ამერიკა აცხადებს, რომ „გააცამტვერა“ ირანის ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვული ობიექტები და ამით ბოლო მოუღო თეირანის ბირთვულ პროგრამას.
ამ პროგრამიდან ირანმა 400 კილოგრამზე ოდნავ მეტი მაღალგამდიდრებული ურანი მიიღო, რაც ითვლება, რომ „ახლოსაა“ იმ ხარისხის რაფინირებულ ურანთან, რომლის ბომბში ჩადებაც შესაძლებელია.
მაშ, სად არის ირანის მაღალგამდიდრებული ურანი?
„ირანმა იცის სად არის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ და საზოგადოებამ არ იციან და თუ [ამერიკელებმა/ისრაელელებმა] იციან, ისინი არ ამბობენ“, - თქვა რიჩარდ ნეფიუმ, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ირანის საკითხების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
„არსებობს შანსი, რომ ომის პირველ დღეებში მათ შეეძლოთ ნაწილის გადატანა, სხვა ადგილას წაღება“, - თქვა ორენ სეტერმა, ისრაელის ყოფილმა გენერალმა და წამყვანმა ექსპერტმა ირანის საკითხებში - „მაგრამ, დიდი შანსია, რომ ეს აშშ-ს და ისრაელის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს აღმოეჩინათ“.
ირანელებს „ალბათ ეგონათ, რომ ის გვირაბებში უსაფრთხოდ იყო“, - თქვა მან.
22 ივნისის დაბომბვის შემდეგ - რომელსაც წინ ისრაელის ცხრადღიანი დარტყმები უძღოდა - დაზვერვის ანალიტიკოსები, საერთაშორისო ინსპექტორები და ბირთვული ექსპერტები ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რამდენად დაზიანდა ირანის ბირთვული ამბიციები.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმეორა თავისი ადრინდელი დაჟინებული მტკიცება, რომ აშშ-ის ბომბებმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა ობიექტებს, განსაკუთრებით კი ფორდოს.
„ადგილი გაცამტვერებულია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ბირთვული იქ არის, არ ამოუღიათ“, - თქვა მან 25 ივნისს. - „ჩვენ ირანს ისე ძლიერად და სწრაფად დავარტყით, რომ მათ არ ჰქონდათ დრო, გადაეტანათ გამდიდრებული მასალა. მისი გადატანა ძალიან რთულია, ის ძალიან მძიმეა. ჩვენ გვჯერა, რომ ის გრანიტის, ბეტონის და ფოლადის ქვეშაა დამარხული“.
ჯერჯერობით გაურკვეველია, მართლა ასეა, თუ არა.
გარღვევის დრო
იმის გასარკვევად, თუ რამდენად გამანადგურებელი იყო აშშ-ის დარტყმა, მთავარი შეკითხვაა, სად იყო ურანი.
ირანს, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი პროგრამა მშვიდობიანი ან სამოქალაქო ხასიათისაა, მაისის მონაცემებით, დაახლოებით 8,400 კილოგრამი გამდიდრებული ურანი ჰქონდა. მისი დიდი ნაწილი დაბალ დონემდეა გამდიდრებული, რაც ელექტროსადგურებისთვისაა შესაფერისი. ეს დაშვებულია საერთაშორისო კანონმდებლობით.
თუმცა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA), თანახმად, ქვეყანას ასევე აქვს 408 კილოგრამი დაახლოებით 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი.
ითვლება, რომ ამ ნივთიერების უმეტესი ნაწილი თეირანიდან სამხრეთით 450 კილომეტრში მდებარე ისპაჰანის ბირთვული ტექნოლოგიებისა და კვლევის ცენტრში ინახებოდა. ისპაჰანი ამერიკული წყალქვეშა ნავის მიერ გაშვებული „ტომაჰაკის“ ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს. ამასობაში, B-2 ბომბდამშენებმა მსოფლიოს შემოუფრინეს, რათა ნათანზზე და და ფორდოზე, მთის სიღრმეში გაშენებულ ინფრასტრუქტურაზე, ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები ჩაეყარათ.
მიყენებული ზიანის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს წინასწარი შეფასების თანახმად, დაბომბვამდე ფორდოდან გაურკვეველი რაოდენობის მაღალგამდიდრებული ურანი, ანუ HEU, გადაიტანეს. პენტაგონის სააგენტოს ცნობით, შესაძლოა, ის მესამე ადგილას გადაეტანათ, რომლის შესახებაც, როგორც ამბობენ, ირანელებმა წინასწარ აცნობეს IAEA-ს.
თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა სცადა ხაზი გაესვა, რომ ეს შეფასება მხოლოდ წინასწარი და დაუზუსტებელი იყო. CIA-ს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ სააგენტოს საკუთარი შეფასება ეწინააღმდეგება თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს დასკვნებს და რომ ირანის ბირთვულ პროგრამას „მძიმე ზიანი მიადგა“.
ირანს ამ საკითხზე ბევრი არაფერი უთქვამს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ სააგენტომ 13 ივნისს ირანის უმაღლესი დიპლომატისგან წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ თეირანი „მიიღებს სპეციალურ ზომებს ჩვენი ბირთვული აღჭურვილობისა და მასალების დასაცავად“. სხვა დეტალები მითითებული არ ყოფილა.
გარეშე ექსპერტები ცდილობენ წინდახედულობა დაიცვან.
„60%-იანი მარაგების ნარჩენებით და ფარული ცენტრიფუგებით, ირანს შენარჩუნებული აქვს იარაღისთვის ვარგისი ურანის მოპოვებისა და წარმოების შესაძლებლობა“, - განაცხადა მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტმა, ვაშინგტონში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყოფილმა ინსპექტორმა დევიდ ოლბრაიტმა დააარსა.
იარაღისთვის ვარგისი ურანი კლასიფიცირდება, როგორც 90%-მდე ან მეტით გამდიდრებული ურანი.
ცენტრიფუგული ძალები
ურანის გამდიდრების პროცესს ათასობით ცენტრიფუგა სჭირდება.
ირანს დაახლოებით 20 000 ცენტრიფუგა ჰქონდა დამონტაჟებული ქვეყნის ორ მთავარ გამდიდრების ობიექტზე: ფორდოსა და ნათანზში. IAEA-ს ცნობით მაღალგამდიდრებული ურანის მისაღები მთავარი ადგილი ფორდო იყო.
აშშ-ის და ისრაელის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ირანის ცენტრიფუგული სიმძლავრის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა, რასაც გარე ექსპერტები ძირითადად ეთანხმებიან.
ინსტიტუტის თქმით, „თავდასხმებმა პრაქტიკულად გაანადგურა ირანის ცენტრიფუგული გამდიდრების პროგრამა. დიდი დრო გავა, სანამ ირანი შეტევამდე არსებულ შესაძლებლობებს მიუახლოვდება“.
ცენტრიფუგები მასიურ კამერებშია დამონტაჟებული, იატაკზეა მიმაგრებული და ზუსტადაა მორგებული ძალიან მაღალი სიჩქარით ბრუნვისთვის. მათი გადაადგილება რთულია.
თუმცა ურანის გადატანა უფრო მარტივია.
22 ივნისის თავდასხმის წინა პერიოდში, თანამგზავრულმა სურათებმა აჩვენა ათობით სატვირთო მანქანა, რომლებიც ფორდოს მთის კომპლექსის გვირაბებამდე მიმავალ გზებზე იყვნენ ჩამწკრივებულნი. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, სატვირთო მანქანებს შესაძლოა მიწა მიჰქონდათ გვირაბის შესასვლელების შესავსებად, საჰაერო დარტყმებისგან ან თუნდაც კომანდოს რეიდებისგან დასაცავად.
„სანამ გვირაბებს ამოავსებდნენ, შესაძლებელია, რომ ირანელებმა ადგილზე შენახული გამდიდრებული ურანის გადატანა სცადეს“, - განაცხადა ინსტიტუტმა.
თუმცა, მაღალგამდიდრებული ურანის უმეტესი ნაწილი, სავარაუდოდ, ისპაჰანში ინახებოდა, რომელიც აშშ-სა და ისრაელის დარტყმების ქვეშ მოყვა. ჯეფრი ლუისი, ბირთვული იარაღის ექსპერტი აცხადებს, რომ ისპაჰანის გვირაბები არც ამერიკულებს და არც ისრაელებს არ დაუბომბავთ.
„არავინ იცის, სად არის ახლა მაღალგამდიდრებული ურანი“, - დაწერა ლუისმა X-ზე.
ვაშინგტონში დაფუძნებული ონლაინ საინფორმაციო საიტი Axios-ის თანახმად, ისრაელის ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი ისპაჰანსა და ფორდოში დაიმარხა და მისი აღდგენა რთული იქნება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-ს განუცხადა, რომ „დღეების განმავლობაში დანამდვილებით არავის ეცოდინება“, გადაიტანეს თუ არა ურანი. „მეეჭვება, რომ გადაიტანეს, რადგან ახლა ვერაფერს გადაიტან. როგორც კი სატვირთო მანქანა სადღაც დაიწყებს მოძრაობას, ისრაელი მას ხედავს, მიზანში იღებს და ანადგურებს.“
სარეზერვო ძალები
სავარაუდოდ, ირანს სადღაც შენახული აქვს სათადარიგო ან სარეზერვო ცენტრიფუგების უცნობი რაოდენობა.
გარდა იმისა, თუ სად არის ურანი, ასევე საკითხავია, თუ რამდენია ის და რა დრო დასჭირდება მის იარაღად ქცევას, თუ თეირანი ამ ნაბიჯზე წავა.
„მათ ურანის გამდიდრების საქმის 99 პროცენტი შეასრულეს, რაც 450 კილოგრამს შეადგენს“, - თქვა სეტერმა. - „ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.“
„მაგრამ მათ ჯერ კიდევ აკლიათ გამდიდრების 1 პროცენტი [იარაღის დონის მისაღწევად]“, - თქვა მან. - „და ამის გასაკეთებლად მათ სჭირდებათ მუშა ცენტრიფუგები. კითხვა ისაა, თუ რამდენი აქვთ კიდევ, რამდენად სწრაფად შეუძლიათ მათი ექსპლუატაცია და გაბედავენ თუ არა ამის გაკეთებას“.