Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფადიშაჰი“ და „ტახტის მემკვიდრე“: 17 წლის კადიროვის ქორწილი, როგორც პოლიტიკური ჟესტი


ადამ კადიროვი თავის ქორწილში ოქროს პისტოლეტით და საათით, რომლის ორიგინალი შვიდი მილიონი დოლარი ღირს.
ადამ კადიროვი თავის ქორწილში ოქროს პისტოლეტით და საათით, რომლის ორიგინალი შვიდი მილიონი დოლარი ღირს.

ჩეჩნეთში გასულ შაბათ-კვირას რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის 17 წლის ვაჟის ადამ კადიროვის ქორწილი გაიმართა.

იზეიმეს ჭეშმარიტად - შვიდი მილიონი დოლარის ღირებულების საათი, დიდებული ფეიერვერკი და სროლა ოქროს პისტოლეტიდან.

ადამის ქორწილს, თავისი ძმების ქორწილებისგან ის განასხვავებს, რომ მის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ხოლო უფროსი დედმამიშვილების ქორწილები მკაცრად საიდუმლო ვითარებაში ჩატარდა.

„კავკაზ-რეალიიმ“ მოამზადა სტატია იმაზე, თუ როგორ ჩაიარა ზეიმმა და იყო თუ არა რამზან კადიროვის შვილის ქორწილი პოლიტიკური განცხადება.

ჩეჩნეთის მმართველის უფროსი და შუათანა ვაჟების, ახმატისა და ელის ქორწილების შესახებ ოფიციალურად ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მათი შეხვედრის შემდეგ. ადამის დაქორწინების შესახებ პირველი ცნობა გაავრცელა მისმა დამ, აიშატმა, რომელმაც წელს თებერვალში დატოვა პრემიერმინისტრის პოსტი და თავის „ინსტაგრამზე“ საკუთარი პოსტები წაშალა.

სწორედ იქ, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გამოაქვეყნა მან ადამის ქორწილის თაობაზე ინფორმაცია.

Stories-ში მან დაწერა, რომ ადამის ცოლს მედნი ჰქვია, რომ ის იმავე სოფლიდანაა, საიდანაც კადიროვები, ახმატ-იურტიდან (ადრე ცენტოროი)“ სადაც გაიმართა ქორწილი. აიშატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს, რომ ეს ადამის პირველი ქორწინება იყო. სავაროაუდოდ, ამის აღნიშვნა მას დასჭირდა „ნოვაია გაზეტა - ევროპაში“ გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც შარშან ზაფხულში ეწერა, რომ ადამ კადიროვმა თავის ძმასთან, ელისთან ერთად იქორწინა.

ადამის რჩეული გახდა ჩეჩნეთის მმართველის თანამებრძოლის, სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის არასრულწლოვანი ნათესავი.

„კავკაზ.რეალიის“ წყაროს თანახმად, ადამს ცოლად გაჰყვა მედნი, დელიმხანოვის შვილიშვილი - ანუ მისი უფროსი ქალიშვილის შვილი, რომელიც საჯაროდ არ ჩნდება ხოლმე. რუსეთში ქორწინება ოფიციალურად დაშვებულია 18 წლის ასაკს ზემოთ, თუმცა ზოგჯერ ადგილობრივ ხელისუფლებას ნებართვა ეძლევა გამონაკლისის სახით დაუშვას 16 წლის ახალგაზრდების დაქორწინებაც. ჩეჩნეთში ეს ასაკი 14 წლამდე დასწიეს.

ოქროს პისტოლეტი და სკანდალი საათის გამო

როგორც სოფლის მცხოვრებნი ჰყვებიან, ახმატ-იურტში შემავალი გზები დაიკეტა ქორწილამდე სამი დღით ადრე. უშვებდნენ მხოლოდ ქორწილში დაპატიჟებულ სტუმრებს.

