ამ სტატიაში ვწერთ კიდევ 28 ბრალდებულზე, რომელთა პირველი სხდომაც საქალაქო სასამართლოში უკვე ჩატარდა. მათ უმრავლესობას, 25 ადამიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის) ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებებს უყენებენ. ორს - მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, ერთს - ნანუ სანდერს კი - ამ ძალადობის ორგანიზებას „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ ხუთ წევრთან ერთად, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან და უფრო მძიმე მუხლებიც აქვთ წარდგენილი.
10 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ოქტომბრის საქმეზე ახალი დაკავებულების შესახებ აღარ უცნობებია, თუმცა უწყება აცხადებს, რომ გამოძიება არ დასრულებულა.
43 წლის ვლადიმერ გველესიანი
ვლადიმერ გველესიანი ბათუმიდანაა, თუმცა თბილისში ცხოვრობს. სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ სამშენებლო ბიზნესშია დასაქმებული. ცოლ-შვილი არ ჰყავს, ადვოკატის, ზურაბ ყულიაშვილის თქმით, უვლის მოხუც დედას.
„ჩემი მუშაობა დედაჩემისთვის მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი საყრდენი მე ვარ, ფინანსურად ვეხმარები", - თქვა გველესიანმა სასამართლოს სხდომაზე.
ვლადიმერ გველესიანი 7 ოქტომბერს სახლში დააკავეს.
„არ გავქცეულვარ, არც მიფიქრია და არც ვაპირებ... ბოლოს საზღვრის კვეთა იყო პანდემიამდე, შემდეგ ქვეყნიდან არ წავსულვარ...“,- ამ არგუმენტებით ცდილობდა ის დაერწმუნებინა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი, რომ მისთვის თავისუფლება პატიმრობის ნაცვლად უფრო მსუბუქი ფორმით, მაგალითად გირაოთი შეეცვალათ.
იმ კადრებში, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა ჩანს, როგორ გამოჰყავს ვლადიმერ გველესიანს დროშაშემოხვეული პაატა ბურჭულაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოდან.
59 წლის კობა ეპიტაშვილი
კობა ეპიტაშვილი სართიჭალიდანაა. ცხოვრობს თბილისში ცოლთან და შვილებთან ერთად. ორი ქალიშვილი ჰყავს, ერთი გერმანიაში ცხოვრობს, მეორე სპორტსმენია და ქალთა ფეხბურთს თამაშობს.
ის ცოლთან ირმა გოცირიძესთან ერთად 10 წლის განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა. ემიგრაციიდან 2012 წელს დაბრუნდა, იქ ისწავლა ხელობა - ღებვა, რაც საქართველოში სამსახურის მოძებნაში დაეხმარა.
ემიგრაციამდე შვიდი წელი მღეროდა ერთ-ერთ ანსამბლში და ბავშვებს სართიჭალაში გიტარაზე დაკვრას ასწავლიდა.
კობა ეპიტაშვილის ცოლი, ირმა გოცირიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მის ქმარს გულის ოპერაცია აქვს გადატანილი, ორი სტენტი აქვს, აწუხებს წნევა და მედიკამენტებზეა.
„მხოლოდ დიდ აქციებზე დადიოდა. არჩევნებზე არ წავედით და გადავწყვიტეთ, რომ რუსთაველზე უნდა ვმდგარიყავით...ვხვდებოდით, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა. გვეუბნებოდნენ: ევროპა არის გარყვნილების ბუდე... ეს ტყუილია, მათ საოცარი ოჯახები აქვთ. ჩვენ საბერძნეთში ამის გამოცდილება მივიღეთ. ევროპა არ რყვნის, ევროპამ მოგვცა ის, რაც ახლა გვაქვს...მათ შორის ხელობა, რომელიც შემოსავლად იქცა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირმა გოცირიძე.
იმ ვიდეოკადრებში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, ჩანს, რომ კობა ეპიტაშვილი ხელს ურტყამს კაცს, რომელიც აქციის რამდენიმე მონაწილეს მოჰყავს. ბრალდება ამბობს, რომ ეს ადამიანი პოლიციელია.
კობა ეპიტაშვილი 7 ოქტომბერს, გვიან ღამით სახლში დააკავეს. მის წასაყვანად ათობით სპეცრაზმელი მივიდა.
„მეეჭვება, რაიმე ჩვენს სასიკეთოდ დატრიალდეს, ისეთი პროცესები მიდის “,- ამბობს ირმა გოცირიძე.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
49 წლის მამუკა ლაბუჩიძე
მამუკა ლაბუჩიძე თბილისში მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ სამშენებლო სექტორშია დასაქმებული. „აქციაზე გავიდა, როგორც მოქალაქე, რომელსაც პროტესტის გამოხატვის სურვილი და უფლება აქვს“, - ამბობს მისი ადვოკატი აიჰან ჰასანლი.
მამუკა ლაბუჩიძემ სასამართლოში თქვა, რომ იცოდა, პოლიცია მასაც მიაკითხავდა, თუმცა მიმალვა არ მიცდია, რადგან დასამალი არაფერი ჩამიდენიაო.
ადვოკატის, აიჰან ჰასანლის თქმით, ვიდეოში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა არც ჯგუფური ძალადობა ჩანს და არც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოშიც კი არაა გადასული“, - ამბობს ადვოკატი და აგრძელებს:
„ვიდეოკადრებში არ ჩანს, რომ ლაბუჩიძე ვინმესთან შედის კომუნიკაციაში, ან კოორდინირებულია, ან ორგანიზებული ჯგუფია, ვინმეს აძლევს მითითებას ან თავად ასრულებს სხვისას. ვიდეოში ჩანს, რომ ის მოქმედებს მარტო, იზოლირებულად და სპონტანურად... მისი ქმედებები ემოციური ხასიათისაა“.
მამუკა ლაბუჩიძე დუმილის უფლებას იყენებს.
50 წლის ნიკა გვენცაძე
ნიკა გვენცაძე ცნობილი მარკეტერია, ის წლების განმავლობაში „ჯეოსელის“ მარკეტინგის მენეჯერი იყო. ასწავლიდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა). დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის (EMS) სკოლა.
ნიკა გვენცაძეს მშობლები გარდაცვლილ ჰყავს. ერთადერთი და ამერიკაში ცხოვრობს.
პროკურატურის წარდგენილ ვიდეოკადრებში, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მახლობლად ჩანს, ერთ-ერთ კადრში კი მიდის რკინის ჯებირთან და სხვებთან ერთად ანჯღრევს, ეზოში არ შედის.
„წარმოუდგენელია ეს კარი მოგლიჯო.... მახეში გაება.. უსამართლობით რომ გული გაგისივდება, ისე ვხედავ იმ კადრებში“, - ამბობენ მეგობრები, რომლებიც საქალაქო სასამართლოში მის პირველ სხდომას დაესწრნენ. თავად ბრალდებულს სასამართლოზე არაფერი უთქვამს.
მისი ადვოკატის, ომარ ფურცელაძის თქმით, გვენცაძეს „თავი მართლმსაჯულებისთვის არ აურიდებია, ის საცხოვრებელ სახლში დააკავეს, მომხდარიდან ორი დღის შემდეგ“.
დადგენილებაში წერია, რომ ნიკა გვენცაძე ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობდა და ცდილობდა სტრატეგიული ობიექტის დაკავებას, მეორე მხრივ კი, ომარ ფურცელაძის თქმით, არ არსებობს ვიდეომტკიცებულება, სადაც ეს არის ასახული.
ადვოკატის შეფასებით, ბრალდება არის ზოგადი და არა ინდივიდუალური. არ არის აღწერილი კონკრეტულად რა დროს, რა მომენტში გამოიხატა მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, მხოლოდ შეცვლილია ბრალდებულების სახელები და გვარები.
ნიკა გვენცაძე ბრალს არ აღიარებს.
64 წლის კონსტანტინე კოკაია
კონსტანტინე კოკაია 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა. ექიმის დახმარების შემდეგ სხდომაზე დაბრუნდა და მოსამართლე, არსენ კალატოზიშვილს უთხრა ის, რისი თქმაც, წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა.
„ჩემთვის ეს ორი დღე ძალიან მძიმედ გადასატანი იყო, ოპერაციის შემდეგ, ყოველ დღე 5 კილომეტრს ფეხით დავრბივარ, საკანში უჰაერობის გამო 180-200-ზე წნევა მაქვს, გთხოვთ, არ დამაპატიმროთ და უფლება მომცეთ ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვიყო“, - თქვა მან.
კონსტანტინე კოკაიას, ადვოკატ გიორგი ჩხეიძის თქმით, გულის ოპერაცია აქვს გადატანილი. ადვოკატმა მოსამართლეს ჯანმრთელობის დოკუმენტაციაც წარუდგინა.
„გულზე ხუთი შუნტი ადევს, ჯანმრთელობის მკაცრი კონტროლი და სპეციფიკური გარემო სჭირდება... ეს არ არის ახალი დაავადება, არამედ ბატონ კონსტანტინეს 2019 წლიდან აწუხებს. ის ხშირად უნდა ეჩვენოს ექიმს და ამაზე მეტყველებს წარმოდგენილი დოკუმენტაციაც“, - თქვა ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ.
კონსტანტინე კოკაიას ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავს. ნინო კოკაიას თქმით, მამამისი 315 დღის განმავლობაში უწყვეტად მიდიოდა რუსთაველის გამზირზე და პროტესტში მონაწილეობდა.
„სამშობლოს სიყვარულის გამო მსვამენ ციხეში და მე ჩემს სიმართლეს ნორმალურ ქვეყანაში დავამტკიცებ “, - ეს ეწერა წერილში, რომელიც მან შვილებსა და შვილიშვილებს გამოუგზავნა.
პროკურატურის გავრცელებული კადრების თანახმად, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოშია.
ადვოკატის ცნობით, 2024 წლის 4 ოქტომბერს კონსტანტინე კოკაიაზე პოლიციელმა იძალადა.
„საუბარი არის კონკრეტული მყარი საგნის ჩარტყმაზე თავისა და კისრის არეში“, - თქვა ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ.
მისივე განცხადებით, არსებობს სასწრაფოს ბარათი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ კოკაია უჩივის თავის ტკივილს, ანამნეზში კი წერია, რომ „სხვადასხვა სახის დაზიანებაც მიიღო“.
სასამართლოში ამ განცხადებიდან 5 დღეში, 15 ოქტომბერს კონსტანტინე კოკაიას ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს „ცალ თვალში აქვს მხედველობა დაქვეითებული“.
„დოკუმენტები მე წავუკითხე, იმდენად გაუჭირდა.... თავად ამბობს, რომ 4 ოქტომბერს მიყენებული დაზიანების შედეგია, წიწაკის სპრეი შეასხა თვალებში პოლიციის თანამშრომელმა და ამის გარდა, ბლაგვი საგანი მოხვდა ორჯერ, სახის არეში... დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რამ გამოიწვია, ფაქტი ისაა, რომ ამის შემდეგ თვალზე მდგომარეობა გაუარესებული აქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ჩხეიძემ.
36 წლის გურიელ ქარდავა
გურიელ ქარდავა საჯარო მოხელეა. 2021 წლის 3 დეკემბრიდან დაკავებამდე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე იყო. წარმოშობით სოხუმიდანაა, ცხოვრობს ხობში. უმაღლესი განათლება აქვს. დაამთავრა თბილისის ევროპული უნივერსიტეტი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულება.
კითხვაზე დასაოჯახებელია თუ არა, მოსამართლეს უპასუხა; „არ დამცალდა“.
„ვიდეოში ნათელია, რომ გურიელ ქარდავა, არ არის ჩართული ძალადობაში, ის არ აზიანებს არაფერს და არც სამართალდამცველებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, კვალიფიკაცია ვიდეოში ასახულს არ შეეფერება“, - ამბობს გურიელ ქარდავას ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე.
ხობის საკრებულოს წევრი ბრალს არ აღიარებს.
59 წლის ზურაბ ჭავჭანიძე
ზურაბ ჭავჭანიძე, ცნობილი, როგორც ბათუმელი მედროშე, 8 ოქტომბერს დააკავეს. ის ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების სისტემატური მონაწილეა. 4 ოქტომბერს სხვებთან ერთად თბილისში წამოვიდა, ტანზე პირველი რესპუბლიკის დროშა ჰქონდა შემოხვეული, ხელში კი საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეკავა. ტრადიციულად, ის დადიოდა საპროტესტო აქციებზე ბათუმშიც.
ზურაბ ჭავჭანიძე აფხაზეთიდანაა დევნილი, თვითნასწავლი მხატვარია და თავს ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით ირჩენს. მისი ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ცოლს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომლის ერთადერთი მომვლელი ზურაბ ჭავჭანიძეა. იღებს სახელმწიფოს შემწეობას - 45 ლარს.
„ მთელი ცხოვრება კანონმორჩილი ადამიანი ვიყავი, ყველანაირი ძალადობის მოწინააღმდეგე ვარ და მიმაჩნია, რომ სიყვარულის დესპანი ვარ", - თქვა ჭავჭანიძემ .
ის სასამართლო სხდომაზე პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის შეფასებებმა გააღიზიანა, პროკურორი დაკავებულებს მოძალადეებს ეძახდა.
„...ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს წინ კედელზე მიწერია - ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ..., მთელი პოემა მაქვს დაწერილი სიყვარულზე.. თუ სადმე ვდგავარ და რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ ყველასთვის, მოსისხლე მტერიც მიყვარს. თუ თქვენ რამეს მომისჯით, მე ჩავთვლი, რომ ეს არის მისჯა სიყვარულისთვის, არ ვარ კანონდამრღვევი და მოძალადე ადამიანი“, - თქვა ჭავჭანიძემ სასამართლოზე.
ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, პროკურატურას საქმეში არ აქვს მტკიცებულება, რომელიც ზურაბ ჭავჭანიძის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას დაადასტურებდა, ან სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობას.
„პროკურატურის ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ დადის დროშებით ხელში ბრალდებული ჭავჭანიძე, ის არაფერს აშავებს, მაგრამ როგორც ჩანს დროშის ტარებაც უკვე კრიმინალია“, - ამბობს ადვოკატი.
41 წლის სულხან ტუღუში
სულხან ტუღუში თბილისში ცხოვრობს. თვითდასაქმებულია. ცოლ-შვილი არ ჰყავს.
პროკურატურის მტკიცებით, ის შეიჭრა ეზოში და „ახორციელებდა ძალადობრივ ქმედებებს“.
მისი ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა.
„მოვისმინე ბრალი, მაგრამ არ ვეთანხმები“, - ასეთი იყო ბრალდებულის პოზიციაც სასამართლო სხდომაზე.
„პროკურატურა დავობს, რომ ჯგუფურად ჩაიდინეს დანაშაული.სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად კი ჯგუფურობა წინასწარ შეთანხმებულია.. უფრო მეტიც, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, პატრულის თანამშრომელს ეხმარებოდა, კადრებში ჩანს, როგორ დგას გზაზე... რაზე ვსაუბრობთ ეს ხომ პოლიტიკური საქმეა, ის პოლიტპატიმარია...“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ადვოკატი.
44 წლის გენადი კუპრეიშვილი
გენადი კუპრეიშვილი სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთში პენსიონერ დედასთან და ცოლთან ერთად ცხოვრობს. პარალელურად, ის სოციალურად დაუცველ მარტოხელა დას და ორ შვილს ეხმარება. გენადი კუპრეიშვილის და, ხათუნა კუპრეიშვილი ძალადობის მსხვერპლი ქალია.
ოჯახს 20 000-ლარის ბანკის ვალი ჰქონდა, რომელიც დედის დახმარებით ბანკიდან გამოიტანეს. ხათუნა კუპრეიშვილის თქმით, მამას სიმსივნე დაუდგინდა და ეს თანხა მკურნალობისთვის დასჭირდათ, შემდეგ კი „ვალი ვალს დაემატა“.
„მე თუ არ გადავიხადე [სესხი], დედაჩემს ჩამოუჭრიან პენსიას და თანხის გარეშე რჩება. მყავს და და დის შვილები, სოციალურად დაუცველები, რომელთაც მე ვეხმარები...სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანთ, ჩემს ადგილას დააყენეთ თქვენი შვილი და დედაჩემის ადგილას თქვენი თავი.... გაქცევით მე არსად გავიქცევი და მტკიცებულებებსაც ვერანაირად გავანადგურებ. მთელი სოფელი თქვენს გადაწყვეტილებას ელოდება, ჩემს სოფელში ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის ნათესავია და ყველა ჩემს მხარესაა, ფიქრობენ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ“, - თქვა გენადი კუპრეიშვილმა სასამართლოში.
მას პატიმრობა შეუფარდეს. „უსამართლო სასამართლო“, - ეს სიტყვები თქვა დაკავებულმა იქამდე, სანამ პოლიციელები სხდომათა დარბაზს დაატოვებინებდნენ.
გენადი კუპრეიშვილი ტაქსის მძღოლია, მგზავრებს თბილისში ემსახურებოდა,ღამის ცვლაში.
გენადი კუპრეიშვილის ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა. მალევე აქტივისტებმა თანხის შესაგროვებლად კამპანია წამოიწყეს და დაკავებულის ოჯახს სესხის დაფარვაში დაეხმარნენ. ამის შესახებ ფეისბუქზე აქტივისტმა სოფო ურიდიამ დაწერა.
44 წლის ალექსანდრე ჩილაჩავა
ალექსანდრე ჩილაჩავა ზუგდიდელი აქტივისტია და ერთი წელია, ყოველ დღე ამ ქალაქში აპროტესტებს 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ინტეგრაცია შეაჩერა. 4 ოქტომბერს სხვა აქტივისტებთან ერთად თბილისში, რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლა.
დროებით უმუშევარია, აქვს უმაღლესი განათლება.
„მე დამნაშავედ არ ვგრძნობ თავს, 300 დღეა დავდივარ აქციაზე და დღესაც ასე ვფიქრობ, დანაშაულის ჩადენის შეგრძნება რომ მქონოდა, დავიმალებოდი, ჩემს სიმართლეში თავდაჯერებული ვარ...“, - თქვა მან სასამართლოზე.
აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ ალექსანდრე ჩილაჩავა საპროტესტო აქციაზე გაიცნო:
„სულ ამბობდა, რომ კობახიძის განცხადება იყო მისთვის გარდამტეხი, რამაც აქციაზე გამოსვლის გადაწყვეტილება მიაღებინა...ცდილობდა...სადღაც სოფლის ბირჟაზეც კი გაეგოთ, რატომ ვართ გაბრაზებულები. კარგი მოსაუბრეა, მშვიდი, ნებისმიერი ადამიანის გადარწმუნებას შეძლებს, ისეთი“.
ალექსანდრე ჩილაჩავას ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობა, პროკურატურის ცნობით ის, „გამოხატავდა სიტყვიერ აგრესიას და წინააღმდეგობას უწევდა [პოლიციას], ასევე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, შეიჭრა მის [პრეზიდენტის ადმინისტრაციის - რ.თ.] ეზოში და ახორციელებდა სხვა ძალადობრივ მოქმედებებს“.
ალექსანდრე ჩილაჩავას ადვოკატის ჯანო ჭკადუას თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შსს-ს კამერა ამოიცნობს, არ შეიძლება აქციის აქტიურ მონაწილედ ჩაითვალოს.
„ალექსანდრე ჩილაჩავა მთელი ერთი წელია გამოხატავს პროტესტს ქალაქ ზუგდიდში და ერთხელაც არ შედგენილა მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი....დევნა დაწყებულია აზრის თავისუფლად გამოხატვის გამო და არა იმისთვის, რომ მან რაიმე ჩაიდინა“, - ამბობს ჯანო ჭკადუა.
ალექსანდრე ჩილაჩავა 8 ოქტომბერს ზუგდიდში დააკავეს. მეგობრები ჰყვებიან, რომ პოლიციის მანქანებმა მას გზა გადაუკეტეს და სპეცოპერაციით აიყვანეს.
„ზუგდიდში, ყოველ საღამოს გვაქვს უწყვეტი აქცია, 5-შივე დავბრუნდით და აქციაზე ვიყავით, 6-შიც და 7-შიც. 8 ოქტომბერს, აქციის მერე ერთ-ერთი აქციის მონაწილე ასაკოვანი ადამიანი წაიყვანა სახლში და უკან რომ აღარ გამოჩნდა და არც ტელეფონზე გვიპასუხა, ძებნა დავუწყეთ.“, - ამბობს ცაბუნია ვართაგავა.
ალექსანდრე ჩილაჩავას დაკავების შემდეგ ზუგდიდში აქციები გრძელდება. დემონსტრანტები ამ შეკრებებზე ჩილაჩავასთვის ციხეში გასაგზავნ წერილებს წერენ.
34 წლის ლაშა ივანაძე
ლაშა ივანაძე მარტოხელა მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ორი შვილი ჰყავს: პირველ და მესამეკლასელები. ბათუმიდანაა, თუმცა მშობლებთან ერთად თბილისში ცხოვრობს.
მისი შემოსავალი ჯერ მანქანების სამრეცხაო იყო, ბოლოს „დაშლილებში“, მეთუნუქის შეგირდად მუშაობდა. პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეა, მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში.
„მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მათ ჩემს მეტი მარჩენალი არ ჰყავთ, მთელი ცხოვრება ფიზიკურად მიწევს შრომა და მე შემომაქვს ლუკმაპური ოჯახში, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ“, - თქვა ლაშა ივანაძემ სასამართლო სხდომაზე.
ლაშა ივანაძის ადვოკატი, თემო ბენიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს სახელმწიფო პროტესტის გამოხატვის გამო სჯის.
55 წლის ლევან ჯიქია
ლევან ჯიქიას სამი შვილი ჰყავს. ამჟამად უმუშევარია, სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში. ქმნიდა ხელნაკეთ ნივთებს. სასამართლო სხდომაზე არაფერი უთქვამს. ცნობილია, რომ დანაშაულს არ აღიარებს.
71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი
ექიმი-პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი პირველია, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახედ არა პატიმრობა, არამედ გირაო შეუფარდეს.
გიორგი ჩახუნაშვილი 11 ოქტომბერს გამთენიისას გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო, 20 000 ლარი გადაიხადა.
ოჯახმა, მოქალაქეების დახმარებით, გირაოს თანხა დაახლოებით ერთ საათში შეაგროვა.
გიორგი ჩახუნაშვილს პროკურატურა ედავება 4 ოქტომბრის აქციაზე „სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას“ და „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას“.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის კითხვაზე, აღიარებს თუ არა დანაშაულს, ექიმმა უპასუხა:
„ ... მე არ ვთვლი, რომ დანაშაული ჩავიდინე, კითხვაზე, ვიყავი თუ არა?- ყოფნით ვიყავი, მეორე კითხვაზე - რას ვაკეთებდი, დანაშაული არ ჩამიდენია.. ვასრულებდი ჩემს სამედიცინო მოვალეობას აქციის დაწყებიდან ბოლომდე, მე იქ ჩავატარე პირველი სამედიცინო დახმარებები. დღეს რომ იყოს იგივე მდგომარეობა, დღესაც იგივეს ჩავატარებდი. ვემხრობი თუ არა ევროპულ სტანდარტებს? - დიახ, ვემხრობი და აქციაზე ვიყავი, მაგრამ ვადასტურებ, რომ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია“.
71 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგია. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 ოქტომბერს დედაქალაქში გამართულ აქციაზე ყოფნის დროს ამოიცნეს და მის დასაკავებლად ათობით პოლიციელი გააგზავნეს მის საცხოვრებელ კორპუსთან - თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე.
ჩახუნაშვილი 9 ოქტომბერს, 22:25 საათზე დააკავეს.
ცნობილ ექიმს მხარდაჭერა გამოუცხადეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა. პედიატრი თემურ მიქელაძე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გახსნილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბს ხელმძღვანელობდა, მზად იყო, თავდებში ჩასდგომოდა კოლეგას, გიორგი ჩახუნაშვილს.
40 წლის პირველი გიორგი მულაძე
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად სხდომათა დარბაზში იჯდა კიდევ ერთი დაკავებული, 40 წლის გიორგი მულაძე. ის პროფესიით გეოფიზიკოსია. დაკავებამდე ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობდა. ჰყავს ცოლი და ერთი არასრულწლოვანი შვილი. მის შემთხვევაში პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, რაც ადვოკატმა, თამარ ენუქიძემ ასაკობრივ დისკრიმინაციად მიიჩნია.
„აპელირება ასაკზე ფაქტობრივად ასაკობრივი დისკრიმინაცია გამოვიდა, რადგან უფრო ახალგაზრდაა, მის წინააღმდეგ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული?“, - დასვა კითხვა ადვოკატმა სასამართლოზე, თუმცა პასუხი არ მიუღია.
აქციაზე დედასთან ერთად იყო. ადვოკატ, თამარ ენუქიძის თქმით, პროკურატურას მტკიცებულებები სრულად ჯერ არ გადაუცია, მაგრამ იმ კადრების თანახმად, სადაც მულაძე ჩანს, შეუძლია თქვას, რომ არავისზე უძალადია.
„კადრების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კართან დგას, ქუჩის მხრიდან. სამი წუთი დაყო ადგილზე. დედამისი მოშორებით იდგა, ფეხი აწუხებს. მასთან ავიდა და მალევე დატოვეს შემთხვევის ადგილი“, - ამბობს ადვოკატი.
გიორგი მულაძე ბრალს არ აღიარებს. მან სასამართლოზე თქვა, რომ აქციაზე პირიქით, სხვებს მოუწოდებდა სიმშვიდისკენ... საუბარი მეტად ვეღარ გააგრძელა, თქვა, რომ „ნერვიულობს“.
მას პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლეს არ დაუსაბუთებია, რით განასხვავა ეს ორი საქმე (ჩახუნაშვილი და მულაძე) ერთმანეთისგან.
40 წლის ია დარახველიძე
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის შემდეგ, ია დარახველიძე მეორე დაკავებულია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავდაპირველად, პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ რაც ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ ჯანმრთელობის ცნობა წარადგინა, ბრალდების მხარემ შესვენება ითხოვა და ერთსაათიანი ფიქრის და მოლაპარაკების შემდეგ, პატიმრობა გირაოთი შეცვალა.
ვითარება დაამძიმა გარემოებამ, რომლის თანახმადაც ია დარახველიძე დაკავების შემდეგ იზოლატორში ცუდად გახდა. ადვოკატის ეს მონათხრობი პროკურორს წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლებმაც დაუდასტურეს.
პროკურატურა იას მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ის კრეატიული დირექტორი და მუსიკოსია. დააკავეს ქუთაისის აეროპორტში. ადვოკატის თქმით, ბერლინში მიფრინავდა ღონისძიებაზე დასასწრებად და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობს. პროკურორ ქეთევან სონიძის თქმით, კი ის „სინამდვილეში მართლმსაჯულებას გაურბოდა“.
ია დარახველიძემ რუსთავის ქალთა ციხე 11 ოქტომბერს გვიან ღამით დატოვა, მას შემდეგ, რაც გადაიხადა 10 000-ლარიანი გირაო. ეს თანხა სოციალურ ქსელის დახმარებით მეგობრებმა 10 წუთში შეაგროვეს.
„მე გამაძლებინეს ჩემმა მეგობრებმა, გარეთ მყოფი ხალხის თანადგომამ, როცა მესმოდა, რომ ჩემზე ფიქრობდნენ და ღელავდნენ. ზუსტად ვიცი, რომ პოლიტპატიმრებს ეს ამშვიდებთ, რომ ჩვენ მათი გულისთვის გარეთ ვდგავართ, მათთვის ვიბრძვით. ველოდებოდი, რომ დამაპატიმრებდნენ და დიდი ხნით წავიდოდი ციხეში, მაგრამ... ყველას დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი ასე დამთავრდა. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - თქვა ია დარახველიძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.
52 წლის გოჩა ყატაშვილი
გოჩა ყატაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს. მათგან ორი სტუდენტია, ორი კი სკოლის მოსწავლე. თვითდასაქმებულია.
მისი ადვოკატის, თამაზ გურაშვილის თქმით, ცოლი კულინარია და მას ეხმარება. საშუალო განათლება აქვს, არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ წარმოადგენს.
„არავის მოწოდებაზე და დაძახილზე აქციაზე არ წასულა, როგორც მოქალაქეს თავისი პროტესტი ჰქონდა და გამოხატა კიდეც“, - ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, ყატაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. წლების წინ ცე ჰეპატიტი გადაიტანა და ისეთ გარემოში, როგორიც ციხეა, არ გამორიცხავს, რომ დაავადებამ თავი ხელახლა იჩინოს. გულის პრობლემები და სუნთქვის უკმარისობა აწუხებს მის მცირეწლოვან შვილს.
ადვოკატს გამომძიებელთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა და ყველა დოკუმენტის გადაცემას აპირებს. ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სხდომა იმდენად სწრაფად დაინიშნა, რომ სიღნაღიდან საჭირო დოკუმენტების ჩამოტანა ვერ შეძლო. თუმცა აქვე განმარტავს, რომ ეს არ არის იმ შინაარსის სამედიცინო დასკვნები, რომ პატიმრობის შეცვლის საფუძველი გახდეს.
პროკურატურის ვიდეომტკიცებულებების თანახმად, გოჩა ყატაშვილი დგას პრეზიდენტის ადმინისტრაციის რკინის კარის უკვე მორღვეულ ამაღლებაზე და ხელით მოუწოდებს ხალხს შევიდნენ ეზოში, მეორე კადრში ბრალდებული უკვე სასახლის ეზოშია.
„ის არ ახორციელებს ძალადობრივ ქმედებას, არც რაიმეს ისვრის, უბრალოდ გადი-გამოდის ეზოში“, - ამბობს ადვოკატი. ყატაშვილი ბრალდების შინაარს არ აღიარებს.
48 წლის სულხან აბრალავა
სულხან აბრალავა წარმოშობით სოხუმიდანაა. რეგისტრაციის ადგილი წალენჯიხაა, თუმცა წლებია თბილისში ცხოვრობს. ჰყავს ცოლი და 6 წლის შვილი. საშუალო განათლება აქვს და თვითდასაქმებულია - ხელოსანია.
მისი ადვოკატის, სოფო თეთრუაშვილის თქმით, სამი წლის წინ თირკმელზე ოპერაცია გაიკეთა, ავთვისებიანი სიმსივნური წანაზარდი ჰქონდა.
წინასასამართლო სხდომამდე ადვოკატი დაცვის სტრატეგიაზე ღიად არ საუბრობს, რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აქციაზე გავიდა, რათა „ხალხის გვერდით დამდგარიყო“.
პროკურატურის გავრცელებული ვიდეოს თანახმად, აბრალავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ დგას. ერთ-ერთ კადრში რკინის ნაწილს აძრობს უსაფრთხოების ჯებირს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოსკენ ისვრის.
21 წლის ბექა ქელეხსაშვილი
„ბექა ქელეხსაშვილი ქუჩაში გავიდა, რადგან პროტესტის გამოხატვა სურდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მისი ადვოკატი, ვლადიმერ ბუხრიკიძე. მისი დაცვის ქვეშ მყოფი დასაოჯახებელია, ჰყავს დედა, მამას არ იცნობს.
ის წარსულში ნასამართლევია, ნარკოტიკების მოხმარება/შენახვაზე და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებისას პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, რაც ადვოკატ ვლადიმერ ბუხრიკის შეფასებით, ვითარებას ართულებს.
ბექა ქელეხსაშვილი თვითდასაქმებულია, საშუალო განათლებით. არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას.
38 წლის გიორგი კირვალიძე
მოკრივე, გიორგი კირვალიძე პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა, მას შემდეგ, რაც ადიგენში, სახლში სამართალდამცველებმა მიაკითხეს. იქ კირვალიძის ნაცვლად მისი ძმა დახვდათ. სწორედ მან შეატყობინა გიორგის, რომ ეძებდნენ. თავად ვარჯიშზე იყო. დასრულებისთანავე პოლიციაში გამოცხადდა, სადაც დააკავეს კიდეც.
გიორგი კირვალიძე პროფესიონალი მოკრივეა. იყო საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების წევრი, აქვს კრივის მწვრთნელის საერთაშორისო სერტიფიკატი.
მისი ადვოკატის ბორის ჩელე ყურუას თქმით, ახალციხეში სპორტდარბაზს აშენებდა და ბავშვებს ავარჯიშებდა უფასოდ.
იქამდე სანამ პროკურატურა დაცვის მხარეს ყველა მტკიცებულებას წარუდგენს, ადვოკატები სტრატეგიაზე საუბარს ერიდებიან.
ცნობილია, რომ მოკრივე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილოებასა და სტრატეგიული ობიექტის აღების მცდელობის შესახებ ბრალდებას არ აღიარებს.
21 წლის ამირან დოლიშვილი
ამირან დოლიშვილი დედასთან და ძმასთან ერთად მცხეთის რაიონის სოფელ მუხროვანში ცხოვრობს. 9 ოქტომბერს სახლში 8 წლის ძმის თვალწინ დააკავეს. ამირან დოლიშვილმა სასამართლოში თქვა, რომ დაკავებისას სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოგვიანებით, მისმა ადვოკატმა მარიამ შათირიშვილმა დაამატა, რომ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას სახეში „საკმაოდ მძიმედ ჩაარტყა“.
ამირან დოლიშვილს საშუალო განათლება აქვს და საოჯახო მეურნეობაში ეხმარებოდა დედას იქამდე, სანამ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებოდა.
„საოპერაციოდ ემზადებოდა, თუმცა დააკავეს“, - ამბობს ადვოკატი.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძე დაინტერესდა, როგორ გრძნობდა თავს დაკავებული, რადგან ადვოკატის მიერ წარდგენილ ფორმა 100-ში „ხანგრძლივი მკურნალობის შესახებ არაფერი ეწერა“.
ამირან დოლიშვილის თქმით, მას პერიოდულად, ოპერაციის შემდეგ სამედიცინო პროცედურები ჭიდება - სხვა საჭიროება კი არ აქვს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თეთრებში ჩაცმული ამირან დოლიშვილი, მხრებზე საქართველოს დროშით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ამაღლებაზე დგას, სადაც უკვე აღარაა დამაგრებული რკინის კარი.
მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიულ ობიექტზე შეჭრის მცდელობის ბრალდებებს უყენებენ.
66 წლის ზაქრო ალბუთაშვილი
ზაქრო ალბუთაშვილის მონათხრობის თანახმად, 4 ოქტომბერს, აქციის ღამეს, სამსახურში იყო. ამბობს, რომ რუსთაველის 37 ნომერში, დაცვის სამსახურში მუშაობს და ამ ადგილის უსაფრთხოების კონტროლი და დაცვა ევალება.
