Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გიდასტურებთ, ისაა“, - 44 დღის წინ გაუჩინარებული აითაჯის ცხედარი მტკვარში სხვა დაღუპულების ძებნისას იპოვეს


21 წლის სტუდენტი "მშვიდობის ხიდის" მახლობლად პირველ აპრილს გაუჩინარდა
21 წლის სტუდენტი "მშვიდობის ხიდის" მახლობლად პირველ აპრილს გაუჩინარდა

პირველ აპრილს, თბილისში, მშვიდობის ხიდთან გაუჩინარებული 21 წლის აითაჯ მამედოვას ბიძა, რასულ ომაროვი, რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ 14 მაისს, მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის ცხედარი აითაჯ მამედოვას ეკუთვნის.

„კი, ნამდვილად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ისაა“, - ასე უთხრა რადიო თავისუფლებას აითაჯის ბიძამ. სულ ეს იყო, საუბარის გაგარძელება მან აღარ ისურვა.

როგორ იპოვეს ახალგაზრდა ქალის ცხედარი?

აითაჯს ოჯახი 44 დღე ეძებდა. იპოვეს მხოლოდ 14 მაისს, მას შემდეგ რაც მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა და მისი მგზავრების სამაშველო-სამძებრო ოპერაციისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მტკვრის დონე დაწია - ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტებს შორის მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირა და მდინარე ბუნებრივ ნიშნულამდე დაყვანა.

გარდა მდინარეში გადავარდილი მანქანის მგზავრების ცხედრებისა, მაშველებმა 14 მაისს კიდევ ორი ადამიანის, ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს.

ექსპერტიზის ბიუროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ოფიციალური დოკუმენტაცია და დასკვნა მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის ცხედრის იდენტიფიცირების შესახებ ჯერჯერობით მომზადებული არ არის: „თუმცა, ოჯახმა გამოძიებას დაუდასტურა, რომ მტკვარში ნაპოვნი ცხედარი, მათი ოჯახის წევრია“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ექსპერტიზის ბიუროში.

როგორ გაუჩინარდა აითაჯი?

21 წლის აითაჯი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი თბილისში, „მშვიდობის ხიდის“ სიახლოვეს, პირველ აპრილს, დაახლოებით ღამის 12 საათისათვის გაუჩინარდა.

ოჯახი ამბობს, რომ ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იყო, ასე უთხრა დედას ტელეფონით, თუმცა, მოგვიანებით, მისი კვალი მდინარესთან გაუჩინარდა.

აითაჯის დაკარგვისა და მისი ძებნის შესახებ ჯერ კიდევ აპრილის პირველ ნახევარში წერდა მარნეულის სათემო რადიო „რადიო მარნეული“.

ჟურნალისტები 14 აპრილს ჩავიდნენ სოფელ გაჩიანშიც, სადაც შეხვდნენ აითაჯის ოჯახის წევრებს. ისინი მტკვარში გოგოს ცხედრის პოვნას საკუთარი ძალებით, პოლიეთილენის ბოთლებით შეკრული ტივტივათი აპირებდნენ.

პოლიეთილენის ბოთლებით დამზადებული "ტივტივა", 14 აპრილი, 2025 წელი
პოლიეთილენის ბოთლებით დამზადებული "ტივტივა", 14 აპრილი, 2025 წელი

მაშინ მათ „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე ელაპარაკა:

„აითაჯს ბიძა, ბიძაშვილი და კიდევ ორი ახლობელი ეძებდა. გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ წითელ ხიდამდე გაეგრძელებინათ ძებნა. მავთულებით ჰქონდათ შეკრული სამლიტრიანი და ხუთლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლები, კუსტარული ტივტივა ჰქონდა მოწყობილი და ასე ეძებდნენ მას. მიუყვებოდნენ მდინარის ნაპირებს.

როგორც აითაჯის ბიძამ მითხრა, სამაშველო სამსახურთან კომუნიკაციის პრობლემები ჰქონდათ. ისიც კი არ იცოდნენ, ზუსტად სად და რა ტერიტორიაზე ეძებდნენ მაშველები გაუჩინარებულ აითაჯს. ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში უთხრეს, რომ 22 კილომეტრის მანძილზე მოვძებნითო, მაგრამ როგორ, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და ამიტომ თავად, საკუთარი ძალებით გადაწყვიტეს გოგოს ძებნა“.

რასულ ომაროვმა „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ პოლიციის განმარტებით, არსებობდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ვარდება ახალგაზრდა ქალი წყალში, თუმცა, ეს კადრები მათ არ უნახავთ:

მდინარე მტკვარი, სოფელ გაჩიანთან, 14 აპრილი, 2025 წელი
მდინარე მტკვარი, სოფელ გაჩიანთან, 14 აპრილი, 2025 წელი

„აითაჯის ბიძამ გვითხრა, რომ პოლიციის მტკიცებით, ამ ვიდეოში ჩანდა, როგორ ხტება გოგო წყალში. იქვე იყო დატოვებული მისი პირადი ნივთებიცო - ფეხსაცმელი, ჩანთა, ტელეფონი, თუმცა, კაცი ამბობდა, რომ პოლიციას აითაჯის ოჯახისთვის ვიდეოჩანაწერი არ უჩვენებია“, - უყვება რადიო თავისუფლებას ვლადიმერ ჩხიტუნიძე, რომლის თქმითაც, 21 წლის გოგოს ოჯახი ხელისუფლებას სამძებრო სამუშაოების ტერიტორიის გაფართოებას და მეტი მაშველის დახმარებას სთხოვდა.

აითაჯის ოჯახის წევრები სოფელ გაჩიანში, მტკვრის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 აპრილი, 2025 წელი
აითაჯის ოჯახის წევრები სოფელ გაჩიანში, მტკვრის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 აპრილი, 2025 წელი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, რომ 44 დღის წინ დაკარგული აითაჯ მამედოვას ძებნა მთელი ამ ხნის განმავლობაში არ შეწყვეტილა:

„ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდებოდა - მტკვრის მონიტორინგი, პროცესში ჩართული იყო წყლის საშუალებები და ა.შ. მეხანძრე-მაშველები. რამდენი ადამიანი იყო ჩართული, არ ვიცი. ყველა შესაბამის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა წყლის მონიტორინგი“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყება რადიო თავისუფლებას არ ეუბნება, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე იპოვეს ახალგაზრდა ქალის ცხედარი.

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ აითაჯის ცხედრის პოვნა ხელისუფლებამ დააგვიანა და რომ არა მტკვარში გადავარდნილი მანქანა, შეიძლება საერთოდ ვერც ენახათ ის:

სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი
სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი

„როდესაც აითაჯი გაუჩინარდა, მე პირადად ველაპარაკე მის ოჯახს. იყვნენ შეწუხებულები და გაბრაზებულები, რომ მათ უწყება არ აწვდიდა ინფორმაციას. ამბობდნენ, რომ სულ ორი ადამიანი ეძებდა მტკვარში მათ შვილს და ისინიც დღეში ერთხელ, ნახევარი საათით გადიოდნენ მდინარეში. ოჯახი ითხოვდა წყლის დონის დაწევასაც, მაგრამ არც ეს გააკეთეს. სამართალდამცავებმა დანამდვილებით იცოდნენ, რომ გოგო წყალში გადავარდა, მაგრამ ვერ ვხვდები, რა იყო მათი გულგრილობის მიზეზი“, - ეუბნება სამირა ბაირომოვა რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლება ესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ილია ჭრელაშვილს. ის აითაჯს უნივერსიტეტში, "1+4 პროგრამის" ფარგლებში (ეთნიკური უმცირესობის აბიტურიენტებისთვის შექმნილი პროგრამა) ქართულ ენას ასწავლიდა:

"ნიჭიერი იყო, დაუზარელი, ქართულიც ნორმალურად იცოდა. ჩანდა, რომ სკოლაშიც კარგად სწავლობდა... ხალისიანი და კონტაქტური იყო. გარდა სწავლისა, მუშაობდა "სპარში", რათა სწავლის ფული გადაეხადა. ძალიან მიზანდასახული ადამიანი იყო", - ასე გაიხსენა ილია ჭრელაშვილმა 21 წლის სტუდენტი.

აითაჯ მამედოვას ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მას სახლში, გარდაბანში გადაასვენებენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG