ირანი თითქმის 50 წელია თეოკრატიული რესპუბლიკაა.
ირანი 90 მილიონზე მეტი მოსახლით, ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი, აზიაში ყველაზე დიდი სახელმწიფოა, ჩინეთის, რუსეთისა და ინდოეთის შემდეგ.
ყველაფერი ეს ირანს თეორიულად აძლევს შესაძლებლობას, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა გახდეს, მაგრამ თეოკრატიულმა რეჟიმმა და იზოლაციამ ამის შანსი მოუსპო.
შაჰი გაორებული ბუნებით
1978 წლის დამდეგს, საახალწლოდ ამერიკის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ირანს ეწვია და შაჰთან ერთად ქვეყნის სადღეგრძელო დალია - „სტაბილურობის კუნძულის მღელვარე ოკეანეში“. უკვე წლის ბოლოს ამ სტაბილურობიდან აღარაფერი იყო დარჩენილი.
ირანის შაჰს, მოჰამედ რეზა ფეჰლევს განათლება შვეიცარიაში ჰქონდა მიღებული. ირანში 1925 წელს დაბრუნდა, 1941 წელს კი საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით ხელისუფლებაში მოვიდა, საკუთარი მამის, ასევე რეზას ადგილას.
შაჰი წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო, მან მკვეთრად აიღო გეზი დასავლეთისკენ, მაგრამ არც კორუფციასა და ავტორიტარიზმს არ ერიდებოდა.
აშშ-ის დახმარებით წამოიწყო „თეთრი რევოლუცია“, გზებისა და რკინიგზის, კაშხლების, საირიგაციო სისტემების მშენებლობა. ქალები გაცილებით ემანსიპირებულები გახდნენ. ნავთობწარმოება, რითაც მანამდე სხვა ქვეყნების კომპანიები უფრო ხეირობდნენ, მთლიანად ირანის ხელში გადავიდა. მოგებული ფული ძირითადად სამხედრო ინდუსტრიასა და ქალაქებზე იხარჯებოდა. სოფლები და სოციალურად დაბალი ფენები განზე დარჩნენ.
„შაჰი რკინის ხელით მართავდა. ყველაფერს აკონტროლებდა. დასავლეთის დახმარებით ის სპარსეთის ყურის ქვეყნების უპირობო ლიდერი გახდა. მიუხედავად მმართველობის სტილისა, უაღრესად პოპულარული იყო. მაგრამ ნავთობიდან მიღებული თანხები, პირველ რიგში, სამხედრო სფეროზე იხარჯებოდა. შაჰს სურდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა შეექმნა. თავადაც უყვარდა ფუფუნება, მისი სასახლეები დღეს მუზეუმებად არის გადაკეთებული“, - ამბობს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გიორგი სანიკიძე.
ირანის რევოლუცია
1979 წელს ირანში მოვლენათა ისეთი სერია დაიწყო, რამაც ქვეყანა ყველასთვის, მათ შორის ამერიკისთვისაც მოულოდნელად რევოლუციამდე მიიყვანა. თუ სხვა ქვეყნების შემთხვევებში რევოლუციების დროს ქუჩაში მოსახლეობის ერთი პროცენტი გამოდიოდა, ირანში ათი გამოვიდა. ხალხს უბრალოდ უკეთ ცხოვრება უნდოდა, მაგრამ თანდათან პროტესტმა სულ სხვა სახე მიიღო. ამ პროცესებში ყველაზე წარმატებულები შიიტი სასულიერო პირები გამოდგნენ, მით უფრო, რომ მათ ფულიც ჰქონდათ და ქარიზმატული ლიდერიც ჰყავდათ - საზღვარგარეთ განდევნილი რუჰოლა ხომეინი.
მღელვარებას დაერთო ისიც, რომ ირანის არმია ხალხის წინააღმდეგ არ წავიდა. არც თავად შაჰს არ გამოუვლენია ჩვეული სისასტიკე - ის ამ დროს უკვე ძალიან ავად იყო. კიბო ჰქონდა და რევოლუციიდან მალევე ემიგრაციაში გარდაიცვალა.
აბას მილანი, ამერიკაში მცხოვრები ირანელი ემიგრანტი, რომელმაც მოჰამად რეზა ფეჰლევის ბიოგრაფიაზე წიგნი დაწერა, რადიო თავისუფლებასთან ჰყვებოდა, რომ შაჰმა ვერ დაინახა თავისი ხალხის რეალური პრობლემები.
მილანის აზრით, შაჰის შეცდომა რელიგიური ჯგუფების მხარდაჭერა იყო იმ იმედით, რომ მათ თავის მტრებთან - მემარცხენეებთან და ნაციონალისტებთან - საბრძოლველად გამოიყენებდა. ყველა ჯგუფს აუკრძალა მოქმედება, რელიგიურის გარდა.
„ეს რელიგიური ჯგუფები, ხომეინის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, შაჰის მმართველობის დასაწყისიდანვე ორგანიზებულად მოქმედებდნენ. მათ ჩამოაყალიბეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტერორისტული ჯგუფი - „ფადაიან ესლამი“. ყველა მოჯაჰედებზე ლაპარაკობს, მაგრამ „ფადაიანი“ ყველაზე აქტიურად ცდილობდა შაჰის მოსპობას.
რელიგიურმა სექტორმა შექმნა სხვა ჯგუფებიც, რომლებმაც, შაჰისვე დახმარებით, ათასობით მეჩეთი ააგეს. და როცა სტაბილურობა შესუსტდა, არცერთი სხვა გაერთიანება არ იყო იმდენად ძლიერი, რომ ქვეყნის ერთიანობა შეენარჩუნებინა. მხოლოდ ყველაზე რადიკალურმა რელიგიურმა ჯგუფმა, აიათოლა ხომეინის მომხრეთა ჯგუფმა, მოახერხა ხელიდან არ გაეშვა კონტროლის მოპოვების შანსი“, - წერს აბას მილანი.
ძალაუფლების ვერტიკალი
1979 წელს შაჰი ირანიდან გაფრინდა, აიათოლა რუჰოლა ხომეინი კი პირიქით, პარიზიდან ჩაფრინდა ირანში და ქვეყანა ისლამურ რესპუბლიკად გამოაცხადა.
„ნუ იფიქრებთ, რომ ეს წყობა შიიტური ისლამის დოგმებზე არის დამყარებული. ეს თავად ხომეინისა და მისი თანამოაზრეების შექმნილი წყობილებაა, რომელსაც ძალიან მცირე რამ თუ აკავშირებს შიიტურ თეორიებთან. გამოგონილია ბევრი რამ“, - ამბობს გიორგი სანიკიძე.
ის განმარტავს, როგორ იმართება დღეს ისლამური სახელმწიფო.
პრეზიდენტი - მას ხალხი ირჩევს, მაქსიმუმ ორი ვადით. მაგრამ მასზე მაღლა დგას სულიერი ლიდერი, რომელიც ირჩევა ძალიან ვიწრო წრეში, ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე. ძალაუფლება, ძალოვანი სტრუქტურები სწორედ სულიერი ლიდერის, აიათოლას ხელშია.
პარლამენტი, იგივე მეჯლისი - იღებს კანონებს, მაგრამ ამ კანონებს შემდეგ რამდენიმე ადამიანისგან, ისევ სასულიერო პირებისგან შემდგარი ზედამხედველობის საბჭო ამტკიცებს.
სამხედრო ძალა - ირანს ჰყავს ჯარი, მაგრამ ასევე არსებობს გუშაგთა კორპუსი, რომელსაც უკეთესი შეიარაღებაც აქვს და დიდ ბიზნესშიც მონაწილეობს.
ბირთვული იარაღი და სანქციები
1979 წლიდან მოყოლებული ირანი ნელ-ნელა იზოლაციაში მოექცა, განსაკუთრებით 2002 წლის შემდეგ, როდესაც ეჭვი გაჩნდა, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა. თუმცა თავად ირანი ამას უარყოფდა. ისლამურ რესპუბლიკას სანქცია სანქციაზე დაუწესეს. ნავთობს ღიად და მომგებიანად ვეღარ ყიდდა, თუმცა თანდათანობით სანქციებთან ერთად ცხოვრებასაც შეეჩვია.
ექსპერტები ამბობენ, რომ ირანელები ბევრს ითმენდნენ, რადგან ხელისუფლება მათ არწმუნებდა, მთელ რესურსს ქვეყნის სამხედრო გაძლიერებაში ვხარჯავთო. მას შემდეგ, რაც პატარა ისრაელმა ორიოდე დღეში თეირანის ცაზე კონტროლი მოიპოვა, ეს მითიც დაიმსხვრა.
აი, აქ გაჩნდა ზოგისთვის იმედი, ზოგისთვის კი ეჭვი, რომ თუ ირანი დამარცხდა, შესაძლოა ხალხმა რეჟიმიც შეცვალოს, თუმცა როგორც ისრაელი, ასევე ამერიკა ამბობენ, რომ ისინი რეჟიმის ცვლილებისკენ არ მიილტვიან. სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რათა ირანს ბირთვული იარაღის შექმნა და ისრაელზე თავდასხმა ვერ მოეხერხებინა, რასთანაც, თელ-ავივის განცხადებით, უკვე ძალიან ახლოს იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა მიზანმიმართულად გაანადგურა ირანის ბევრი გენერალი თუ სხვა ლიდერი, დღემდე ცოცხალია აიათოლა ალი ხამენეი. თუმცა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა არ გამორიცხა, რომ მან სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ამბობს, რომ იციან, სად აფარებს ის თავს.
„ის იოლი სამიზნეა, მაგრამ საფრთხე არ ემუქრება, არ ვაპირებთ მის იქიდან გამოყვანას (მოკვლას), ახლა არა. მაგრამ არც ის არ გვინდა, მშვიდობიან მოქალაქეებს ან ამერიკელ ჯარისკაცებს ჭურვებს ესროდნენ. ჩვენი მოთმინება იწურება“, - თქვა ტრამპმა.
აბას მილანი, რომელიც რეზა ფეჰლევის ბიოგრაფიაზე მუშაობდა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს:
„სამწუხაროდ, სანამ აიათოლა ხამენეი ამ წიგნს არ წაიკითხავს, ვერ გაიგებს შაჰის ჩამოგდების მიზეზს. მას ჰგონია, ხალხში უნდა ჩაკლა პროტესტის სურვილი და თუ მას არ მოუსმენ, შეგიძლია დარჩე ხელისუფლად, იყო რელიგიური ლიდერი. მაგრამ შაჰის მაგალითი გვიჩვენებს, რომ 1975 წელს, როცა მას სრული ძალაუფლება ჰქონდა, ხალხისთვის ყური რომ დაეგდო, ღმერთმა იცის, იქნებ დღესაც მონარქია გვქონოდა, შესაძლოა - კონსტიტუციური მონარქიაც.“
კიდევ ერთი რეზა
კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა დღემდე უნდა შაჰის შვილს, რომელსაც ტრადიციულად რეზა ფეჰლევი ჰქვია. ის დღეს ამერიკის მოქალაქეა. მას შემდეგ, რაც ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რეზა მოსახლეობას აჯანყებისკენ მოუწოდებს, ამბობს, რომ „შეშინებული ვირთხა“ ხამენეი იატაკქვეშეთში გადავიდა და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა.
მართლაც შეიძლება თუ არა შეიცვალოს რეჟიმი? გიორგი სანიკიძე ამბობს, რომ მართალია, დღეს ირანის რეჟიმი თავისი არსებობის მანძილზე, თუ არ ჩავთვლით ირან-ერაყის ომის დასაწყისს, ყველაზე სუსტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ჩამოიშლება, მით უმეტეს გარედან ჩარევის შედეგად. არც ამერიკა და არც სხვა არავინ ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ აპირებენ.
„ვერ ვიტყვი, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს რეჟიმს, მაგრამ ირანში ძალიან ძნელია რეალური ოპოზიციის შექმნა. რამდენჯერმე შეიქმნა რაღაც სტრუქტურები, მაგრამ ხელისუფლებამ მოსპო. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ სიტუაციას, დასავლეთში ირანელების ძალიან ძლიერი, ინტელექტუალური დიასპორაა. რამდენიმე წლის წინ სცადეს წინააღმდეგობის ორგანიზება. ამას სათავეში შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლავი ედგა, მაგრამ არც ეს მოძრაობა აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი, – ამბობს გიორგი სანიკიძე, - ირანელი ახალგაზრდები გახსნილები არიან იდეებისადმი, ტენდენციებისადმი, სამართლიანობისადმი. თავსაბურავსაც ძალიან ზერელედ ატარებენ. ვერ ვიტყვი, რომ ირანის მოსახლეობა ღრმადმორწმუნეა. პარასკევი საერთო ლოცვის დღეა, მაგრამ პარასკევს ირანში მეჩეთში უფრო ნაკლები ხალხი დგას, ვიდრე კვირას ამერიკულ ეკლესიაში.“
ბოლო წლების განმავლობაში ირანში რამდენიმე ამბოხება მოხდა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქალები, სტუდენტი გოგოები, რომლებიც პროტესტის ნიშნად ჩადრს იხდიდნენ და აქციებს აწყობდნენ. მაშინ ირანის ხელისუფლებამ ეს ამბოხებები ჩაახშო.
თუმცა მოახერხებს თუ არა უკვე დასუსტებული რეჟიმი იმავეს მომავალშიც?
ფორუმი