13 მაისს პროკურატურის პრესცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, უწყების შემადგენლობაში ორი მნიშვნელოვანი ცვლილებაა:
- თბილისის პროკურორად დაინიშნა გიორგი გვარაკიძე;
- გენერალური პროკურორის მოადგილედ კი დაინიშნა ზურაბ ბელთაძე.
თბილისის პროკურორის პოსტზე გიორგი გვარაკიძემ შეცვალა ლევან გეგეჭკორი, რომელიც ამ პოზიციაზე 2020 წლის მარტიდან მუშაობდა.
- თბილისის აწ უკვე ყოფილი პროკურორი ლევან გეგეჭკორი ლიეტუვის მიერ არის სანქცირებული. ის ერთ-ერთია იმ 102 ადამიანს შორის, რომლებსაც ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დემონსტრაციების დარბევის, ზოგადად, დემოკრატიული უკუსვლისა და ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის გამო.
- ამასთან, გეგეჭკორის სანქცირებას ემხრობა ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, „მეგობარი აქტის“ თანაავტორი და წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონი.
ლევან გეგეჭკორი სასაზღვრო პოლიციაში გააგრძელებს საქმიანობას - ის უკვე დანიშნეს „გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის“ უფროსად.
ამ დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა მალხაზ კაპანაძემ კი უკვე დაიკავა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის“ უფროსის თანამდებობა.
გიორგი გვარაკიძე დღეს თბილისის პროკურორად დანიშვნამდე იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის „სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის“ უფროსის მოადგილე. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
გენერალური პროკურორის მოადგილედ დანიშნული ბელთაძის გარდა, გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს სამი მოადგილე ჰყავს: გიორგი ბადაშვილი (პირველი მოადგილე), ავთანდილ კოჭლამაზაშვილი და ამირან გულუაშვილი.
ახალ მოადგილე ზურაბ ბელთაძეს, უწყების თანახმად, პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის ცხრაწლიანი გამოცდილება აქვს, მანამდე კი მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა საადვოკატო საქმიანობაში.
საჯარო წყაროებში გავრცელებული ცნობებით, ზურაბ ბელთაძე იცავდა იმ პირებს, რომლებიც 2016 წლის 22 მაისს, შუალედური არჩევნებისას, ზუგდიდის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის (ენმ-ის წევრების ცემის) ფიგურანტები იყვნენ. 2018 წელს ბელთაძე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს 300 ლარით ჰყავს დაჯარიმებული ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
დღესვე, 13 მაისს, თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, რომელიც პოსტზე 2021 წელს აირჩიეს. რამდენიმე კვირის წინ კი ფეისბუკპოსტით დატოვა თანამდებობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, - რომელიც არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა.
ფორუმი