„ყოველთვის, როცა იქ იკრიბებოდა საზოგადოება და მიტინგი იმართებოდა, დამატებით ვცხადდებოდით და შიდა პერიმეტრის გარდა, გარე პერიმეტრსაც ვიცავდით, სახელმწიფო და კერძო საკუთრებას ვუფრთხილდებოდით, რომ მაგალითად ხანძარი არ გაჩენილიყო... ადამიანები ვართ და რა თქმა უნდა, გავიცანი მომიტინგეები, მქონდა მათთან ურთიერთობა, მაგრამ მომხრე არასდროს [ვყოფილვარ]....“.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს საღამოს ხმაური გაიგონა, დაინტერესდა, რა ხდებოდა და იქითკენ წავიდა, საიდანაც ხმა ისმოდა. ის აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისულს მხოლოდ მშვიდობა და ხალხის დაშოშმინება ჰქონდა განზრახული. განზრახვის დასადასტურებლად კი ამბობს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს „ხელზეც კი ეამბორა, კეთილგანწყობის გამოხატვის მიზნით“.
„ქვების აყრა რომ დაიწყეს, ვფიქრობდი, მაყურებლის როლი ვითამაშო, მეც იგივე გავაკეთო, თუ ხალხს ვუთხრა, რომ ეს არის უმსგავსობა.... ავდექი, პირდაპირ მივედი და შევედი, კადრებშიც იქნება, რომ გდდ-ს თანამშრომლებთან ხელებაწეული მივდივარ... გადავსახე პირჯვარი და ხალხს მივმართე: ჩემო კარგებო, არ შეიძლება, ეს არ არის არც კონსტიტუციური არც იურიდიული... ხალხს ქვები დავაყრევინე, ბატონო მოსამართლე. გდდ-ს უფროსი მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და კარგით ბატონო ზაქრო, მიბრძანდითო, მადლობაო, ეს იყო ჩემი ქმედება“, - ამბობს ზაქრო ალბუთაშვილი.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოებშიც ჩანს, რომ ზაქრო ალბუთაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა ტერიტორიაზეა და გდდ-ს თანამშრომლებს ესაუბრება.
მოსამართლე, ეკა ბარბაქაძემ იკითხა, როგორ დაადასტურებს, რომ 4 ოქტომბერს ნამდვილად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა? - ამ ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებო - უპასუხა მან.
„სასამართლო ხელმძღვანელობს იმ მასალებით რაც აქვს წარმოდგენილი“, - დააბრუნა პასუხი მოსამართლემ.
66 წლის კაცი თბილისში ცოლთან ერთად ცხოვრობს. მხოლოდ ერთი თირკმელი აქვს, მეორე ავთვისებიანი სიმსივნის გამო 2015 წელს ამოკვეთეს. ბრალდებულის ადვოკატი, ოთარ სუყაშვილი გვეუბნება, რომ ზაქროს ჯანმრთელობა ციხეში რთული მისახედი იქნება:
„ახლა გამოთხოვილი გვაქვს მისი ჯანმრთელობის სრული ისტორია. მივიღებთ ამ დოკუმენტაციას და შემდეგ მივმართავთ პროკურატურას, რომ შევიდეს შუამდგომლობით სასამართლოში, პატიმრობის შეცვლის შესახებ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ საპატიმროს პირობებში იმკურნალოს“, - ეუბნება ოთარ სუყაშვილი რადიო თავისუფლებას.
სასამართლო სხდომაზე მოსამართლე, ეკა ბარბაქაძე დაინტერესდა იმ მომენტისთვის, როგორი იყო ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. პასუხის მიღების შემდეგ კი დაასკვნა:
„ანუ განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებთ“.
54 წლის გიორგი ქორქია
გიორგი ქორქია თბილისში ცხოვრობს. პოლიციის განყოფილებაში თავისი ფეხით მივიდა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ 8 ოქტომბერს მის სახლში ჩხრეკაზე შევიდნენ
„როგორც ადამიანს ისე უნდა შემოგვხედოთ, ჩვენ ვართ პატრიოტი ადამიანები...“, - ასე მიმართა მან მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს. გიორგი ქორქია ადასტურებს, რომ აქციაზე იყო, თუმცა ამტკიცებს, რომ კანონი არ დაურღვევია.
„მე მაქვს ჩემი საქმე, სადაც ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპამდე მივდივარ მეგობრებთან ერთად, არ მაქვს ფუფუნება, რომ დანაშაული ჩავიდინო, ჩემს უკან არის ხალხი, რომელიც მიყურებს, გარემოებებიდან გამომდინარე, მე მოვხვდი რაღაც ეპიცენტრში, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ, მე არსად გამქცევი არ ვარ, ჩემი ნებით დავრეკე პოლიციაში, როცა გავიგე ასეთი რამ მოხდა ჩემს სახლში [გულისხმობს ჩხრეკას -რ.თ.]“, - თქვა გიორგი ქორქიამ სასამართლოზე.
მისი ადვოკატის გაგი მოსიაშვილის თქმით, გიორგი ქორქიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მხოლოდ 5-10 წუთი დაყო:
„თუმცა მისი იქ ყოფნა გახდა დაკავების საფუძველი...ნულოვანი ტოლერანტობა არის ის გარემოება, რაც ამ ვითარების გამანეიტრალებელი შეიძლება იყოს?... შემჩნეულია ორგანიზატორებთან ურთიერთობაში, შემჩნეულია ჯგუფის წევრებთან კონტაქტში? ნაცნობობა აკავშირებს? გამოკვლეული აქვს ბრალდების მხარეს?“, - თქვა ადვოკატმა.
გიორგი ქორქია ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად ის იგინება და ისვრის რაღაც ნივთს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს მიმართულებით.
38 წლის ირაკლი ჩხვირკია
აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია აფხაზეთიდან დევნილია და თბილისში ნაქირავებ ბინაში პირველი ჯგუფის ინვალიდ დედასთან და მეორე ჯგუფის ინვალიდ ბებიასთან ერთად ცხოვრობს.
„სოციალურად დაუცველები არიან და ირაკლია მათი ერთადერთი მარჩენალი“, -თქვა სასამართლო სხდომაზე ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა, ბორის ჩელე ყურუამ.
ირაკლი ჩხვირკიას თქმით, ერთი პერიოდი საქართველოში არ ცხოვრობდა და 2024 წლის 4 მაისს დაბრუნდა, რადგან დედას დამოუკიდებლად სიარული აღარ შეეძლო, ბებიას კი მეხსიერების პრობლემები დაეწყო.
თავს ტაქსის მძღოლობით ირჩენს, პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა აეროპორტის დასახლებაში გამოძახებაზე მიდიოდა.
ირაკლი ჩხვირკია წლების განმავლობაში პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, იქამდე სანამ გარიცხავდნენ. ეს კი 2017 წლის მარტში ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება, რომელსაც არეულობა მოჰყვა. ირაკლი ჩხვირკიას ამ აქციის ორგანიზებაში დასდეს ბრალი კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძესთან ერთად და გაასამართლეს კიდეც.
2018 წელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე დაკავებულს წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავდაპირველად გამოძიება ღოღობერიძეს და ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებოდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობდა. თუმცა შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდა და დაკავებულებს სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯათ, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას.
ირაკლი ჩხვირკია 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კი მოხალისეების რიგებს შეუერთდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხარს უჭერდა კოალიციას „ცვლილებისთვის“.