მაგრამ მათაც ბევრი შეზღუდვა დაუწესეს: სტუმრებს მოსთხოვეს თავშეკავებული სამოსისა და ნაკლები სამკაულის ტარება, აუკრძალეს ფოტოსა და ვიდეოს გადაღება.

უშუალოდ სიძეს და მის უახლოეს წრეს მეტი თავისუფლება ჰქონდათ, რაც გამოჩნდა ქსელში გავრცელებული რამდენიმე სურათის თანახმად.

ფოტოზე ჩანს ადამ კადიროვი ოქროს პისტოლეტით, რომლითაც ის ჰაერში ისროდა საჭესთან მჯდომი. სხვათა შორის, მას კანონით ავტომობილის ტარების უფლებაც არ აქვს. ჩანს ადამის მაჯაზე საათიც, Jacob & Co. Billionaire ASHOKA, რომელიც 320 ბრილიანტით არის მორთული. ამ ვერსიის ორიგინალი შვიდი მილიონი დოლარი ღირს.

RBK წერდა 2020 წელს, რომ ამ ტიპის საათები ინდივიდუალური შეკვეთით მზადდება. ამავე ქორწილში მოხდა კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც უკავშირდება სპეცდანიშნულების რაზმის უფროსს აპტიალაუდინოვს. მისი ნაამბობით, ქორწილის გამო ერთი-ორი დღით დაეთხოვა უფროსობას და დაბრუნდა შინ Badollet Observatoire 1872 Chronograph-ის საათით. ტელეგრაფის არხი "ВЧК ОГПУ" წერდა, რომ საათის ფასი 270 ათასი ევროა, თუმცა კავკაზ.რეალიიმ იგივე საათი 155 ათას ევროდაც ნახა. „რატომ უნდა მრცხვენოდეს თქვენი, თუნდაც 270 ათასი ევრო ღირდეს ჩემი საათი? შეგიძლიათ რამე თქვათ ჩემი სიწმინდის წინააღმდეგ? თუ ვინმეს რამე მოვპარე, ან წავართვი, კიდევ, ჰო“, - უპასუხა ტელეგრამ-არხის ავტორებს ალაუდინოვმა და მათ უწოდა „უბადრუკები,“ რომლებიც MI-6-ზე მუშაობენ.

„ტახტის მემკვიდრე“

ქორწილის ინტრიგას წარმოადგენდა სიძის მამის, ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის შესაძლო არყოფნა ამ ქორწილში. ზეიმამდე რამდენიმე დღით ადრე, გროზნოში დაიწყო რუსეთის არქიტექტორთა კონგრესი, რომელზეც მას ურბანული მშენებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი პროფესიული ჯილდო მიანიჭეს. არც თავად ცერემონიაზე და არც მას შემდეგ, კადიროვი არ გამოჩენილა, მისი ჯილდო მის ნაცვლად გადაეცა ჩეჩნეთის ეკონომიკური და ტერიტორიული განვითარების მინისტრს, რუსტამშაპტუკაევს. მანვე წაიკითხა ჩეჩნეთის მეთაურის მისასალმებელი სიტყვაც.

ამავე დროს ჩეჩნეთის მოსახლეობაში გავრცელდა რესპუბლიკის პრესის მინისტრის მოადგილის, საიდ-მაგომედბაშიროვის მიერ ჩაწერილი ხმოვანი შეტყობინება. ის მოუწოდებდა ხალხს, "ელოცათ რამზანისთვის", რათა "ის უფალმა განკურნოს." "ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავეხმაროთ... აღავლინეთ ლოცვა ჩვენი რამზან ჰაჯისთვის", - მოუწოდებს ბაშიროვი ხალხს ჩეჩნურ ენაზე თავის აუდიო მიმართვაში, რომელიც ოპოზიციურმა გაერთიანება Niyso-მ გამოაქვეყნა. ჩანაწერი "თავისუფლების" რედაქციაშიც ინახება.

