Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსულ პოლიტიკაზე საუბარი სასაცილო გახდა“, „მე ვარ რიგითი ახალგაზრდა“ - სანქცირებული მილიარდერი ივანიშვილის ვაჟი


ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი ისევ გამოჩნდა საჯაროდ - ამჯერად საპატრიარქოს შემოღებულ „ოჯახის სიწმინდის დღეზე“
ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი ისევ გამოჩნდა საჯაროდ - ამჯერად საპატრიარქოს შემოღებულ „ოჯახის სიწმინდის დღეზე“

„მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ“, - „აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა“, - რამდენჯერმე გაიმეორა მილიარდერი ექსპრემიერის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა.

ივანიშვილი დღეს, 17 მაისს, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდა საჯაროდ - ამჯერად ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საპირწონედ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული „ოჯახის სიწმინდის დღის“ აღსანიშნავად.

პარლამენტთან ივანიშვილი რამდენიმე წუთით შეყოვნდა ჟურნალისტებთან.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რას ფიქრობს 2013 წლის მოვლენებზე - ლგბტ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების მცირე ჯგუფზე საპატრიარქოს მრევლის თავდასხმასა და დევნაზე, - ცოტნე ივანიშვილმა თქვა:

„მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ტოლერანტობა პროპაგანდისგან და ხელოვნური მასიფიკაციისგან. შესაბამისად, ყველა უნდა გვიყვარდეს, ყველას უნდა ვცეთ დიდი პატივი, ვიყოთ ტოლერანტულები, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი სარწმუნოება დავაყენოთ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ“.

„ძალადობას, თავისთავად, ვგმობ“, - თქვა მან, რაზეც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, - „როგორ დაგმეთ ძალადობა? თუნდაც ბოლო მოვლენებისას, - რუსული პოლიტიკის შედეგად ასობით ადამიანი ციხეში რომ ჩასვეს“.

„რუსულ პოლიტიკაზე საუბარი უკვე სასაცილო გახდა ჩემი აზრით“, - უპასუხა მან.

„ყველას თავისი აზრი აქვს. დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენი აზრები შეიძლება განსხვავებული იყოს. დანარჩენს რაც შეეხება, ყველაფერს განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები“, - თქვა ცოტნე ივანიშვილმა.

„მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, არ მიმაჩნია რელევანტურად, მე გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე“, - დასძინა მან.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ცოტნე ივანიშვილის ჰკითხა: „მამათქვენს უთხარით, რომ გმობთ იმ ძალადობას, რაც სამართალდამცავებმა ქუჩაში გამოიჩინეს თქვენნაირი ახალგაზრდების წინააღმდეგ“?

„თვითონ ყველაზე მეტად სტკივა ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები, დამერწმუნეთ ამაში. ამის შემდეგ, ქვეყანაში აუცილებელი იყოს სამართალი და ამ ყველაფერს განაპირობებს შესაბამისი სტრუქტურები“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მას ჰკითხეს, ეშინია თუ არა მამამისს დასავლეთისგან სანქციების, რაზეც უპასუხა: „სიმპტომურად მიმაჩნია, ოჯახის სიწმინდის დღეს რომ სანქციებზე მეკითხებით“.

ახსენა, რომ სტუდენტია, თუმცა კითხვაზე არ დაუზუსტებია, სად სწავლობს.

2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ცოტნე ივანიშვილის მამას, ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG