Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღატაკთა ორდენი“ - რუსული კომუნა და ჟუჩკას ფესტივალები არსენალის მთაზე


"მასლენიცის დღესასწაული" მთაზე
"მასლენიცის დღესასწაული" მთაზე

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების მერე, თბილისში ჩამოსახლებულმა რუსმა ემიგრანტებმა ამ სამი წლის განმავლობაში ბარები, კაფეები, სალექციო დარბაზები, არტსივრცეები, სამხატვრო სტუდიები, სახელოსნოები, წიგნის მაღაზიები გახსნეს.

ატარებენ კონცერტებს, პოეზიის საღამოებს, სპექტაკლებს და პერფორმანსებს, ფესტივალებს. მართავენ წვეულებებს ბინებშიც. Zhuchkin fest-ი ამ ყველაფრისგან განსხვავდება. რუსი ახალგაზრდები ასე დეპრესიას, უფულობას და უმუშევრობას ებრძვიან. ისინი ქმნიან გარემოს, რომელიც მათთვისაც სასიამოვნოა და იმ ხალხისთვისაც, რომელიც მათ ორბიტაზე ხვდება.

რუსი ემიგრანტების "ყველიერის დღესასწაულს" საქართველოში, პროექტ „ოკნოს“ (სარკმელი) ჟურნალისტები აღწერენ.

მთაზე აშენებული დიდი სახლი ხალხითაა სავსე, უმეტესად ახალგაზრდებით. ეზოში წითელი ლენტები და ორიგამის ფიგურებია. მაგიდებზე ჩაი, ბლინები, ღვეზელები აწყვია. ერთი ლენტებს გამხმარი ფორთოხლისგან გაკეთებული მძივებით რთავს, მეორე სამზარეულოში ბლინებს აცხობს. ბაღში ჩასულს ჟუჩკა მეგებება, უზარმაზარი, ჟღალი ძაღლი, ცდილობს ჩამეხუტოს.

ჟუჩკას სახლი
ჟუჩკას სახლი

„აქ 2023 წლის აგვისტოში მოვხვდი. ერთხელ სპორტულ მოედანზე წავედი და ძაღლი ამეკიდა, - იხსენებს საშა, „ჟუჩკას ფესტივალის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, - ვიფიქრეთ, ვაჭმევთ და წავაო, მაგრამ არ მიდიოდა. გული მოგვილბო და გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა. ჟუჩკა დავარქვით - ქუჩის ძაღლია, ძალიან კეთილი, ზღაპრიდან გადმოსულს ჰგავს. სახლიც ჟუჩკასი გახდა. ჩვენს გვერდს ინსტაგრამზე Zhuchkin fest-ი დავარქვით“.

ჟუჩკა
ჟუჩკა

საშამ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 2022 წელს დაქირავებული ველოსიპედით გადმოკვეთა.

"თავიდან არ მესმოდა უცხო ქვეყანაში როგორ უნდა მეცხოვრა და მემუშავა. მოსკოვიდან ვარ. ბოლო წლები პეტერბურგში ვცხოვრობდი. ნახევარი წელი მოსკოვის მეტროში ვიმუშავე, ურბანისტად, ასაშენებელი სადგურის პროექტს ვსწავლობდით. როდესაც მობილიზაცია დაიწყო (2022 წლის სექტემბერში რ.თ), განყოფილების უფროსმა მითხრა, წადი და დისტანციურად იმუშავეო", - ამბობს ის.

მაგრამ დეკემბერში გათავისუფლების ბრძანება მიიღო და საშა უმუშევარი დარჩა.

"არ ვიცოდი როგორ მეცხოვრა, არც ახლა არ ვიცი, - ამბობს საშა, - ფული გამითავდა. მშენებლობაზე სამუშაოდ წავედი, რას არ ვაკეთებდი. თავის გატანა ვისწავლე, თუმცა ცხოვრების ხარისხი ძალიან გაუარესდა. გამომუშავებით ვცხოვრობ, მშენებლობა, კიდევ სხვა რამე. ხანდახან სოლოლაკში ექსკურსიებს ვატარებ".

საშა საახალწლო სუფრასთან, ჟუჩკას სახლში.
საშა საახალწლო სუფრასთან, ჟუჩკას სახლში.

საშა ბინას თავის მსგავს ღატაკებთან ერთად ქირაობს. ერთხელ ვიღაცამ შესთავაზა, მთაზე, ორსართულიან კერძო სახლში ეცხოვრა. იქ ოთხი საძინებელი, დიდი სასტუმრო ოთახი და ეზოა.

თანდათან სახლი შეიცვალა, მოდიოდნენ ვასილი და ნასტია, შემდეგ დანიელი და პაველი - საკმაოდ შემოქმედებითი ხალხი შეიკრიბა.

ხუთშაბათობით კინოსეანსებს აწყობენ, ერთ-ერთი ჩვენება ყველიერის კვირას დაემთხვა, გადაწყვიტეს სტუმრებისთვის ბლინები მოემზადებინათ, კვირას კი სრულფასოვანი ზეიმი მოეწყოთ.

მორთულ ბაღში სტუმრები ირევიან. კედელთან უზარმაზარი ხის კარკასია მიყუდებული, წინა დღეს ბაზარში ნაყიდი. მიწაზე ტოტები დახვავებულა. მოსულები მაშინვე „მასლენიცის ქალბატონის“ - სადღესასწაულო საფრთხობელას აწყობას იწყებენ. ტოტები კარკასთან მიაქვთ. ძველ ტანსაცმელს, დასაწვავად რომ ემეტებათ, ნასტიას აძლევენ, მთავარ დეკორატორს, რომელიც ამბობს, რომ მხატვარია და ყველაფერი შეუძლია. სასაცილო თავი შეკერა, უფრო დიდ ვარდისფერ ფეხსაცმელს წააგავს. ახლა რთავს ამ ქალბატონს.

