სად არის და რატომაა მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე?
ჰორმუზის სრუტე 167 კილომეტრი სიგრძისა და 39-97 კილომეტრის სიგანისაა. მისი ყველაზე ვიწრო ნაწილი ირანისა და ომანის ტერიტორიულ წყლებში მდებარეობს. ეს არის სტრატეგიული ადგილი, რომელსაც დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ამ სრუტის მეშვეობით გადააქვთ ტანკერებს ნავთობი, რომელსაც სპარსეთის ყურეში მოიპოვებენ. ამ სრუტით სპარსეთის ყურე ომანის ყურეს, შემდეგ კი არაბეთის ზღვასა და ოკეანეს უკავშირდება.
რა რაოდენობის ნავთობი გადის ჰორმუზის სრუტის გავლით?
სპარსეთის ყურეში ნავთობის მნიშვნელოვანი საბადოებია. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, 2024 წელს სრუტეში გლობალურად მოხმარებული ნავთობის დაახლოებით ოცმა პროცენტმა გაიარა.
ჰორმუზის სრუტით გადააქვთ მსოფლიოს თხევადი ბუნებრივი აირის 20-25 პროცენტიც.
რომელი ქვეყნებიდან გააქვთ ნავთობი?
ძირითადად ირანიდან, მაგრამ ჰორმუზის სრუტით გააქვთ თავიანთი ნავთობი სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებსაც: ერაყს, ქუვეითს, კატარსა და საუდის არაბეთს.
არსებობს თუ არა ნავთობის გადატანის სხვა გზა?
საზღვაო გზა - არა. ჰორმუზის სრუტე ერთადერთი საშუალებაა, რომ გემებით ტვირთი სპარსეთის ყურიდან გამოიტანო.
ვის ეკუთვნის ჰორმუზის სრუტე?
სრუტეში მოქმედებს გაეროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო კონვენცია (UNCLOS). ის გემებს სრუტეში ტრანზიტით გავლის უფლებას ანიჭებს. მაგრამ ირანს ამ კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია. ამის გამო მას პოტენციურად შეუძლია ნაოსნობა შეაფერხოს. მეორე მხრივ, ამ კონვენციისთვის ხელი არც აშშ-ს აქვს მოწერილი.
რას გამოიწვევს სრუტის დაკეტვა?
ფასების ზრდას მთელ მსოფლიოში. ეს იმოქმედებს არა მხოლოდ წვრილ ბიზნესზე, არამედ ისეთი დიდი ქვენების ეკონომიკაზეც, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია, ისინი სრუტით გადატანილი ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორებს შორის არიან.
ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამო ფასებმა ნავთობზე ისედაც მოიმატა. ფინანსური ანალიზის პროვაიდერი ორგანიზაციის Refinitiv-ის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვულ ობიექტებს აშშ-მა დაარტყა, Brent-ის ნავთობის ფასმა ბარელზე 80 დოლარს გადააჭარბა. ასეთი რამ იანვრის შემდეგ პირველად მოხდა. კონფლიქტამდე ბარელი ნავთობი 60-75 დოლარი ღირდა.
ჩაკეტვა ირანზეც იმოქმედებს?
დიახ, ირანიც დაზარალდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ირანს სრუტით დღეში 1.7 მილიონ ბარელამდე ნავთობი გადააქვს. ამ ნავთობის ძირითადი შემსყიდველი ჩინეთია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჩინეთს უკვე მოუწოდა, დაელაპარაკოს ირანს, არ დახუროს ჰორმუზის სრუტე.
როგორ შეიძლება ჩაიკეტოს სრუტე?
ირანს შეუძლია დანაღმოს სრუტე, იქ, სადაც ის ყველაზე ვიწროა.
ირანი პირველად იმუქრება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით?
არა, ირანი ბევრჯერ დამუქრებია მსოფლიოს, რომ ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტავდა, მაგრამ რეალურად ეს არ გაუკეთებია. ძირითადად ირანს მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალი, სანქციებისა და საპასუხო სამხედრო შეტევის შიში აფერხებდა.
13 ივნისს ისრაელმა ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. პასუხად ირანმა ისრაელს რაკეტებით და დრონებით შეუტია. ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
22 ივნისს ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა აშშ-მაც. ხოლო 23 ივნისს ირანმა კატარში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზებზე მიიტანა იერიში.
ფორუმი