ის ადასტურებს, რომ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეა, თუმცა ძალადობისა და სტრატეგიულ ობიექტში შეჭრის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს.
„მე რომ იმ ადგილას, იმ პროცესში, რასაც ე.წ. რევოლუცია დაარქვეს, ვიყავი, ეს არის ფაქტი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქვა არ მისვრია, პოლიციელი არ გამილახავს, არაფერს ვიღებდი და ვიპყრობდი.
4 ოქტომბერს როცა ჩავედი და დავინახე, რომ ღობე ჩამოგდებული იყო, ღობესთან ვიდექი შიგნით არ შევსულვარ, გაზი შემომესხა, გავძახე რამდენიმე სიტყვა - არ ისროლოთ ნუ აღიზიანებთ მეთქი და შემასხეს ცრემლსადენი გაზი, თვალები ამეწვა და გამოვედი.
კი იქ ვიყავი არ ვმალავ, კი მე მინდა ეს ხელისუფლება შეიცვალოს, არ მაქვს ამის უფლება? არც ეს არაა დანაშაული, არჩევნებზე მივალ და მათ წინააღმდეგ მივცემ ხმას, არც ესაა დანაშაული... ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რაც არ უნდა არ მომწონდეს, როგორც იქცევა, სანამ ფორმა აცვია ხელი დავარტყა, პოლიციელს და ვიძალადო“, - თქვა ირაკლი ჩხვირკიამ.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ იკითხება: „ვინ აქცევდა დედას და ბებოს ყურადღებას იქამდე, სანამ თქვენ საქართველოში არ იყავით?“.
ირაკლი ჩხვირკიას თქვით, და-ძმა ჰყავს მამის მხრიდან, დედის მხრიდან კი დედისერთაა. მისი მშობელი, იქამდე სანამ წაიქცეოდა და ფეხს იტკენდა, თავს თავად უვლიდა. ახლა კი ვეღარ დადის.
მოსამართლე: მაშინ ასე დაგისვამთ შეკითხვას, თქვენ თქვით ვტაქსაობო და ტურისტები დამყავს ქალაქგარეთო და იმ დროს ვინ უვლის თქვენს ბებიას და დედას?
ირაკლი ჩხვირკია: სახლში დადის დედაჩემი, უბრალოდ მაღაზიაში ვერ გადის, ექიმთან, ვერ ჭამს ვერ სვამს, მე ვუვლი...მე ვეხმარები გადაადგილებაში და იმ საჭიროებებზე რაც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება.
30 წლის ავთანდილ სურმანიძე
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ავთანდილ სურმანიძე 10 ოქტომბერს შუაღამით ბათუმში დააკავეს. მას ბრალი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წაუყენეს. სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას არ ედავებიან.
ავთანდილ სურმანიძე ხულოდანაა, ჰყავს მშობლები, ორი ძმა და ერთი და. მშობლების ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ოჯახის მოსანახულებლად ბათუმში ის დაახლოებით ერთი თვის წინ ჩავიდა უკრაინიდან და 4 ოქტომბრის საღამოს ათონელის ქუჩაზე იმყოფებოდა, თუმცა, მისი თქმით, არავითარ ძალადობაში არ მონაწილეობდა.
„დაკავების პროცესზე არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. არც ჩემ გვერდით მსხდომ ადამიანებს არავის არ ვიცნობ, ყველა ერთად ვყოფილვართ თურმე აქციაზე. არასდროს არ ავყოლივარ არანაირ მოწოდებას, რაც შეეხებოდა ჯგუფურ თავდასხმას ან საერთოდ, ძალადობას.
ამ დღეებში წასვლას ვაპირებდი უკრაინაში იმიტომ, რომ 3 წელზე მეტია მე აქ არ ვიმყოფები და ვარ ჩართული ასე ვთქვათ ჩვენი მომავლის საკითხში.
სასჯელი რაც იქნება, მე არც შიში არ მაქვს და არც იმის, ასე რომ ვთქვათ, ალბათობა, რომ მარტივად მოგვარდება... ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელი ჩემი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც აქ იმყოფებიან ახლა და ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ ასობით კილომეტრი უნდა ჩამოვიდნენ ჩემს სანახავად“,- თქვა სურმანიძემ სასამართლო სხდომაზე.
ავთანდილი უკრაინაში თითქმის ომის დაწყების დღიდან იბრძვის, ის ფეხშია დაჭრილი და ხუთამდე ოპერაცია აქვს გაკეთებული უკრაინაში. სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ავთანდილ სურმანიძეს მიღებული აქვს კონტუზია და შშმ პირის სტატუსის მისაღებად, თბილისში საკომისიო შემოწმება უნდა გაევლო.
ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„რამდენჯერმე არის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაჭრილი. არის შშმ პირის სტატუსის მქონე, წარმოდგენილი არის მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები [უკრაინულ ენაზეა] ბრალდებულის ძმამ გადმოუგზავნა გამომძიებელს.
ეს მტკიცებულებები ადასტურებს მისი ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობას“, - თქვა ადვოკატმა.
ფარჩუკაშვილის თქმით, დროის სიმცირიდან გამომდინარე ვერ მოასწრეს დოკუმენტაციის თარგმნა, ბრალდების მხარემ კი განაცხადა, რომ მისთვის ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული, როგორც შშმ პირის, ისე ვეტერანის სტატუსი.
„ჩვენ მოგვეცა რეალური დრო წარვადგინოთ მტკიცებულებები ქართულ ენაზე ნათარგმნი, შესაბამისი ფორმით დამოწმებული და ნათარგმნი და ვიმედოვნებთ და ვიმედოვნებთ რომ აპელაცია, რომელიც განიხილავს ჩვენს სააპელაციო საჩივარს აღკვეთთან დაკავშირებით ამ გარემოებას გაითვალისწინებს და ავთანდილ სურმანიძესაც შეეცვლება აღკვეთის ღონისძიება და მის მიმართაც გამოყენებული იქნება გირაო“, - თქვა ადვოკატმა.
ავთანდილ სურმანიძე უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო ბატალიონში მსახურობდა სითბური რაკეტების მსროლელად და ინსტრუქტორად. ის ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის, "ალტერნატივის" წევრიცაა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველების დაკავშირებას "ტერორიზმთან და შეთქმულება/ამბოხთან" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მანამდეც ცდილობდა. ამ მიმართულებით გრიფით "საიდუმლო" საქმეს სუსიც იძიებს, გასული წლის ზაფხულში უწყებაში მოწმის სახით გამოკითხვაზეც იყო დაბარებული უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი.
საქართველოს ხელისუფლება არცთუ იშვიათად აკრიტიკებს უკრაინაში მებრძოლ თავის მოქალაქეებს და მათ საქართველოში „რევოლუციური პროცესების“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
ნანა (ნანუ) სანდერი
პროევროპული აქციების მონაწილე, აქტივისტი ნანა (ნანუ) სანდერი 8 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად ედება 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზება. პროკურატურის ცნობით, ის სოციალური ქსელის გამოყენებით აორგანიზებდა ძალადობას, აგროვებდა ფულს ეკიპირებისა და აღჭურვილობისთვის, ასევე გასცემდა მითითებებს, როგორ გაეწიათ წინააღმდეგობა სამართალდამცველებისთვის.
„იგი კატეგორიულად მოითხოვდა სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული თუ მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას და სახელმწიფო დაწესებულების შენობების საჯარო მოსამსახურეებისაგან დაცლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი როგორც ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორი ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს, 4 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ხასიათის ანგარიშსწორება“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ნანა სანდერი სოციალურ ქსელში საკუთარ თავს „თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველს უწოდებს“. ის თითქმის 16 წელია რაც გერმანიაში შტუტგარტში ცხოვრობს.
„უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აქტიურად ვიბრძვი ადამიანის უფლებებისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის. შესაძლოა, უკვე გინახივართ კიდეც შტუტგარტის ან თბილისის ქუჩებში. ამ ზამთარსაც სპეციალურად ჩავედი საქართველოში, რომ ათასობით ქართველთან ერთად დე ფაქტო პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლა.
მიმდინარე წელს, თანამოაზრეებთან ერთად დავიწყე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა „საქართველოს პულსის" შექმნა. ჩვენ ვაერთიანებთ ქართველებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ: სტუდენტებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, ეკონომისტებს, იურისტებს, მასწავლებლებს, ხელოვანებს და ა.შ.“, - ამბობს ნანა სანდერი ვიდეოში, რომელიც www.gofundme.com-ზე ატვირთა.
ამავე ვიდეოში აქტივისტი ფულად დახმარებას ითხოვს, რათა 4 ოქტომბრის აქციისთვის თავის დასაცავი აღჭურვილობის ყიდვა შეძლოს.
4 ოქტომბრის აქციის შემდეგ, ნანა სანდერის დაკავებამდე, სოციალურ ქსელში ის ბევრჯერ ახსენეს. ზოგიერთები ეჭვობდნენ, რომ მან ემიგრანტების ფული მითვისა, თუმცა თავად მან ბრალდებები უარყო.
ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც ადრე სანდერს აკრიტიკებდა, საჯაროდ ბოდიში მოიხადა, დასძინა რომ ფულთან დაკავშირებით ბრალდებები მისი მისამართით ამ ეტაპზე არ დადასტურებულა.
ნანუ სანდერის დაკავების შემდეგ პირველ სხდომას მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი თავმჯდომარეობდა. ნანა სანდერის ადვოკატმა სხდომის გადადება ითხოვა, არგუმენტით, რომ „დიდი მოცულობის დოკუმენტებია და მისი გაცნობა ვერ მოასწრეს“. მოსამართლემ თხოვნა არ დააკმაყოფილა, რაზეც ქალი გაღიზიანდა და საბოლოოდ ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
„შენიშვნას აქეთ მოგცემთ, თქვენი თავი ლეგიტიმური გგონიათ?!
როგორც აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლო არ არის ლეგიტიმური, ისე თქვენ არ ხართ ლეგიტიმური!“
მოსამართლე:გაიყვანეთ დროულად!
ნანა სანდერი ბადრაგს:ნუ მეჭიდავები! აქ არ მთავრდება ცხოვრება!
44 წლის რამაზ მამულაძე
რამაზ მამულაძე აქციაზე ხობიდან ჩავიდა. ის უმუშევარია, 13 წელი ხობის შავლეღის საჯარო სკოლის დირექტორი იყო და გასულ წელს გაათავისუფლეს. მისი ოჯახის წევრები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მიზეზი „პოლიტიკური შეხედულებები გახდა“.
„თათბირზე იყო რაიონში, სადაც სწავლის დაწყების საკითხებს განიხილავდნენ და სახლისკენ გზაში დააწიეს, რომ ამ თანამდებობას აღარ იკავებდა. ერთი თვე მოხსნილი იყო და არ ეუბნებოდნენ“, - უყვება რადიო თავისუფლებას რამაზ მამულაძის ძმა დავით მამულაძე.
ის ეკონომიკისა და სამართლის სპეციალისტია. სკოლიდან გათავისუფლების შემდეგ აღარ მუშაობს და უსინათლო დედას უვლის.
„არ გვრცხვენია, რომ აქ ვართ დღეს, სასამართლოში, ამაყები ვართ კიდეც“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას რამაზ მამულაძის ახლობლებმა, რომლებიც საქალაქო სასამართლოში სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.
პროკურატურის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამაზ მამულაძე პრეზიდენტის სასახლის რკინის კარს სხვებთან ერთად ანჯღრევს და მის წინ დადის.
54 წლის ხვიჩა გოგოხია
54 წლის ხვიჩა გოგოხიას შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი, მან აირჩია სტრატეგია და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან.
ადვოკატი, ზაალ დავითაია ამბობს, რომ „დანარჩენს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ“ იტყვის.
ის ელის, რომ წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურა ახალ მტკიცებულებებს მოაგროვებს.
პროკურატურის მტკიცებულების თანახმად, ის ერთ-ერთი პირველია, რომელიც სხვა დემონსტრანტებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შედის.
25 წლის საბა კორძაია
საბა კორძაია სენაკში ცხოვრობს. 4 ოქტომბრის აქციამდე სამი კვირით ადრე თბილისში ჩამოვიდა და პარლამენტის წინ კარავში ცხოვრობდა.
პროფესიით მზარეულია. ასევე, ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში, თუმცა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს.
ადვოკატ, გვანცა ჯოჯუას ცნობით, ცოლს გაშორებულია, ჰყავს სამი წლის შვილი და სენაკში ბებიასთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც სიმსივნე აქვს.
„სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ, მაგრამ ფინანსურად უკიდურესად მოწყვლადები არიან, ძალიან უჭირთ... გზის ფული არა აქვთ“...- თქვა ადვოკატმა გვანცა ჯოჯუამ სასამართლო სხდომაზე.
საბა კორძაია 8 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ის აქციის შემდეგ რეგიონში არ დაბრუნებულა. პროკურატურის ცნობით, მან პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.
ჯამში, 4 ოქტომბრის საქმეზე 46 ადამიანს წაუყენეს ბრალი.
46 დაკავებულიდან პატიმრობა 44-ს შეუფარდეს;
- გირაო მხოლოდ ორს - ია დარახველიძისა და გიორგი ჩახუნაშვილს.
- 46-დან 5-ს (პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, სტრატეგიული ობიექტის აღებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას ედავებიან;
- 1-ს ნანუ სანდერს მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს;
- ორს (ია დარახველიძესა და ავთანდილ სურმანიძეს) ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან;
- დანარჩენებს - ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობასაც და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასაც.
აღკვეთის ღონისძიების სხდომები განიხილეს მოსამართლეებმა: არსენ კალატოზიშვილმა, ფიქრია სიქტურაშვილმა, ევა ბარბაქაძემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა, მზია გარშაულიშვილმა, ლელა მარიდაშვილმა.
წინასასამართლო სხდომები ნოემბერსა და დეკემბერში ჩაინიშნა. იქამდე პროკურატურას ორი თვე აქვს გამოძიების დასასრულებლად. მოსალოდნელია, რომ საქმეს ახალი მტკიცებულებები დაემატება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები.
იქამდე, ადვოკატები საქმის მასალების დეტალურ ანალიზს ერიდებიან, რადგან ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.