"მასლენიცის საფრთხობელა"
"მასლენიცის საფრთხობელა"

გრძელი პროცესია საზეიმოდ მიემართება არსენალის მთისკენ, იქ საფრთხობელა უნდა დაწვან. თავიდან ყველა მონუსხული მისჩერებია კოცონს, შემდეგ კი ვასია ფერხულს კრავს: „მოდით, მოდით, ერთ ადგილზე დგომით ვერ გავერთობით!“

ვასია ჟუჩკას სახლის ერთ-ერთი პირველი ბინადარია. 2022 წელს კიევში გადასვლა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ასე აღმოჩნდა ზემო ლარსზე. საქართველო მაშინვე შეუყვარდა. პროფესიით პროდიუსერია. საერთაშორისო კომპანიაში დისტანციურად მუშაობდა, თუმცა მალევე შემცირებაში მოხვდა.

"დამოუკიდებლად მუშაობას განვაგრძობდი, მაგრამ ძველი კლიენტები სულ უფრო იშვიათად მიკავშირდებოდნენ. ხანდახან რაღაც პროექტები გამოჩნდებოდა, მაგრამ ძალიან დიდი ასოციალური პერიოდი მქონდა, ასკეზა. მე ეს არ ამირჩევია, თუმცა გარშემომყოფები რომ არ დამემძიმებინა, რაღაცებზე უარი ვთქვი, სადღაც წასვლაზე, ვინმესთან შეხვედრაზე - თუ არ შემიძლია, ჩემს თავს რამის უფლება მივცე, ამას არც ვაკეთებ. რაღაცების ყიდვაზეც შესაძლოა უარის თქმა.

სწორედ ვასიამ გააცნო საშა და ნინი ერთმანეთს. ნინი ქართველი "მზეთუნახავია". პროფესიით ფსიქოლოგი, მოდელად და მსახიობად მუშაობს. ვასიამ ის რეკლამაში გადასაღებად მოიწვია, გადაღებით კი საშა იღებდა. მას შემდეგ ერთად არიან.

საშა და ნინი
საშა და ნინი

"ჟუჩკას სახლში რომ მოვედი, პირველი ზეიმი ისეთი შთამბეჭდავი იყო... თავიდან ვფიქრობდი, ათკაციანი წვეულება დამხვდება-მეთქი და 40 კაცი დამხვდა. ყველაფერი ისეთი ლამაზი და გემოვნებიანია!"

კარგი მამა

ჟუჩკას სახლში ცხოვრება პეტერბურგელმა პაველმაც მოასწრო. 2022 წლის ზამთარში მას უმცროსი გოგო შეეძინა. თავად კი გადაწყვიტა 5 წლის ვაჟიშვილთან ერთად საქართველოში ჩამოსულიყო.

"24 თებერვალს ჩამოვედით, დილის 6 საათზე. კაფეში დავჯექი, ნოუთბუქი გავხსენი და გავიგე, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ჩემთვის თავის გატანა უფრო იოლი იყო, რადგან სამსახური უკვე მქონდა. მხატვარი ვარ, ნასტიასი არ იყოს, ყველაფერი შემიძლია, საიტებს ვაკეთებ".

საქართველოში პაშას იდენტობის კრიზისი დაეწყო. ვერც მას ვერ გაერკვია, რა უნდა ექნა.

პაშა
პაშა

"ღრმა შინაგანი პროცესი წავიდა. ცხოვრების აზრის ხელახალი ძიება. თან მეუღლეს გავშორდი. ბავშვების საკითხიც რთული მოსაგვარებელი იყო. მე კი მქონდა სამსახური, მაგრამ ოთხი ადამიანი უნდა მერჩინა."

ყველა ამბობს, რომ პაშა კარგი მამაა. როდესაც "მასლენიცაზე" მოვიდა, მაღალი, ქერა, გაბურძგნილი დრედებით, ერთი ხელი გოგონასთვის ჰქონდა ჩაჭიდებული, მეორე - ბიჭისთვის. მაშინვე შეატყობდი, რომ გადასარევი ურთიერთობა ჰქონდათ.

"ნეტავ ისეთ კანონი არ მიიღონ, რომ დეპორტაცია გაგვიკეთონ, - ამბობს პაშა, - მთავარია, ბავშვები იყვნენ ბედნიერები. ბოლო წელიწად-ნახევარი მათით ვცხოვრობ და თან ყოფილ ცოლსაც ფულს ვაძლევ. ბათუმში ბინიდან გამოგვყარეს. მეგობართან ჩუღურეთში მოგვიწია თავის შეფარება. ერთ ოთახში ოთხნი ვიყავით. იქ სამი ძაღლი იყო, რომლებსაც ბავშვების ძალიან ეშინოდათ. გოგოს ძაღლების არ ეშინია, მაგრამ ბიჭს - კი, ჩაისვარა კიდეც. ნახევარსაათიანი ღონისძიება დაგვჭირდა, რომ ყველა გაგვეშველებინა.

"მასლენიცაზე" პაშა დაქალმა დაპატიჟა. მართალია, „უცხო ხალხთან ამ სიშორეზე წასვლა ცოტა ეუცნაურა“, მაგრამ დასვენების დღეებზე ბავშვები მაინც წაიყვანა.