მოგვიანებით, სახელმწიფო მოხელემ განაცხადა, რომ ის რამზან კადიროვს არ გულისხმობდა, მას ხომ არ დაუზუსტებია გვარები, არ მოუხსენებია ის, როგორც "რამზანახმატოვიჩი", ფადიშაჰი (ფადჩახ) ან "ხალხის მამა" ("მეკხ-და). საუბარი იყო ვითომდა რამზანსატაევზე, ჩეჩნეთის მუფთის მოადგილეზე, რომელიც ასტრახანის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ფედერალურ ცენტრში მკურნალობს. "კავკაზ. რეალიის" წყარომ რესპუბლიკაში დაადასტურა, რომ ის ავადაა და გამოკვლევებს იტარებს, თუმცა უცნობია, რამდენად კრიტიკულია რამზანსატაევის მდგომარეობა.

იმის შესახებ, რომ ექიმები იბრძვიან არა სატაევის, არამედ კადიროვის სიცოცხლის გადასარჩენად, ქორწილის წინა დღეს იტყობინებოდნენ აქტივისტები Niyso-დან. თუმცა რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, რამზან კადიროვმა სტუმრებთან ერთად გაატარა მთელი დღე, გვიან ღამემდე. ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ სამჯერ გამოვიდა - როგორც ამტკიცებენ, სალოცავად. ამასთანავე, ქორწილი "ფადიშაჰის" ოჯახში პირველად ტარდება სახლში და არა რომელიმე საბანკეტო დარბაზში - ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ჩეჩენი აქტივისტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ესეც იყო იმის მიზეზი, რომ კადიროვის ვაჟის ქორწილი არ გადადეს.

„ჩეჩნეთი გამონაკლისს წარმომადგენს, როცა საქმე „ტახტის მემკვიდრეს“ ეხება...

"კადიროვის ვაჟების ასაკის გამო, თანამდებობის სრულყოფილი გადაცემის საკითხი გართულებულია. კრემლის დიდი სურვილია, რომ კადიროვის შვილები ასაკით ცოტა უფროსები იყვნენ. მაგრამ ისინი მაინც შეეცადნენ ხელოვნურად მიეახლოებინათ ისინი საჭირო პარამეტრებამდე: დანიშვნა, რეგალიები, მედიაში მოხსენიება და რა თქმა უნდა, ქორწინება. რუსეთის რეჟიმი ოკუპირებულ ჩეჩნეთში დიდწილად ეყრდნობა ნათესაურ ურთიერთობებს, იმის იმედით, რომ ამგვარად შეინარჩუნებს ლოიალობას. ფასდება არა პროფესიული უნარ-ჩვევები ან კომპეტენცია, არამედ ოჯახთან სიახლოვე, ერთგვარი კლანურობა. ამიტომ, ისინი ყველა ძალას ხმარობენ, რომ გააძლიერონ და გააფართოონ თავიანთი "კლანი" და ცდილობენ, ეს რაც შეიძლება ადრე გააკეთონ", - განაცხადა რედაქციასთან საუბრისას Niyaso-ს წარმომადგენელმა, ანსარ დიშნიმ.

პოლიტოლოგმა დმიტრი დუბროვსკიმ, რომელიც დარწმუნებულია, რომ მომავალში, ჩეჩნეთში სწორედ ადამ კადიროვისთვის ძალაუფლების გადასაცემად ემზადებიან, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ის მასშტაბი, რომლითაც გაიმართა მოზარდის ქორწილი, მთელ რუსეთშია აკრძალული.

"ომის დროს ასეთი მდიდრული თავყრილობების მოწყობა მოსკოვში ისჯება, ეს უკვე არაერთხელ მოხდა. სულ ახლახან მოხდა დაპირისპირება „ალფა-ბანკის“ გამო,” რომელმაც საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ფრანგული შამპანური ჩამოასხა და ფაქტობრივად, კოვზებით ჩამოარიგა შავი ხიზილალა. კრემლში ესმით, რომ საჯარო ზღვარგადასული ფლანგვა ომის პერიოდში მაინც არ არის საჭირო. ჯობია, ეს ჩუმად მოხდეს, არ არის საჭირო, მთელმა მსოფლიომ გაიგოს ამის შესახებ. და აი, ძალიან საინტერესო ამბავია ეს - ანუ, ჩეჩნეთი ამაშიც აბსოლუტურ გამონაკლისს წარმოადგენს. მითუმეტეს, როცა საქმე ეხება “ტახტის მემკვიდრეს” - აღნიშნა დუბროვსკიმ.

