Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ორი სოფელი გასახლების პირისპირ - მეწყერი ხარაგაულში უკან არ იხევს


ხარაგაულის ორ სოფელში, ხემაღალსა და ღვერკში, მეწყერი ერთი თვის წინ გააქტიურდა. 2025 წლის ივლისი, დრონის კადრი, Euronews Georgia-ს ვიდეორეპორტაჟიდან
ხარაგაულის ორ სოფელში, ხემაღალსა და ღვერკში, მეწყერი ერთი თვის წინ გააქტიურდა. 2025 წლის ივლისი, დრონის კადრი, Euronews Georgia-ს ვიდეორეპორტაჟიდან

ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში გაჩენილი მეწყრიდან ერთი თვის შემდეგ, ამ სოფლებში ვითარება კიდევ უფრო გართულდა.

მეწყერი უკან არ იხევს და ნაპრალებიც ფართოვდება.

სტიქიის შუაგულში აღმოჩენილი 21 ოჯახი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა. ახლა ყველა შემაჯამებელ გეოლოგიურ დასკვნას ელის, რის შემდეგაც გადაწყდება - კიდევ ორი სოფელი დაიცლება თუ ხალხი იქ ცხოვრებას ისევ შეძლებს.

პირველადი დასკვნით, მეწყრის მიზეზი ბუნებრივი ტექტონიკური მოძრაობები გახდა.

ნათელა რიკაძის სახლი სოფელ ხემაღალში საცხოვრებლად აღარ გამოდგება და როგორც მისი პატრონი გვიყვება, საძირკველგამოცლილი, ფაქტობრივად, ხრამის პირას დგას.

სოფლის მკვიდრთაგან ნათელა ერთ-ერთია, ვის ეზოშიც ერთი თვის წინ მიწას პირველი ნაპრალები გაუჩნდა, მის სახლქვეშ გაიარა და საძირკველი დაანგრია.

მსგავსი რამ სოფელში მანამდე არავის უნახავს.

ახლა ნათელა რიკაძის სახლში შესვლაც სახიფათოა და ეზოში გავლაც, რადგან მეწყრის ზომა ყოველდღე იზრდება.

„ჩემთან რაც ხდება, მგონი, ეგეთი ვითარება არც არსადაა. მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ამ სახლში 47 წელი გავატარე, სამი შვილი გავზარდე და წამში გაქრა ყველაფერი“, - გვიყვება ნათელა.

მისი ოჯახი დროებით მეორე, პატარა სახლში გადავიდა, რომელიც მეწყრის ეპიცენტრიდან დაახლოებით სამას მეტრშია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მიწაც მალე შეიძლება სახიფათო გახდეს.

ასე გამოიყურება მეწყერი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში. 2025 წლის ივლისი. დრონით გადაღებული კადრი Euronews Georgia-ს ვიდეორეპორაჟიდან
ასე გამოიყურება მეწყერი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში. 2025 წლის ივლისი. დრონით გადაღებული კადრი Euronews Georgia-ს ვიდეორეპორაჟიდან

რადგან სტიქიამ სოფლის წყაროებიც მოშალა და დაკარგა, ახლა ხალხს აღარც წყალი არ აქვს და ბევრს - აღარც სახლი. ნათელამ იმაზეც უნდა იფიქროს, სად წავიდეს ოჯახით და სამი სული საქონელი სად დააბინავოს.

„ვანში წაყვანას ვფიქრობდი, ჩემს ქალიშვილთან - დროებით, მაგრამ მაგასაც იმდენი საბუთი სდომებია... კია აქ ყოფნა საშიში, მაგრამ მუდმივად ამოწმებენ ვითარებას და ჩვენც ველოდებით რა იქნება, გული არ მითმენს, ეზოს რომ არ გადავხედო ხოლმე“...

ნათელა რიკაძე აქ უფრო დეტალურად აღწერს მეწყრის გაჩენიდან დღემდე მომხდარს და თან გვეუბნება, რომ მიწის ნაპრალების სიღრმეც და სიგანეც ყოველდღიურად იზრდება.

გარდა საცხოვრებელი სახლების და ეზოებისა, დაბზარულია სოფლებამდე მისასვლელი გზებიც - ყოველდღე ამ ბზარების რაოდენობაც მატულობს.

ხარაგაულის მერიაში ამბობენ, რომ ორივე სოფელში მუდმივად აკონტროლებენ ვითარებას და იმასაც, ვინ, რა მიზნით და რამდენი ხნით შედის სტიქიის ზონაში, რადგან ვითარება სახიფათოა.