პაშა ბავშვებთან
პაშა ბავშვებთან

"მივედი და რაღაც განსაკუთრებულ ხალისში აღმოვჩნდი. როგორც კი ეს ლურჯი ჭიშკარი შევაღე, მაშინვე მივხვდი, რაღაც ღირსშესანიშნავი ხდებოდა. ჟუჩკას სახლში ფეხს რომ შედგამ, ჯერ ეზო ჩანს და როგორც კი ეს ხალხი დავინახე მთელი ამ დეკორაციებით, მივხვდი, რომ დღესასწაულზე მოვხვდით. ჩემი გოგო გიჟდება ძაღლებზე. მაშინვე ჟუჩკას დააცხრა თავს, კინაღამ ზედ შეაჯდა. როდესაც მთაზე წავედით, ბედნიერებისგან ტირილი მინდოდა. ჩემთვის ღია ცის ქვეშ ზეიმი საუკეთესო რამაა. საღამოს დარჩენა ვერ შევძელით, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რაღაც ძალიან ლამაზი და ძალმოსილი გადამხდა თავს.

ხელოვნების ნიმუში

დღესასწაულის მორთვა დიდწილად ნასტიას დამსახურებაა, რომელიც ერთი პერიოდი ასევე ჟუჩკას სახლში ცხოვრობდა. ის პეტერბურგის თეატრალური სივრციდანაა, ბუტოს ((Butoh) „წყვდიადის ცეკვა” - იაპონური თეატრის ნაირსახეობა რ.თ.) ცეკვები იცის.

"პერფორმერი ვარ, ფიზიკური თეატრის მსახიობი. ახლა სხვადასხვა რამეს ვაკეთებ. დანთან ერთად ვმუშაობ წარმოდგენებზე, ის მუსიკას უკრავს, მღერის, მე კი ბუტოს ვცეკვავ."

ვისაც უნახავს, თუ როგორ ახტება ნასტია "მასლენიცას", ამ ნახტომს ვერასდროს დაივიწყებს - ხელოვნებაა.

ნასტიას ნახტომი
ნასტიას ნახტომი

შემდეგ აღდგომა იყო და შეღებილი კვერცხები. ნასტიამ დღესასწაული „გაზაფხულის ძახილიც“ გააკეთა, ბელარუსი მეგობრების სახლში.

ბაღში ისევ ნასტიას ლენტებია - მისი საფირმო სტილი. თეთრ აჟურულ ხელსახოცებზე სანთლები და ლარნაკები აწყვია, წითლად შეღებილი ბოთლები. ვიღაც ჭოკზე ველოსიპედის ბორბალს ამაგრებს, ნასტია გრძელ ლენტებს ჭრის, ბორბალს უნდა გაუკეთონ.

სამზარეულოში ტოროლას ფორმის ფუნთუშები ცხვება. სასტუმრო ოთახში ხალხი ირევა, ბავშვები იატაკზე ხოხავენ და ჟუჩკასაც აცოცდებიან. ვოლია, მინსკელი გოგო, რომელმაც ამ დღის აღნიშვნა ითავა, ეკრანზე დღესასწაულის ისტორიას აჩვენებს. „დღეს ბელარუსში ყველაფერი, რაც თეთრი და წითელია, აკრძალულია, - ამბობს ის აღშფოთებით, - იქ მე და დედა ქუჩაში ბელარუსულად ვლაპარაკობთ, მილიციელი გვიახლოვდება და რუსულზე გადავდივართ. აბა, რა ვქნათ?“

ლურჯი ჭიშკრიდან პროცესია ისევ დაიძრა. ლენტებგამობმული ბორბალი ჰაერში ირწევა. პირველი გაჩერება მთაზეა. სუფრის გადასაფარებელს ხელს ჰკიდებენ და „ტოროლებს“ ცაში ისვრიან. რომელიც დაეცემა, ჟუჩკას ხვედრია.


„გაზაფხულის ძახილი“
„გაზაფხულის ძახილი“

შემდეგ ბორბლის ჯერი დგება. „გოგოებო, ლენტები ავიღოთ, გარშემო შემოვურბინოთ, ვისაც ლენტი შეხვდება, ის გათხოვდება!“ - იძახის ვოლია. „არ მინდა გათხოვება!“ - ამბობს ერთ-ერთი. ბორბალი ტრიალებს, ლენტები ალებად იკლაკნებიან.

„გაზაფხულის ძახილი“
„გაზაფხულის ძახილი“

მეორე გაჩერება კოცონი და მასტერკლასია: ვოლიამ და ბიჭებმა დინამიკები მოზიდეს და დანარჩენებს ბელარუსულ ცეკვებს ასწავლიან. ყველა ისეთი ენთუზიაზმით სწავლობს, თითქოს ამაზე რამე ძალიან მნიშვნელოვანი იყოს დამოკიდებული. ვინ იცის, იქნებ ასეცაა. ქართულმა მთამ ყველა შეიფარა - რუსებიც, ბელარუსებიც, ყველას აძლევს საშუალებას, საკუთარი თავი არ დაივიწყოს.

"დღეს იმ გორაზე ვიყავით, სადაც ადრე ბუჩქი მოვრთეთ. შარშანდელი ბელარუსული ჩიტი ვიპოვეთ, უკვე გაცვეთილი", - იღიმება ნასტია.

აღდგომა ნანგრევებში
აღდგომა ნანგრევებში

მისთვის თავის გატანა ადვილი არ არის - რაღაც პროექტებში მეგობრები იწვევენ, რაღაცებს თავად პოულობს. ამასწინათ დაქალთან ერთად კოსტიუმები და ნიღბები გააკეთა საცეკვაოდ.