ადამ კადიროვის სახით შესაძლო მემკვიდრეზე საუბარია 2023 წლიდან, როცა 15 წლის მოზარდმა კარიერულ კიბეზე მკვეთრი აღმავლობა დაიწყო. ამისკენ ბიძგი იყო გროზნოს წინასწარი დაკავების ცენტრში ნიკიტა ჟურაველის ცემა, კაცისა, რომელსაც ყურანის დაწვაში ედებოდა ბრალი - ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟმა ეს კამერის წინ გააკეთა. თავად რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ამაყობდა ვაჟით, პოლიციას არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენია.

ამის შემდეგ კადიროვი განაგებდა მამამისის უშიშროების სამსახურს. ასეთივე თანამდებობა ეკავა ჩეჩნეთის ახლანდელ მეთაურს მამამისის, ახმატ კადიროვის, ჩეჩნეთის პირველი პრორუსული მმართველის, მთავრობაში.

კრემლის დიდი სურვილია, რომ კადიროვის შვილები ასაკით ცოტა უფროსები იყვნენ...

ადამი „რუსეთის გინესის რეკორდების წიგნშია“ შეტანილი, როგორც ფედერაციის სუბიექტის უშიშროების სამსახურის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური“.

მოგვიანებით მოზარდი დანიშნეს თავდაცვის სამინისტროს ჩეჩნეთში შექმნილი ბაისანგურ ბენოელი და შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონების, გუდერმესში „სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტის" კურატორად. იქ გადიან მომზადებას მოხალისეები, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში აგზავნიან, და ასევე რეგიონის შინაგან საქმე უწყების მომავალი თანამშრომლები.

აპრილში ადამი ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა.

ჩეჩნეთის მმართველის ვაჟს რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს.

შემდეგ უკვე მისი დაჯილდოება დაიწყეს რუსეთის ფედერაციის სხვა კუთხეებში, თათრეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში და ყაბარდო-ბალყარეთში.

ადამი ასევე ჩეჩნეთის ორდენის „ერის სიამაყის“, ასევე რელიგიური, „თემის წინაშე დამსახურებისთვის“ და ისლამისთვის სამსახურისთვის“ ორდენების ლაურეატია. ის ფლობს რუსეთის შრომის ღირსების მედალს და სპეცრაზმის განვითარების რუსეთის უნივერსიტეტის პირველი ხარისხის მედალს. ადამ კადიროვს ამ ჯილდოების ნაწილის მიღება კანონით, არ შეეძლო, რადგან არასრულწლოვანი იყო.

„კავკაზ.რეალიის“ რედაქცია აქვეყნებს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, ხელისუფლებაში მყოფი ნათესავების განახლებულ სიას. პირველი ასეთი სიის გამოქვეყნებიდან ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა - მასში ნაკლებია უახლოესი ოჯახის წევრთა რაოდენობა, მაგრამ გაფართოვდა სხვა ნათესავების, მათ შორის, მათი შვილების წრე.

  • რამზან კადიროვმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება თავის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ხმებზე და განაცხადა, რომ იცოცხლებს იმდენ ხანს, რამდენიც უწერია და სიკვდილი „ყველა ადამიანის გზად“ მოიხსენია. მისი შესაძლო გადადგომისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის, ასევე სოციალურ ქსელებში ფილოსოფიური პოსტების ფონზე, ექსპერტები ფიქრობენ იმაზე, თუ რა იმალება ჩეჩნეთის მმართველის ასეთი განცხადებების უკან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG