთავარი მტკიცებულება - ვიდეო, უკანონოდ იყო მოპოვებული. არ დაუკითხავთ არც ის გამომძიებელი, რომელმაც ვიდეო მოიპოვა და არც ის, ვინც ეს ვიდეო ექსპერტიზაზე გაგზავნა:
"შესაბამისად, ვიდეოს წარმომავლობა სასამართლოსთვის დაუდგენელია და თუ ამ ვიდეოზე დაყრდნობით მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, იგივე ლოგიკით, ნებისმიერი შეუძლია დააკავოს”, - ამბობდა გუჯა ავსაჯანიშვილი.
10 ივლისს გამართულ სხდომაზე მოსამართლე არ დაეთანხმა ადვოკატის პრეტენზიას რომ დარღვეულია ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გამოკვლევის წესი.
საბა ჯიქიას განაჩენის გამოცხადებისას დარბაზში 7 მანდატური იდგა, დანარჩენები დერეფანში სხდომის დარბაზის კართან შეგროვდნენ. მათე დევიძის განაჩენის გამოცხადებისგან განსხვავებით დღევანდელი განაჩენი ხალხმა სიჩუმით და ტირილით მოისმინა. ჟურნალისტებს არც ოჯახის წევრები დაელაპარაკნენ.
რა შუაშია დანა და საბა ჯიქიას საქმე
მას შემდეგ, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა, პროსახელისუფლებო მედიებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით ფოტოილუსტრაციები და ნახატები მინაწერით და „საბა ჯიქიას, რომელიც დანით შეიარაღებული პოლიციელს თავს დაესხა, 4 წელი და 6 თვე პატიმრობა მიესაჯა“ ( TV Imedi) ოპოზიციისთვის "სინდისის პატიმარი" - სინამდვილეში მოძალადე კრიმინალი საბა ჯიქია (POSTV - ანალიტიკას ილუსტრაციაზე საბა ჯიქიას ხელში დანა უჭირავს)
რა წერია ბრალის დადგენილებაში?
ბრალის დადგენილებაში, რომელიც პროკურატურის დაწერილია, არ არის ნახსენები დანა და არც რაიმე სხვა იარაღი, რომელიც დემონსტრანტს ხელში ეჭირა.
საბა ჯიქიას პროკურატურამ ბრალი დასდო პოლიციელზე თავდასხმაში.
„2024 წლის პირველ დეკემბერს ღამის საათებში თბილისში … პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს, საბა ჯიქია თავს დაესხა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბექა გოტიაშვილს, კერძოდ ფეხი დაარტყა სხეულის არეში“ - წერია დადგენილებაში.
მაშ რა ეჭირა საბა ჯიქიას ხელში?
ამ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია, არც პროკურორ თამარ იაკობიძეს ჩაუთვლია საჭიროდ გაერკვია უჭირავს თუ არა ხელში რაიმე საბა ჯიქიას და თუ უჭირავს რა არის. პროკურატურას არ დაუნიშნავს ექსპერტიზა კითხვით: რა ნივთი უჭირავს საბა ჯიქიას ხელში?
რატომ არ გაარკვია პროკურორმა რა უჭირავს საბა ჯიქიას ხელში?
ამ კითხვას პასუხი თამარ იაკობაძემ უნდა გასცეს, რომელიც მედიასთან კომენტარზეც უარს ამბობდა და განაჩენის გამოცხადებასაც არ დაესწრო.
ასევე ცნობილია, რომ ექსპერტიზას არ შეუძლია ზუსტად თქვას, რა შეიძლება იყოს ვიდეოში გამოსახული საკვლევი ნივთი. მათ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეუძლიათ( მაგალითად, სავარაუდოდ ქვაა, ბოთლი, ხე ან დანა) სწორედ ეს თქვა, ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკითხულმა შსს-ს ექსპერტმა ნინო ბორაშვილმა. საბა ჯიქიას შემთხვევაში სასამართლოს ამ საკითხზე არც უმსჯელია.
არც უხსენებიათ სასამართლოში ეს დეტალი?
იმის მიუხედავად, რომ ბრალში დანა ან რაიმე ნივთი ნახსენები არაა პროკურორი, თამარ იაკობაშვილი, სასამართლოში თუ მის გარეთ ამბობდა:
„ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა”.
რა ჩანს კადრებში?
ბრალმდებლებს აქვთვიდეო, სადაც ჩანს, როგორ არტყამს, პარლამენტის წინ კიბეებზე, სავარაუდოდ, საბა ჯიქია წიხლს სამართალდამცველს. ამ დროს მას ხელში პრიალა საგანი უჭირავს.
„თუმცა ეს პრიალა საგანი რა არის, იდენტიფიცირებული არაა…ბრალდების მხარემ სხდომაზე ძალიან ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ დანა ეჭირაო და დანის გამოყენებით თავდასხმააო, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დადგენილებაში ბრალდების შესახებ მსგავსი არაფერია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საბა ჯიქიას ყოფილმა ადვოკატმა ნინო მჭედლიშვილმა ჯერ კიდევ იანვარში ჩაწერილ ინტერვიუში.
დანაზე ლაპარაკი აღკვეთის ღონისძიების ეტაპზე დაიწყო, არსებითი განხილვის ეტაპზეც პროკურორი საუბარში ახსენებდა დანას, თუმცა პროცესი ისე დასრულდა, რომ მტკიცებულება არ წარუდგენია მოსამართლისთვის. დანა არ უხსენებია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს გადაწყვეტილების გამოცხადებისასაც.
საბა ჯიქიას ახლანდელი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილის პროპაგანდას არ პასუხობს. მისთვის ყველა პასუხი ბრალის დადგენილებაშია.
ფორუმი