6 იანვარს დაახლოებით ათასმა კაცმა მოიყარა თავი ქალაქ ყარაგანდაში, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში მომხდარი ჯგუფური ჩხუბის დროს, 1 იანვარს, ერთი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. სამი დაჭრილი მკურნალობას გადის საავადმყოფოში. პოლიციის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები სამართალდამცველებს მოუწოდებდნენ დამნაშავეთა დასჯისა და „სამართლიანობის“ აღსრულებისკენ, ვინაიდან დემონსტრანტთა ნაწილი ეჭვობს, რომ „მკვლელები ფულით შეძლებენ სასჯელის თავიდან აცილებას“.
მათ აღშფოთებას ისიც აძლიერებს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მთავარი პირი ჯერჯერობით მიმალულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ წელს ჩხუბი ატყდა ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის, რომელთაგან ერთი მთლიანად ეთნიკური სომხებისგან შედგებოდა.
რატომ მოითხოვდნენ დემონსტრანტები სომხების დეპორტაციას
ზემოხსენებული ინციდენტი საფუძველი გახდა ეთნიკური დაძაბულობისა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა მკვლელობაში დაადანაშაულეს ეთნიკური სომხები.
გპირდებით, როგორც რეგიონის ხელმძღვანელი და ადგილზე პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომ მთავარ ეჭვმიტანილს, რომელიც ჯერჯერობით გარეთაა, ორ-სამ დღეში დააპატიმრებენ.ერლან ქოშანოვი
ყაზახეთის სახელმწიფო მედიით 3 იანვარს გავრცელებული ცნობების თანახმად, ყარაგანდის პოლიციამ დააკავა სამი ეჭვმიტანილი - ტორგომ მალხაშიანი, სოხალ მალხაშიანი და ქაიარ ნადირბეკოვი.
მთავარი ეჭვმიტანილი, 21 წლის ნარეკ გურურიანი, ჯერჯერობით გარეთაა.
სოციალურ ქსელ იუთუბისა და ტელეგრამის საშუალებით 7 იანვარს გავრცელებულ ვიდეოზე მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს 1997 წელს დაბადებულ ნარეკ გურურიანად წარმოადგენს, აღიარებს, რომ მიიღო მონაწილეობა ჩხუბში, თუმცა აცხადებს, რომ არავინ მოუკლავს.
„მზად ვარ ჩავბარდე ყაზახეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას და ვთხოვ მას, რომ უზრუნველყოს ჩემი უსაფრთხოება და საქმეზე გამჭვირვალე გამოძიება. მზად ვარ ჩადენილზე პასუხი ვაგო, მაგრამ ვერავის ცოდვას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე. მე არ ვარ მკვლელი“, - აცხადებს ეჭვმიტანილი.
პოლიციის შენობის წინ შეკრებილი უკმაყოფილო დემონსტრანტების ნაწილი სომხების ქვეყნიდან დეპორტაციასაც კი მოითხოვდა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დემონსტრანტებმა აქცია შეწყვიტეს.
ადგილობრივი ხელისუფლება კატეგორიულად გამორიცხავს დაპირისპირებას ეთნიკურ ნაიდაგზე და პასუხისგებაში მიცემით ემუქრება ყველა იმ პირს, ვინც შეეცდება ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მომხდარი ჩხუბი „გამოიყენოს ეთნიკური სიძულვილის გასაღვივებლად“.
ყარაგანდის რეგიონალური ხელისუფლების თავკაცმა, ერლან ქოშანოვმა, მათ პირობა მისცა, რომ პასუხს აგებს ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ყველა პირი.
„ეს საქმე კონტროლზე ჰყავს აყვანილი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას. გამოძიებას გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება. გპირდებით, როგორც რეგიონის ხელმძღვანელი და ადგილზე პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომ მთავარ ეჭვმიტანილს, რომელიც ჯერჯერობით გარეთაა, ორ-სამ დღეში დააპატიმრებენ“, - განაცხადა ქოშანოვმა და დასძინა, რომ „პასუხისგებაში მიეცემიან ეჭვმიტანილის ნათესავებიც, თუ ისინი მის დამალვას შეეცდებიან“.
გუბერნატორის საიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობისა და ხულიგნობის მუხლით.
გამოძიების პროცესში დაკავებულია 8 ეჭვმიტანილი, ერთზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება კატეგორიულად გამორიცხავს დაპირისპირებას ეთნიკურ ნაიდაგზე და პასუხისგებაში მიცემით ემუქრება ყველა იმ პირს, ვინც შეეცდება ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მომხდარი ჩხუბი „გამოიყენოს ეთნიკური სიძულვილის გასაღვივებლად“, - ნათქვამია გუბერნატორის საიტზე განთავსებულ განცხადებაში.
ყაზახეთი მრავალეროვანი ქვეყანაა, რომელშიც ათობით სხვადასხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობს. ოფიციალური პროპაგანდა ხოტბას ასხამს პრეზიდენტ ნურსულტან ნაზარბაევს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ყველა ერის ჰარმონიულ თანაარსებობას ცენტრალური აზიის 18-მილიონიან ქვეყანაში.