"ყველაფერს მივედ-მოვედები. საერთო ჩატში ვიღაცამ დაწერა, სასწრაფოდ გრაფიკული დიზაინერია საჭიროო. სახლში გავიქეცი, ორ საათში უნდა გამემზადებინა. ჩვენ აქ ყველას ცხოველებივით ყნოსვა გვაქვს გამახვილებული."

„ტყუილად არ ვასხამდი ბეტონს“

ნასტიას პარტნიორი მუსიკალურ ნომრებში, დანიელი, მოსკოვიდანაა. მას სამი უმაღლესი აქვს დაუსრულებელი - ორი წელი თეოლოგიას სწავლობდა, შემდეგ გრაფიკულ დიზაინსა და ხელოვნებათმცოდნეობაზე გადაერთო. 6 წელი ბავშვებთან მუშაობდა. "კერძო სკოლებში, საბავშვო ბაღებში მასტერკლასებს ვატარებდი, ქვესტებს, თემატურ სეირნობებს. ხან ბანაკის ხელმძღვანელი ვიყავი, ხან - ძიძა. მცირე მხატვრული პროექტებიც იყო, კედლების მოხატვა, ტელეგადაცემების დეკორაცია, რემონტი, შეღებვა. ბარისტადაც მიმუშავია."

საქართველოში დანი ემიგრანტულ სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელიც იყო, აღმზრდელიც და ძიძაც. საოჯახო ცენტრებში მასტერკლასებსაც ატარებდა.

"აქ ძალიან გავიზარდე, საშუალო სკოლაში მასწავლებლებს ვცვლიდი, საგნებს სერიოზულად ვეკიდებოდი. სხვადასხვა კრეატიულ გაკვეთილს ვამზადებდი. ერთხელ გაკვეთილზე აუდიოპლეერი მოვიტანე კასეტით, ვისაც მოსწყინდა, შეუძლია მოუსმინოს-მეთქი. გაჭრა, ერთმა 5 წუთი უსმინა და ლექციას დაუბრუნდა."

თუმცა, სამუშაო ყოველთვის ინტელექტუალური როდი იყო.

"საქართველოში ჩემს ცხოვრებაში პირველად ბინებში ტარაკნებს ვწამლავდი, ბეტონს ვასხამდი. მე და ჩემი პეტერბურგელი მეგობარი ამისთვის Youtube-ით მოვემზადეთ. ძალიან პედანტურად და სიფრთხილით მოვეკიდეთ საქმეს. სხვადასხვა ნიმუში გავაკეთეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, საჭირო აღჭურვილობა არ გვქონდა. თავად დავამზადეთ ყველა ხელსაწყო ქვიშის დასატკეპნად კი ორმოცდაათკილოიანი ქვაბი გამოვიყენეთ. მასში ორი ტომარა ქვიშა იყო ჩაყრილი. სახლის სარდაფში ვტკეპნიდით ქვიშას."

დანი ამბობს, რომ სახლის პატრონი კმაყოფილი დარჩა, მეგობარი კი პეტერბურგში დაბრუნდა, ემიგრაციაში ცხოვრებას ვერ გაუძლო.

"ძალიან ცნობილი ფოტოგრაფი ბერლინიდან ფოტოგამოფენას აკეთებდა. გადასაღებად რუს ემიგრანტებს ეძებდა, ჩვენთან გამოუშვეს სარდაფში. გვითხრა, თქვენი ფოტოები ბერლინში გამოიფინებაო. არ მიძებნია, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო, ტყუილად არ მისხამს ბეტონი."

ახლა დანის მუდმივი სამსახური არა აქვს. სტაბილურობამ შვიდ თვეს გასტანა, როდესაც ის პოდკასტსტუდიაში ერთდროულად ოპერატორად, ხმის რეჟისორად და გამნათებლად მუშაობდა. ეს მისთვის ოქროს ხანა იყო.

"პოდკასტებს ვიღებდი, ძალიან დავოსტატდი, მაგრამ კადრები შეამცირეს. ახლა ვიდეომონტაჟს ვსწავლობ. უკვე პატარა პორტფოლიოც გავაკეთე. ჩემი მიზანია, დისტანციურად რამე კარგის კეთება შევძლო.

საქართველოში ადაპტირება უფრო ადვილია, აქ ბევრი ნაცნობი მყავს, თემია ემიგრანტების, მოძრაობა. ხელოვანისთვის ბევრი შესაძლებლობაა."

ბრძოლა გადარჩენისთვის

ნაუ ფიზიკოსია. ოთხი წელი ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. 2023 წელს ცოტა ხნით ისევ რუსეთში დაბრუნდა. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა. თბილისში მეცნიერებას არ გაჰყოლია.

ნაუ
ნაუ

"თბილისში დროებითი სამუშაოს ძიება ეგზოტიკური გამოცდილებაა. აქაური ხელფასი ბინის ქირასაც არ ეყოფა. მომიწია დისტანციური სამსახური მეპოვა ტექნიკურ სფეროში. მხოლოდ ნახევარი წელი გავუძელი. ორი კვირა კერამიკულ სტუდიაში მძიმე, ფიზიკურ სამუშაოს ვასრულებდი, თიხის ტომრებს დავათრევდი, თიხას ვზელდი, ნაკეთობებს ვამზადებდი, ქიმიკატებთან ვმუშაობდი. დღეში 5 საათი ვშრომობდი და ხელფასი მხოლოდ 300 ლარი იყო. ამასწინათ „ზაზერკალიეში“ კარტოფილის ბლინებს ვაცხობდი. იქ ათსაათიანი ცვლაა. 70 ლარს იღებ და შეგიძლია ბლინებიც ჭამო. იქ ცოფიანი იხვებიც ჰყავთ, ხანდახან გალიიდან გამოძვრებიან და მთელ ტერიტორიას მოედებიან ხოლმე."

ჟუჩკას სახლის ბინადრები ნაუმ შემთხვევით გაიცნო. რამდენჯერმე კომუნაშიც ცხოვრობდა.

"ჩვენ ასეთი ხუმრობა გვაქვს "ღატაკების ორდენზე" - ვინც აქ მოდის, ყველას მძიმე ბედი ელის. მე, ნასტია და საშა დავმეგობრდით. ერთად ვბჭობდით, საინტერესო რა გაგვეკეთებინა, "მასლენიცა" გადავწყვიტეთ. მე ჯერ კიდევ რუსეთში მაინტერესებდა ფოლკლორი, წარმართული ზეიმები. ასე დაიწყო შარშან ჩვენი ფესტივალი, ჩვენდა გასაკვირად, საკმაოდ მასშტაბური."

ნაუს ერთ-ერთი ნიღაბი
ნაუს ერთ-ერთი ნიღაბი

"ნასტია გრანდიოზულ რაღაცებს აკეთებს, - ამბობს ნაუ, - მეც ვაკეთებ დეკორს, კოორდინაციას ვუწევ, ხალხს ვეპატიჟები. ჩემი საკუთარი ნამუშევრებიც ბევრი მაქვს, ნიღბები, ნახატები, კერამიკა, კარგად ერწყმის ხოლმე აქაურობას. მომწონს ქართული საეკლესიო ესთეტიკა, ხშირად ვიყენებთ სანთლებს, კიდევ ტოტებს, ბალახს, ყვავილებს."

ალექსეი მოსკოვიდანაა. დანარჩენებზე ათი წლით უფროსი მაინც იქნება. პროფესიით ხმის რეჟისორია. კონცერტის ხმის რეჟისორად მუშაობდა. 20 წლიდან მუსიკით არის დაკავებული. საქართველოში სხვებივით 2022 წელს ჩამოვიდა.

"პირველი ორი თვე ყოფილ კოლეგებთან სამზარეულოში ვცხოვრობდი. ისევ კინოს წარმოებაში მინდოდა წასვლა, ტესტური სამუშაოების შესრულება, მაგრამ „სოფტები“ არ მეყო, რომ ყველაფერი კარგად გამეკეთებინა. ფული მელეოდა და მშენებლობაზე წავედი. ხანდახან კლუბ „ზაზერკალიეში“ მაქვს სამუშაო.

სახლი ნახევრად დანგრეულია, ღონისძიებებისთვის სივრცე ნულიდან შევქმენით. ორი თვის მერე მივხვდი, რომ ფულს ვერ შევაგროვებდი. მინდოდა სამზარეულოდან გამოვსულიყავი, იქ სულ ხალხია, რეპეტიციებისთვის კუკიის სასაფლაოზე დავდიოდი."

ერთხელ ლიოშამ განცხადება ნახა, დამლაგებლებს ითხოვდნენ.

ლიოშა პეტრაკოვი
ლიოშა პეტრაკოვი

"განცხადება გავაგზავნე, მეორე დღეს საცდელი დალაგება იყო, ვფიქრობდი, დავიკიდებ-მეთქი. სასაფლაოდან ვბრუნდები და გზაზე ახალი ვარდისფერი ხელთათმანები ყრია. ეს ჩემთვის ნიშანი იყო! უნდა მეცადა."

მართლაც მალე 500 დოლარი იშოვა. ბინა იქირავა და ოჯახი თავისთან გადაიყვანა. დასუფთავების სამსახურში მთელი კვირა 12 საათს მუშაობდა, ახლა ორ კაფეში მუშაობს: დილით დაალაგე, დღისით თავისუფალი ხარ. შემთხვევითმა რუსმა ნაცნობებმა ის ხმისა და განათების გაქირავების სფეროში მოაწყვეს.

"ახლა დილით კაფეში ვალაგებ, შემდეგ რამემდე ღონისძიებებზე ვმუშაობ. მძიმეა, გვიან წვები და ადრე დგები - შუალედებში ვცდილობ გამოვიძინო."

ლიოშა ყველგან თავის რვა წლის შვილთან, კოსტასთან ერთად დადის. ის ხანდახან ეხმარება კიდეც დაკვრაში.

ლიოშა და კოსტია
ლიოშა და კოსტია

"წლინახევრიდან უკვე მუსიკით იყო დაინტერესებული, არ დამიძალებია, რომ არ გადაეფიქრებინა. ხშირად ვერავისთან ვტოვებ, ბებიები და ძიძები აქ არ არიან. ცოლი სამსახურს ეძებს, ვცდილობ არ დავტვირთო და ბავშვი თან დამყავს. სულ დადიოდა ჩემს კონცერტებზე, შემდეგ ვიფიქრე, თვითონაც გამოვიდეს-მეთქი. ხანდახან უბრალოდ ვმასხრობთ, რამე იდეას მეტყვის და მეც ავყვები ხოლმე."

ლიოშას ჟუჩკას სახლში არ უცხოვრია, უბრალოდ მეზობლად იყო. მთაზე სასეირნოდ წასული საშას, ნინის და ჟუჩკას გადაეყარა და კინოჩვენებებზე სიარული დაიწყო.

