დამოუკიდებელი უკრაინელი ჟურნალისტების ნაწილმა პარასკევს განაცხადა, რომ ერთიანდებიან ცენზურის წინააღმდეგ.
რამდენიმე დამოუკიდებელი გამოცემის ჟურნალისტებმა ცენზურის მცდელობად შეაფასეს უკრაინის სახელმწიფო სამაუწყებლო ტელერადიოკომპანიის (UA: Перший) ხელმძღვანელის, ზურაბ ალასანიას, თანამდებობიდან გათავისუფლება, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით.
ტელეარხის სამეთვალყურეო საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება წინა დღით ხმათა უმრავლესობით მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკმაყოფილება
საკუთარ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განმარტებაში გადაწყვეტილების საფუძვლად ალასანია ასახელებს მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს იმის გამო, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ღია ეთერში არ აჩვენა უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი მასობრივი მსვლელობა, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა და ერთ-ერთი ეკონომიკური ფორუმი.
ყველა ამ ღონისძიებაში მნიშვნელოვან მონაწილეობას ღებულობდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
უფრო ადრე, გასული წლის ბოლოს, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (UA: Перший) ხელმძღვანელობაზე ზეწოლის შესახებ ფეისბუკით გაავრცელა ცნობა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო ჟურნალისტური პროექტის, „სქემების“, მთავარმა რედაქტორმა ნატალია სედლეცკამ.
მისი თქმით, არსებობდა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან საგამოძიებო პროექტების - „სქემებისა“ და „ჩვენი ფულის“ -შესაძლო მოხსნის საშიშროება.
სედლეცკას ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელეარხზე იმ კრიტიკული საგამოძიებო სიუჟეტის ჩვენებამ, რომელიც უშუალოდ პეტრო პოროშენკოს შეეხებოდა.
დიდი რეზონანსი ჰქონდა 2018 წლის იანვარში პროგრამა „სქემებში“ ნაჩვენებ სიუჟეტს, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 500 ათასი დოლარი დახარჯა მალდივის კუნძულებზე გატარებულ საახალწლო არდადეგებში.
„საერთო მონაპოვარი“
უკრაინის სამაუწყებლო ტელერადიოკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში კომენტარს არ აკეთებენ ზურაბ ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლო პოლიტიკურ მოტივზე და აცხადებენ, რომ ოქმი გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც კენჭისყრაში მონაწილე ყველა პირის თანხმობა იქნება.
უკრაინული საინფორმაციო საშუალებებით გამოქვეყნებულ ღია წერილში ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტების არაფორმალური გაერთიანება, სახელწოდებით „ინიციატივა ‘34’“, წარმოადგენს რეაქციას მედიასივრცეში მომხდარ რიგ სხვა მოვლენებსა და პროცესებზე. ესაა, კერძოდ, საინფორმაციო საშუალებების მეპატრონეთა ჩარევა სარედაქციო პოლიტიკაში, მედიააქტივების მიყიდვა პრორუსულად განწყობილი ვიქტორ მედვედჩუკისათვის, კიბერბულინგი, ხელისუფლების ინფორმაციული კარჩაკეტილობა და დაუსჯელობა ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლისათვის.
ღია წერილს, კერძოდ, ხელს აწერენ ალექსეი მაცუკა, ნატალია სედლეცკა, ალენა პრიტულა, ნასტია სტანკო, იური ბუტუსოვი და კიდევ რამდენიმე ათეული ჟურნალისტი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზურაბ ალასანიასთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე განაცხადეს, რომ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს უჭერს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც „წარმოადგენს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიან მონაპოვარს“.
მაგრამ ზურაბ ალასანიას თანამდებობიდან გადაყენებას პოლიტიკური მოტივით ხსნის ყოფილი ჟურნალისტი დმიტრო გნაპი, რომლის საგამოძიებო ყოველკვირეული პროგრამა Slidstvo.info ასევე გადაიცემოდა UA: Перши -ის ეთერით.
გნაპი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტობისათვის აპირებს ბრძოლას, დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი დაიღალა მისი საქმიანობის „ნეგატიური გაშუქებით“.
„ეს უეჭველად ნიშნავს ცენზურის შემოღებას არჩევნების წინ“, - დაპოსტა საკუთარ ფეისბუკზე დმიტრო გნაპმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელზე (UA: Перши) ივლისში დაიხურა პოპულარული პროგრამა „დილა მშვიდობისა“ მას შემდეგ, რაც ეთერში გადაიცა ექს-პრემერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ინტერვიუ. გამოკითხვების თანახმად, იულია ტიმოშენკო 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია და რეიტინგში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე წინ დგას.
გადაცემის წამყვანმა ტეტიანა ტერეხოვამ საკუთარი არხი ცენზურაში დაადანაშაულა. UA: Перши-ის ხელმძღვანელობამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჟურნალისტმა დაარღვია საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტები.