პარლამენტი განიხილავს მთავრობის სამშვიდობო საკანონმდებლო ინიციატივას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. ინიციატივის განხორციელება იგეგმება სამი ძირითადი მიმართულებით: ვაჭრობა გამყოფი ხაზების გასწვრივ; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და გამარტივებული მექანიზმები საამისოდ კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია. ინიციატივა დეპუტატებს მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტატუს ნეიტრალურ დოკუმენტებს, მათ შორის პირის იდენტიფიკაციის ახალ გამარტივებულ შესაძლებლობას ინდივიდუალური ნომრით (შემდგომში - პირადი ნომერი) რეგისტრაციის გზით. პირადი ნომრით რეგისტრაცია არ გულისხმობს პირისათვის მოქალაქეობის დადგენას ან მინიჭებას.
მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს აღნიშნულ საკითხზე ყველა ევროპული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის კონსენსუსს და მწყობრი და ერთიანი პოზიციით მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართოს ინიციატივის განხორციელების გზაზე...
აქამდე არსებული რეგულაციისა და პრაქტიკისგან განსხვავებით, პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირს შეეძლება, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ნეიტრალური მოწმობის ან სხვა დოკუმენტის წარდგენის გარეშეც, მის ხელთ არსებული, იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის დროს გამოყენებული დოკუმენტებით მიმართვის შემთხვევაშიც, გამარტივებულად ისარგებლოს მთელი რიგი სერვისებით, როგორიცაა: მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება; გადამხდელად რეგისტრაცია (საგადასახადო შეღავათებით); გრანტის მიღება; საბანკო სერვისებით სარგებლობა; ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია; სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღება; უმაღლესი განათლების მიღება; პროფესიული გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა; გარკვეულ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები განსაკუთრებულ აქცენტს სვამენ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობაზე. როგორც ინიციატივაში ვკითხულობთ, საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია აფხაზური ენის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მეორე სახელმწიფო ენის, შენარჩუნება და დაცვა, რაც გულისხმობს როგორც აფხაზური ენის ცოდნისა და შესწავლის ხელშეწყობას, ისე აფხაზური ენის, იდენტობისა და კულტურის კვლევას და შემდგომ განვითარებას. ასევე, ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცემათ სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.
პიარკამპანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი გამახსენა. 2005 წელს კვირა არ გავიდოდა, რომ რაღაც ინიციატივა არ ყოფილიყო, თანაც ეს ჟღერდებოდა ვაშინგტონში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ხოლო აფხაზები და ოსები ბრაზდებოდნენ: ჩვენ რატომ არ გვითანხმებთო. სამწუხაროდ, „დეჟავიუ“ დამემართა...პაატა ზაქარეიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობა მიესალმება მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, როგორც ქვეყნის სტრატეგიული სამშვიდობო ხედვის გამოხატულებას. ასეთი პოზიცია აქვს კოალიციას „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“, რომელშიც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილია გაერთიანებული. რამდენიმე დღის წინ კოალიციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ მთავრობის ინიციატივის და მისი ძირითადი მიმართულებების რეალურ ცხოვრებაში განხორციელება მარტივი არ იქნება და ამ გზაზე ბევრი სირთულე შეგვხვდება. „შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს აღნიშნულ საკითხზე ყველა ევროპული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის კონსენსუსს და მწყობრი და ერთიანი პოზიციით მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართოს ინიციატივის განხორციელების გზაზე. უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისა და თანამშრომლობისათვის იმ სწორი მექანიზმებისა და ფორმების გამოყენება, რაც უკვე წარმატებით აპრობირებულია საერთაშორისო პრაქტიკაში სხვადასხვა რეგიონებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ერთი მხრივ, დადებითად აფასებს, თუმცა საკითხის გარშემო პიარკამპანიის წარმოებას შეცდომად მიიჩნევს.
იქეთა მხრიდან დაინტერესების გაჩენის შესაძლებლობას და თუ ქართული მხარე ამ ინიციატივებს განახორციელებს, თუ მოახდენს მათ რეალიზაციას, ეს უკვე იქნება წინაპირობა გარკვეული ძვრებისთვის. კარგი იქნებოდა, თუ ამ ინიციატივის მომზადებაში ჩართულები იქნებოდნენ აფხაზები და ოსებიც...ლევან გერაძე
„პიარკამპანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი გამახსენა. 2005 წელს კვირა არ გავიდოდა, რომ რაღაც ინიციატივა არ ყოფილიყო, თანაც ეს ჟღერდებოდა ვაშინგტონში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ხოლო აფხაზები და ოსები ბრაზდებოდნენ: ჩვენ რატომ არ გვითანხმებთო. სამწუხაროდ, „დეჟავიუ“ დამემართა - დავინახე „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი, როცა ჩვენ ამას მსოფლიოს ვთავაზობთ. ამიტომ მეორე დღესვე ბლოკირება წამოვიდა და ჩაიკეტა აფხაზური და ოსური მხარე. მათ რაღაც უნდა ეპასუხათ - ან უნდა ეთქვათ, რომ ყოჩაღ, ქართველებო, რა კარგები ხართ, ან უნდა ეთქვათ, რომ ეს მათთვის მიუღებელია. ასეთი პიარკამპანიებისას აპლოდისმენტები მოდის დასავლეთისგან, მაგრამ აფხაზები და ოსები ყოველთვის იკეტებიან. ამიტომ უნდა გქონდეს ელემენტარული გამოცდილება, რომ იცოდე, კარგი წამოწყება პირველ დღესვე დაიმარხება, თუ არასწორი ნაბიჯი გადადგი“, - ეუბნება პაატა ზაქარეიშვილი „ინტერპრესნიუსს“.
ეს ის ინიციატივებია, რომელსაც ქართული მხარე ცალმხრივად ახორციელებს, რათა აფხაზურ მხარეს გარკვეული შესაძლებლობები მისცეს,- ამბობს „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს" ხელმძღვანელი ლევან გერაძე. მისი თქმით, ეს ძალიან სწორი ინიციატივაა და იძლევა „იქეთა მხრიდან დაინტერესების გაჩენის შესაძლებლობას და თუ ქართული მხარე ამ ინიციატივებს განახორციელებს, თუ მოახდენს მათ რეალიზაციას, ეს უკვე იქნება წინაპირობა გარკვეული ძვრებისთვის. კარგი იქნებოდა, თუ ამ ინიციატივის მომზადებაში ჩართულები იქნებოდნენ აფხაზები და ოსებიც, მაგრამ მათი ფორმალური წარმომადგენლების ჩართვის გარეშეც შეუძლია ქართულ მხარეს მოიფიქროს სისტემა, თუ როგორ ჩაერთონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები ამ სიკეთეებით სარგებლობის პროცესში, რომელსაც ქართული სახელმწიფო სთავაზობს თავის მოქალაქეებს“.
არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში რამდენად შეიძლება დაინტერესდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივით? - ამ შეკითხვის პასუხად „მშვიდობის განვითარების ცენტრის“ კონფლიქტოლოგი შოთა შველიძე ამბობს, რომ მისასალმებელია ხელისუფლების აქტიურობა ვითარების გასაუმჯობესებლად, თუმცა „შეთავაზებული სამშვიდობო პაკეტის, ასე ვთქვათ, ქვაკუთხედია ის, რომ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას აღარ დასჭირდება აუცილებლად ქართული პასპორტის აღება, რათა ისარგებლოს აღნიშნული სიკეთეებით, რაც მდგომარეობის აპოლიტიზაციის გზაზე, ერთი მხრივ, დადებითი ნაბიჯია, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით, როგორ აღიქმება აფხაზეთში, მის წამყვან საზოგადოებრივ ნარატივში თბილისიდან წასული ახალი „მომხიბვლელი შეთავაზებები“. აფხაზები მას უყურებენ, როგორც თბილისიდან მომავალ მორიგ საფრთხეს მათ „მოსასყიდად“. ბუნებრივია, სოხუმის რეაქცია არ იქნება დადებითი და, პრინციპში, როგორც უკვე ვნახეთ, არც არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინიციატივა არის იმავე პოლიტიკიდან, რასაც თბილისი, კარგა ხანია, ახორციელებს - ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზება აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქისადმი. ანუ ეს თბილისი-აფხაზეთის მოქალაქის განზომილებაა და არა თბილისი-სოხუმის დიალოგი. ძველი სტილია. არ გამოვრიცხავ, რომ ენგურის ხიდზე მოძრაობა შეფერხდეს, შეაფერხონ. ამის ნიშნები უკვე სახეზეა ბოლო კვირაში. აქ ასეთ ფენომენთან გვაქვს საქმე: საქართველო რაც უფრო მიმზიდველი ხდება აფხაზებისთვის, აფხაზეთი შეიძლება მით უფრო ჩაიკეტოს ან ჩაკეტონ, რადგან პოლიტიკურ დონეზე არ არის კონსენსუსი, არ არის საკმარისი ხარისხის დიალოგი, რაც აუცილებელია, რომ გაჩნდეს, რათა აფხაზურმა მხარემ საფრთხედ აღარ აღიქვას ასეთი ინიციატივები“, - ამბობს შოთა შველიძე.