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ახლა სოფლებამდე მიმავალი ორი გზიდან ერთი ჩაკეტილია, მეორე ჯერ არა - თუმცა უსაფრთხო აღარც ეს გზაა და ამიტომ, მოძრაობას აკონტროლებენ. მისივე თქმით, ორივე სოფლიდან - ღვერკიდან და ხემაღლიდან - 21 ოჯახია გასახლებული.

14 ოჯახი მონიტორინგის ქვეშაა და შესაძლოა, უახლოეს მომავალში სოფლებიდან მათი ევაკუაციაც საჭირო გახდეს.

მეწყრით გაყოფილი ეზო ხარაგაულის სოფლებში. 2025 წლის ივლისი. დრონით გადაღებული კადრი Euronews Georgia-ს ვიდეორეპორტაჟიდან
მეწყრით გაყოფილი ეზო ხარაგაულის სოფლებში. 2025 წლის ივლისი. დრონით გადაღებული კადრი Euronews Georgia-ს ვიდეორეპორტაჟიდან

ხარაგაულის მერი გეოლოგების პირველად დასკვნებზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ პროცესი ამ ეტაპზე ჩარევით ვერ შეჩერდება.

მასშტაბი დიდია, პროცესი მუდმივად გრძელდება. გეოლოგების შეფასებები კი, კობა ლურსმანაშვილის თქმით, არ არის დამამშვიდებელი.

უფრო ფართო სურათი სიღრმისეულმა საინჟინრო-გეოლოგიურმა კვლევამ უნდა აჩვენოს, რასაც, ხარაგაულის მერის თქმით, თვე-ნახევარი, ორი თვე დასჭირდება:

„ეს არ არის იაფი კვლევა, თუმცა რესურსი მოვიძიეთ და იმედი გვაქვს, რომ ორ თვეში სრული სურათი გვექნება, ამ ტერიტორიაზე ადამიანებს საცხოვრებლად დავტოვებთ თუ არა“.

მალე უნდა გადაწყდეს, სტიქიის მიღმა სოფლის ტერიტორია საცხოვრებლად გამოდგება თუ არა ან იქნება თუ არა შესაძლებელი ამ მიწების სამეურნეო მიზნით გამოყენება.

რაც შეეხება გეოლოგების დასკვნას - მერიაში გვითხრეს, რომ სპეციალისტების ვიზუალური წინმსწრები დაკვირვების შედეგად, მათი შეფასებით, მეწყრული პროცესები ჩაისახა და გააქტიურდა სრულად „ბუნებრივ ფაქტორებთან“ დაკავშირებული მიზეზებით და არა ადამიანის „საინჟინრო ან სამეურნეო საქმიანობით“.

თუ დადგინდა, რომ ხარაგაულის ეს ორი სოფელი საცხოვრებლად აღარ გამოდგება, ჯამში, დაახლოებით 50-მა ოჯახმა უნდა დატოვოს სახლი. მათი ნაწილი იმასაც განიხილავს, რომ სოფლის მიმდებარედ დასახლდეს. ნაწილმა, შესაძლოა, სხვა არჩევანი გააკეთოს.

ასეა დახეთქილი გზა სოფელ ღვერკში.
ასეა დახეთქილი გზა სოფელ ღვერკში.

რით დაეხმარება მათ სახელმწიფო?

კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ეკომიგრანტების სააგენტოსთან ერთად მსჯელობენ, რომ დაზარალებულ ოჯახებს არა მარტო ეკომიგრანტის სტატუსი (უკვე გასახლებულ 21 ოჯახს ეკომიგრანტობის სტატუსი გარანტირებული აქვს) მიანიჭონ, არამედ ფულიც გადაუხადონ, რომ ახალი სახლები იყიდონ.

„ეკომიგრანტებს სახელმწიფო ადრე 30 000 ლარს სთავაზობდა, თუმცა დღეს ყველაფრის საბაზრო ღირებულება გაზრდილია და ამ თანხად ხარაგაულის სხვა სოფლებში სახლის და კარ-მიდამოს, მიწის შეძენა დღეს ძალიან გაუჭირდებათ“, - გვეუბნება ხარაგაულის მერი.

მეწყრის გააქტიურებიდან ერთ თვეში, ხარაგაულის სოფლებში თავდაპირველი სურათი შესამჩნევად შეცვლილია - თუ თავიდან მიწას ნაპრალები დაახლოებით კილომეტრ-ნახევრის მანძილზე ჰქონდა, მეწყერი ერთ ზოლზე არ გაჩერდა, განშტოებები გაუჩნდა და ის დღეს ორივე სოფლის ტერიტორიას მოიცავს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG