სერბეთში 2024 წლის ნოემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების ტალღა ახალ ფაზაში შევიდა 12 აგვისტოდან, როდესაც ძალადობა დაიწყო ჩრდილოეთის ქალაქებში, ვრბასსა და ბაჩკა პალანკაში, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ყოველდღიურად შეტაკებებით.
ეს საპროტესტო აქციები ყველაზე მასშტაბურია სერბეთში 2000 წელს სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის დამხობის შემდეგ. პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი დიალოგს სთავაზობს ოპოზიციას.
„ოთხმა ან ხუთმა მათგანმა (პოლიციელმა) მცემა, თავი ბეტონზე მარტყმევინეს“, - უთხრა ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტმა დუშან ცვეტკოვიჩმა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს. ცვეტკოვიჩი ბელგრადში 14 აგვისტოს, მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.
სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უარყო, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია ცვეტკოვიჩის ბრალდებებზე, ისევე როგორც საპროტესტო აქციების სხვა მონაწილეების ბრალდებებზე, რომლებმაც პოლიცია ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაში დაადანაშაულეს.
პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა შეტაკებების მეორე დღეს გამოქვეყნებულმა ვიდეომ, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იდგნენ ნოვი-სადში დაკავებული ახალგაზრდა კაცები დაპატიმრების შემდეგ პოლიციელების წინ მუხლებზე.
კადრები თავდაპირველად მთავრობის მომხრე მედიამ გამოაქვეყნა. ცვეტკოვიჩმა ასევე თქვა, რომ უნომრო მანქანით გარაჟში შეიყვანეს და იქ ცემის შემდეგ სახეზე სილურჯეები ჰქონდა.
სხვა ინციდენტებში სერბეთის მმართველი პროგრესული პარტიის (SNS) მხარდამჭერები მშვიდობიან დემონსტრანტებს დაესხნენ თავს.
ვინ დგას დემონსტრაციების უკან?
სოციალურ მედიაში ყოველდღე ვრცელდებოდა დემონსტრაციებისკენ მოწოდებები. ადამიანებს მოუწოდებდნენ, შეერთებოდნენ დემონსტრაციებს სოციალური მედიის ჯგუფების მეშვეობით, რომლებსაც სტუდენტები საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის საპროტესტო აქციების დაწყებიდან იყენებენ.
ბევრი მოქალაქე მშვიდობიანი პროტესტის მომხრეა, თუმცა რადიო თავისუფლებისა და სხვა მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ასევე ჩანს, როგორ ესვრიან ნიღბიანი პირები ქვებსა და პიროტექნიკას პოლიციას.
დემონსტრანტებმა დაარბიეს უშიშროების სამსახურის, SNS-ის რამდენიმე ოფისი, ხოლო ბელგრადიდან სამხრეთ-დასავლეთით 80 კილომეტრში მდებარე ვალიევოში დააზიანეს სერბეთის რადიკალური პარტიის შტაბ-ბინა, რომელსაც სათავეში მსჯავრდადებული ომის დამნაშავე და ვუჩიჩის ყოფილი მენტორი, ვოისლავ შეშელი ხელმძღვანელობს
2024 წლის ნოემბერში პირველი საპროტესტო აქციების საბაბი ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევა გახდა.
ტრაგედიამ, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა, საზოგადოება აღაშფოთა გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ კ რკინიგზის სადგურის უხარისხო მშენებლობა კორუფციის შედეგი იყო. სახელმწიფო პროექტის ჩინურმა ფირმებმა განახორციელეს.
შემდეგ დღეებში ბელგრადში, ნოვი სადში, ნიშსა და სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებში ათობით ფაკულტეტზე მოეწყო პროტესტი, რომლებსაც პროფესორების უმრავლესობა უჭერდა მხარს.
ამ მოვლენებს მოჰყვა დემონსტრაციების იმგვარი ტალღა, როგორიც სერბეთს 2000 წელს სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის დამხობის შემდეგ არ უნახავს.
თავდაპირველად, მოთხოვნები ნოვი სადის ტრაგედიისთვის პასუხისმგებლობის აღებასა და სტუდენტი დემონსტრანტებზე თავდამსხმელების სისხლისსამართლებრივ დევნაზე იყო მიმართული. ექვსი თვის შემდეგ, სტუდენტურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც მანამდე ძირითადად აპოლიტიკურები იყვნენ, ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს.
რა იყო ვუჩიჩის პასუხი?
სტუდენტების ზოგიერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
მთავრობამ ნოვი სადის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა. თუმცა, ოპონენტები ამტკიცებენ, რომ არქივი არასრული იყო და ძირითად დეტალებში გარკვევა ვერ მოხერხდა.
მათ ასევე განაცხადეს, რომ ათასობით დოკუმენტის გამოქვეყნებით, ვუჩიჩი და მთავრობა უბრალოდ ცდილობდნენ თავი გამჭვირვალედ წარმოეჩინათ, სინამდვილეში კი სადგურის პროექტთან დაკავშირებით გაურკვევლობას აღრმავებდნენ.
ივლისში, უშიშროების სამსახურმა, SNS-მა თანამდებობიდან გაათავისუფლა ოთხი პარტიული აქტივისტი, რომლებსაც იანვარში მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ბელგრადის თეატრალური სასწავლებლის სტუდენტებზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ.
თუმცა, ვუჩიჩს არასდროს დაუგმია თავისი პარტიის წარმომადგენლების ან პროსამთავრობო მედიის პროვოკაციული რიტორიკა, რომელთაგან ზოგიერთმა დემონსტრანტები ნაცისტებს ან მეორე მსოფლიო ომის დროის ხორვატ ფაშისტებს, უსტაშებს, შეადარა.
ახლა პრეზიდენტმა მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციების მონაწილეებს დიალოგისკენ მოუწოდა. ვუჩიჩის 22 აგვისტოს განცხადების მიზანი გასაგებია: ის შერიგებას ცდილობს.
ბელგრადში, თავისი ოფისიდან ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მზად იყო სტუდენტებისა და სხვა ანტისამთავრობო მომიტინგეების წარმომადგენლებთან სასაუბროდ, მათ შორის ტელედებატებში.
„მინდა, რომ ჩვენი ხედვა შევადაროთ... რათა ეს საკითხი დიალოგისა და საუბრის გზით გადავჭრათ... კონფლიქტის, ძალადობის გარეშე. ქვეყნის ხელახლა აღსადგენად, რათა ის დავაბრუნოთ იმ კალაპოტში, რომელშიც იყო ცხრა თვის
წინ“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
სტუდენტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვუჩიჩთან დებატებს მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს გამართავენ.
„მან (ვუჩიჩმა) სახალხო აჯანყებას ვერ უპასუხა... ჩვენ დებატებს... საარჩევნო კამპანიის დროს, არჩევნების გამოცხადების შემდეგ გავმართავთ“, - განაცხადეს ბელგრადში დაფუძნებული ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტებმა.
ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის „მოძრაობა-ცვლილებისთვის“ ხელმძღვანელმა, სავო მანოილოვიჩმა მოლაპარაკებების შესაძლებლობა უარყო. „პრეზიდენტი, რომელიც ძალადობას მიმართავს, არ არის ის ადამიანი, ვისთანაც პოლიტიკურ საკითხებზე დებატები შეიძლება, ეს არის... კორუმპირებული მთავრობა, რომელიც თელავს... დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა მანოილოვიჩმა.
რა მოხდება შემდეგ?
პროტესტების მომავალი და სერბეთში
არსებული საერთო პოლიტიკური სიტუაცია გაურკვეველი რჩება.სერბეთის მმართველ ელიტასა და მის კრიტიკოსებს შორის განხეთქილება უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე. საზოგადოების რისხვა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართ, რაც წლიდან წლამდე გამოკვეთილია ევროკავშირის ანგარიშებში, უპრეცედენტო დონეს აღწევს.
2012 წელს მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვუჩიჩი პირველად აწყდება ნამდვილ სოციალურ წინააღმდეგობას. თუმცა, ეს წინააღმდეგობა პოლიტიკურად არ არის გამოკვეთილი: არცერთი ოპოზიციური პარტია არ დომინირებს.
აჯანყების უკან ერთადერთი გამაერთიანებელი ძალა სტუდენტური მოძრაობაა - ახალგაზრდების თაობა, რომლებმაც უკვე დაკარგეს სწავლის ერთი წელი პროტესტების გამო.