"სასეირნოდ გამოსულები ყოველთვის შევუვლიდით ხოლმე. ეს გულს გვითბობდა, გვეხმარებოდა. შაბათობებზე ნაგავს ვაგროვებდით. მე და ჩემი ბიჭი ყოველთვის ვმონაწილეობთ ჟუჩკას სახლის ღონისძიებებში. Zhuchkin fest-ი ისაა, რისკენაც მიილტვი, ემზადები, შენი ხელით აკეთებ, რაც ცხოვრების გაგრძელების ძალას გაძლევს. ეს ბედნიერებაა."

სევდა და სიხარული

უყურებ ახალგაზრდებს და ფიქრობ, რომ მათზე ადვილად საურთიერთობო, მათზე ნათელი და მეგობრული არავინაა. მაგრამ ამ სიმარტივეში ბევრი სხვა რამ იმალება, მაგალითად, საშას 16 წლიდან ბიპოლარული აშლილობა აქვს - ავარიის შედეგად მიღებულმა ტრავმამ დაუტოვა.

"მე 8-10-დღიანი ციკლები მაქვს, ჰიპომანია და დეპრესია. ან საერთოდ ვერ ვდგები, ან იდეებს ვაფრქვევ და მინდა ისინი საჩქაროდ განვახორციელო."

რუსეთში საშას რემისია ჰქონდა, საქართველოში დაავადება ისევ დაუბრუნდა. ამაზე უმუშევრობამაც იმოქმედა და მეგობრის დაკარგვამაც, რომელიც თბილისის საავადმყოფოში კიბოთი გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა მეგობრებისთვის მძიმე გამოცდად იქცა. საშამ თავისი „ქართველი დედაც“ დაკარგა - მოხუცი ქალი, რომელსაც დიდი სითბოთი იხსენებს.

"ძალიან მივლიდა. როდესაც ფული გამითავდა, მშენებლობაზე სამუშაო მიშოვნა, ამიტომ შევძელი აქ დარჩენა. ორივე ორიოდე თვეში გარდაიცვალა. ბოლო ნახევარი წელი ძალიან მძიმე იყო. ავადმყოფობაზე ყველანაირი სტრესი მოქმედებს. შემოდგომაზე დაავადების გართულება მძიმედ გადავიტანე, მაგრამ ახლა, ღმერთს მადლობა, ჩემს თერაპიას მივაგენი. ჯერ წამლების გარეშე ვცხოვრობ, მერე რა იქნება, არ ვიცი."

როცა მძიმედაა, საშა ლოგინიდან ვერ დგება. კიდევ კარგი ნინი არსებობს, მანამდე, სანამ ყველა კომუნად ცხოვრობდა, მასზე მეგობრები ზრუნავდნენ.

ახლა ასეთი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ერთ წელში იმდენი ზეიმი მოაწყვეს, ყველა ერთმანეთს იმდენად დაუმეგობრდა, რომ ერთად ცხოვრებაც აღარ არის აუცილებელი, ახლა შეუძლიათ, როცა მოუნდებათ, მხოლოდ მაშინ შეიკრიბონ.

- ნინი, რთული არ არის საშასნაირ ადამიანთან ცხოვრება, საინტერესოსთან, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ იოლთან?

- არავის ვურჩევ, ძალიან რთულია. დედაჩემი მხატვარია და მასაც რაღაც მსგავსი სჭირს, ოღონდ არა ბიპოლარული აშლილობა. ეს მხატვრების წყევლაა. ოჯახში ყველანი ემოციურები ვართ, როგორც ქართველებს ახასიათებთ - ხასიათის სწრაფი ცვლილებით. ახლა გკოცნი, წუთის მერე გეჩხუბები და ეს ნორმალურია. კი, საშას დეპრესია აქვს ხოლმე, მაგრამ ჩემთვის ეს მისი შემოქმედებითი ნატურის მრავალმხრივი გამოვლინებაა. ასე თუ არ მიუდგები, გაგიჟდები.

ნინი შეძლებული ოჯახიდანაა, საშასთან კი არაფერია დალაგებული. ჯერ ჟუჩკას სახლში ცხოვრობდნენ, შემდეგ ნაცნობებმა თავიანთი სახლი დაუთმეს, სადაც არც გათბობა არ იყო, არც ცხელი წყალი.

"ბავშვობაში პრინცესასავით ვცხოვრობდი, ყველა სურვილს მისრულებდნენ, კედლების მოხატვის ნებაც მქონდა, ძიძის მოხატვისაც კი. ახლა კი აივანზე გძინავს, წვიმის წვეთები გასველებს, ტალახში ამოსვრილი ჟუჩკა თავზე გახტება. მაგრამ კომუნაში იმდენად მყუდრო და შინაურული ატმოსფეროა, რომ აქ ჰაერიც კი მოგწონს. ყველა იღიმება, ყველა გიგებს. ცივ, აყროლებულ იატაკზე ძილიც კი საკაიფო იყო. ყველაფერი ამ ხალხის ენერგეტიკითაა გაჟღენთილი, კეთილი და კარგი ადამიანების. დღემდე ეს სულისკვეთებაა."

განსაცდელის გარეშე არც ვასია არ დარჩენილა, მას საქართველოში ყურადღების დეფიციტის სინდრომი გამოეკვეთა. ფსიქოთერაპევტმა უთხრა, რომ, დიდი ალბათობით, პრობლემა მანამდეც ჰქონდა, მაგრამ სახლში, როგორც ამბობენ, კედლებიც გეხმარებიან - ოჯახი, მეგობრები, ცხოვრების განსაზღვრული სტილი. როდესაც ეს ყველაფერი უკვე აღარ იყო და თან სიდუხჭირეც დაერთო, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

"მაგალითად, ნახევარი წლის ან წლის ბიზნესგეგმა მაქვს. თითქოს ყველაფერს აქტიურად ვაკეთებ, მაგრამ სადაც ნახევარი უნდა მქონდეს გაკეთებული, მხოლოდ ხუთი პროცენტი გამომდის. ეს თვითშეფასებაზე ძალიან მოქმედებს. თითქოს მთელი დატვირთვით ვმუშაობდი, სად გამექცა დრო? ფული სადაა? ასე რატომ ხდება? სისტემურად უნდა იმუშავო, გრაფიკით, რაც ამ სინდრომის მქონესთვის კატორღაა. ვკითხე ფსიქოთერაპევტს, შეიძლება თუ არა თავს ძალა არ დავატანო. მიპასუხა, რომ ეს სინდრომი ბავშვობიდან ჩემთანაა, ჩემი ნაწილი და როდესაც მას ვებრძვი, ამას ყოველთვის ძალადობად აღვიქვამ, მაგრამ თუ არ ვცადე, არ გამომივა."

ვასიას ჟუჩკას სახლის ღონისძიებები ძალიან უყვარს, ისინი მას ძალას აძლევენ.

"ჩვენ ყველასთვის ღია ვართ. ბარში წასვლას აქ მოსვლა მირჩევნია. მხოლოდ ურთიერთობითაც უზარმაზარ სიამოვნებას ვიღებ. შევატყვე, როდესაც რომელიმე დღესასწაულისთვის ვემზადებით, მის გრაფიკზე მორგება უფრო გამომდის."

ნასტიაც ფიქრობს, რომ კომუნაში ცხოვრება სასარგებლოა. განსაკუთრებით კარგი შარშან ზაფხულში იყო, როდესაც ზეიმები დაიწყო.

"მაშინ ისტაგრამში ეს აღვწერეთ, როგორც ზეიმი ონლაინ გარემოცვისა, რიტუალური თავბრუსხვევისა და მუდმივი ახალგაზრდობისა. ეს სევდანარევი სიხარულია, ადამიანები ნიღბების გარეშე. კომუნაში ყველაზე ფასეული ჩემთვის ის არის, რომ ყველანი რაღაც მოწყვლადები და შიშვლები ვხდებით - არის ამაში რაღაც კეთილი, სანდო და გულწრფელი."

ნასტასთვის ყველაზე მთავრი მომზადებაა, განწყობის შექმნა თავისთვის და სხვებისთვის, თავად ზეიმი უკვე საბოლოო ეტაპია.

აღდგომა ნანგრევებში
აღდგომა ნანგრევებში

ბოლო დღესასწაული, აღდგომა, არსენალის გორაზე სახლის ნანგრევებში აღნიშნეს. ის საშამ მოიფიქრა და თითქმის მარტომ გაუწია ორგანიზება, დანარჩენები ბოლოს მოვიდნენ. 70-მდე კაცი შეიკრიბა, იყო სუფრა, კულიჩები, შეღებილი კვერცხები, ღვინო... „თითქოს დიდი ოჯახი შეიკრიბაო“.

ერთხელ საშა არსენალის მთაზე ექსკურსიას ატარებდა. ჩამონგრეულ აგურის სახლთან შეჩერდა და ხმამაღლა წაიოცნება, კარგი იქნებოდა, აქ რამე გაგვეკეთებინაო.

"ყოველთვის მიყვარდა სივრცეები, მათი გადაკეთება. ტყუილად კი არ ვარ ურბანისტი, - ამბობს საშა, - არის რადიკალური ურბანისტიკა. მიდიხარ მიგდებულ ადგილას და იქ ახალი სიცოცხლე შეგაქვს. არსენალის მთა ქალაქის ცენტრშია, მაგრამ ცარიელი. აქ შეიძლება რამის შექმნა. სივრცის ათვისების თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია. აქ მე-19 საუკუნეში იარაღის საწყობები იყო, ისინი აიღეს და ერთი შენობის ნანგრევები დარჩა. როდესაც ექსკურსიებზე ამას ვამბობდი, მსმენელები ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მომინდა, ეს ეჭვი გამექარწყლებინა."

თავიდან ლიოშამ და სხვა მოხალისეებმა ნაგავი და აგურის ნამსხვრევები გაიტანეს, შემდეგ ნასტიამ და ნაუმ გრაფიტები გააკეთეს, სააღდგომო კვერცხების გამოსახულებები გამოკიდეს, ასევე პლაკატი მოწოდებით: „შემოდი სიხარულში“. საშამ იპოვა ადამიანები, რომლებმაც განათება და აპარატურა ათხოვეს, მოვიდნენ დიჯეები და ელექტრონული მუსიკა შეასრულეს.

სააღდგომო კონცერტი
სააღდგომო კონცერტი

"მგონია, რომ ჩვენი ღონისძიებები მხოლოდ ზეიმი არაა, სხვა სიღრმეც აქვს - პროტესტი, ღიაობა, ალტრუიზმი, ქველმოქმედება. ეს ყველაფერი ხომ ფულისთვის არ კეთდება. მე არაფერს ველი, ყოველთვის არ ვხალისობ, მაგრამ როცა მონაწილეობ, ხვდები, რომ რაღაც კარგს აკეთებ. ყველა ზეიმი უმცირესობის მოწყობილია, დანარჩენები უბრალოდ მოდიან. ეს ღია მოედანია, ყველასი და ყოვლისმომცველი, ძალიან კეთილი, ქრისტიანული."

პაველი ამბობს, რომ ნანგრევებში აღნიშნული აღდგომა ნამდვილი სასწაული იყო.

"ჯერ ჩვენ ვაკეთებდით, ვიღაც ალაგებდა, ვიღაც კედლებს ღებავდა და უცებ, ბახ, უამრავი ხალხი, გაშლილი სუფრა, მუსიკა უკრავს, მშვენიერი განათებაა, მშვენიერი დეკორაცია. თითქოს ახალი წელი იყო. ბოლოს წვიმა წამოვიდა და მუსიკოსებისა და პულტის თავზე ყველამ ტენტი გაჭიმა. მე თოკის მოძებნას ვცდილობდი და ხალხმა უბრალოდ ტენტს ჩაავლო ყველა მხრიდან ხელი და გაშალა. არავინ არაფერს არ მართავდა, ყველა მუსიკის გარშემო იყო გაერთიანებული, ყველა ერთად იდგა წვიმაში და ეს სწორედ ის იყო. ანუ ეს კიდევ ერთხელ მოხდა."

ვასია ფიქრობს, რომ ზეიმში თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

"სულ რომ ბაფთა შეაბას "მასლენიცის საფრთხობელას", ეს კონცეფციის ფარული მხარეა - ამ ღონისძიებას დაიმახსოვრებ, რადგან მისი ნაწილი ხარ. თუნდაც მხოლოდ ტენტის კიდე დაიჭირო. ჟუჩკას სახლში ასე ხდებოდა. გინდა ამ ყველაფერში ჩაეწერო, დიდხანს მიდიხარ მთაზე, იღლები, გგონია, რომ არ ღირს. აღებ კარს, ჟუჩკა შემოგახტება და ყველაფერი მაშინვე იცვლება. ხალხს ხვდები, გესმის სიტყვა „წესი“ - რომ აქაურობაში მხოლოდ ისინი „ეწერებიან“, ვინც შენს ღირებულებებს იზიარებს. გრძნობ, ეს ის ადგილია, სადაც ყოველთვის შეგიძლია დაბრუნდე და ეს დაბრუნება გაუხარდებათ."

კომუნას ქართველი მეგობრებიც ჰყავს, გიო და გიკა. ისინი არა მხოლოდ ლხინს, ჭირსაც იზიარებენ. ნაუსთვის ინტერნაციონალური ვექტორი ძალიან მნიშვნელოვანია. მიაჩნია, რომ ემიგრაციაში თავისი კულტურული იდენტობა ყველამ უნდა შეინარჩუნოს. შემდეგი ზეიმი 21 ივნისს არის ჩანიშნული - "თათრული საბანტუი".

"ჩემთვის ცხოვრების აზრი ისაა, რომ მეც ვიხარო და სხვაც გავახარო. ენერგიის აკუმულირება მოვახერხო და ერთობლივი ზეიმი მოვაწყო. დრო არ მენანება. ცხოვრება ამისთვის მოგვეცა. ამას ბედნიერების შეგრძნება მოაქვს, ერთობა ემიგრაციაში, სადაც ადამიანები შინაგანად მარტოები არიან. აქ ყველამ დაკარგა სახლი და სანაცნობო."

საშასთვის ზეიმი ახალი ცხოვრების დაწყებაა ახალ ადგილას, იმ ხალხთან დაახლოება, რომლებიც მის ირგვლივ აღმოჩნდნენ. ამის გამო ღონისძიება უფასოა. ბევრისთვის შემოსასვლელი თანხა 20-30 ლარი სერიოზული ბარიერია. ეს იდეა კი - ბარიერების რღვევა - გამოცდილია იმ ადამინებში, რომლებმაც სიდუხჭირე და შეზღუდვები გამოიარეს.

თუმცა ბილეთებზე, თუნდაც ძალიან იაფზე, ხანდახან მაინც ფიქრობენ - შემოწირულობამ ხარჯი ვერასდროს დაფარა. ნინი ოცნებობს, რომ ეს ზეიმები ბიუჯეტში ხვრელებს არ აჩენდეს.

"ზეიმისას ადრენალინზე ხარ, დამოკიდებულებაა ერთგვარი, განსაკუთრებით საშასთვის - ის ზეიმების ნარკომანია. მერე დღეს კი ყველა წევს, ლაპარაკის თავიც კი არა აქვთ. საუზმეზე ჩუმად გამოძვრებიან, შემდეგ სკამებზე ეძინებათ. კარგი იქნებოდა, ამ ძალისხმევას ვინმე თუ დააფასებდა."

ეს პაშასაც უნდა, მაგრამ ფიქრობს, რომ მთავარი მაინც სხვაა.

"ისე მარტოსულად და მიგდებულად აღარ გრძნობ თავს. ემიგრაციაში, როცა სულ გიჭირს, ყველაზე მეტად ეს გრძნობა გაკლია, ის, რომ ყველაფერი ამაო არ არის. შევამჩნიე, რომ კონცერტები, აქტივობები, გამოფენები თითქოს აღარ მუშაობს. მიხვალ, წაუცეკვებ და შინ ცარიელი ბრუნდები. ჩემი თავი დამიჭერია იმაზე, რომ, აი, ზიხარ ბარში, ლუდს სხვამ, ვიღაც კი სადღაც იღუპება. არ მტოვებდა იმის შეგრძნება, რომ ეს თვალთმაქცობა იყო, დღესასწაული ჟამიანობის დროს. ჟუჩკას ფესტივალზე კი ისეთი გრძნობა გაქვს, რომ ეს ყოვლისმომცველი, ნამდვილი რამეა, საერთო და ზიარი. თუნდაც ეს ბოლო ძალებითა და ბოლო კაპიკებით გააკეთო. ამის გამო ღირს გაგრძელება."

ფორუმი

XS
SM
MD
LG