მოსისხლე მტრების, ისრაელისა და ირანის გარდა, რეგიონში კიდევ ბევრი მსხვილი თუ წვრილი მოთამაშის ინტერესები იკვეთება. ისრაელის მიერ 13 ივნისს, გამთენიისას, დაწყებული სამხედრო ოპერაცია მოულოდნელი იყო ირანის მოკავშირე რუსეთისთვის.
ისრაელი ირანზე თავდასხმას თავდაცვის მიზნებით ხსნის და გაგრძელებას აპირებს მთავარი მიზნის მიღწევამდე - თეირანმა ვერ უნდა მოახერხოს გამანადგურებელი ბირთვული იარაღის შექმნა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ოპერაციის დაგეგმვა გასული წლის ნოემბერში დაიწყეს.
- [თბილისის დროით] 23:00 საათისთვის - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იტყობინება, რომ ისრაელისკენ გაშვებულ რაკეტებს ათობით სამიზნე აქვს, მათ შორის - სამხედრო ცენტრები და ავიაბაზები. „მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშ არის, რადგან ირანი რაკეტებს ისვრის“, - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ პლატფორმა X-ზე. თელ-ავივში რაკეტებმა "რკინის გუმბათი" გაარღვიეს. ქალაქში აფეთქების კერებია. საერთაშორისო მედიის ცნობით, აფეთქებებია იერუსალიმშიც.
- [თბილისის დროით] 22:00 საათისთვის - ისრაელის არმიამ დაადასტურა დარტყმა ქალაქ ისპაანზე. "დავარტყით ბირთვულ ობიექტს, ოპერაცია გრძელდება", - გენერლის სიტყვები AFP-მ გაავრცელა. ირანის მედია იტყობინება, რომ თეირანის ცენტრში ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. ამ ინფორმაციას ავრცელებენ ტელეგრამ-არხებიც.
“ოპერაცია გაგრძელდება იმდენ დღეს, რამდენიც საჭიროა”
13 ივნისს, გამთენიისას, დაწყებულმა ისრაელის სამხედრო ოპერაციამ მიზანში ამოიღო ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა, ბალისტიკური რაკეტების ქარხნები, სამხედრო ბაზები, სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურა; დაბომბეს ბუნკერები.
ისრაელის არმიის განცხადებით, მიწისქვეშა ნაწილი გაუნადგურეს მთავარ ობიექტს ნათანზში, სადაც ირანი ურანის გამდიდრებაზე მუშაობდა. ეს ადგილი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ირანის ბირთვული პროგრამის გულად“ მოიხსენია.
ნათანზში ურანის გამამდიდრებელი ობიექტის დაზიანება დაადასტურა ირანის ატომური ენერგიის სააგენტომ. ეს საწარმო ირანში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია.
გავრცელებული კადრები ადასტურებს ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალების შეტევას თეირანზე, ქერმანშაჰზე, თავრიზსა თუ ისპაანზე.
სამიზნეებს წარმოადგენდა ასევე ცოცხალი ძალა - სამხედრო მაღალჩინოსნები და სპეციალისტები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ. გავრცელებული ცნობებით, დაიბომბა სამხედრო მაღალჩინოსნების ორი საცხოვრებელი კომპლექსი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო პუნქტი.
ირანიდან მალევე დაადასტურეს, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამი. ირანული მედია ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე დაყრდნობით წერს, რომ დაიღუპა კიდევ რამდენიმე სამხედრო მეთაური და მეცნიერი.
- აიათოლა ალი ხამენეი დილითვე დაემუქრა ისრაელს და განაცხადა, რომ „რეჟიმმა“ თავის თავს გამოუტანა „მწარე და მტკივნეული“ განაჩენი.
- ირანის შეიარაღებული ძალების სარდლობა ჰპირდება ისრაელს, რომ დღევანდელი თავდასხმა ძვირად დაუჯდება.
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ მთელი პასუხისმგებლობა აშშ-ის დააკისრა. ის ამბობს, რომ პროცესში “კოორდინაციის [აშშ-სთან] კვალი” ჩანს.
ექსპერტები შენიშნავენ, რომ სრული კრახი განიცადა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რომლებითაც ირანს რუსეთი ამარაგებდა.
ირანი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ ომში. როგორც რუსული ტელეგრამ-არხები წერენ, ისრაელის თავდასხმა ირანზე მოსკოვისთვისაც მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო.
პუტინმა სატელეფონო საუბარში მიუსამძიმრა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს და დაგმო ისრაელის ქმედება - იტყობინება რუსეთის სახელმწიფო მედია. ასევე შედგა სატელეფონო საუბარი პუტინსა და ნეთანიაჰუს შორის - პუტინი სამშვიდობო პროცესში შუამავლის როლის მორგებას ცდილობს.
მოსკოვს სხვა საზრუნავიც გაუჩნდა.
ირანის ტერიტორიაზე ჩარჩნენ რუსი რეჟისორის, ფიოდორ ბონდარჩუკის გადამღები ჯგუფი და დიდი სიმფონიური ორკესტრის წევრები. სულ 88 ადამიანი. ირანმა საჰაერო სივრცე ჩაკეტა და ხალხის სახმელეთო გზით გამოყვანაზე მოსკოვი ბაქოს შეუთანხმდა.
10 დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო, წვლილი შეეტანა ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებში. „ალბათ შეუძლია ხელი შეუწყოს სწრაფ დასრულებას”, - თქვა ტრამპმა 4 ივნისს, პუტინთან მორიგი სატელეფონო საუბრის დროს. მან ასევე თქვა, რომ „დრო იწურება“ და ირანისგან სჭირდება პასუხი „ძალიან მოკლე დროში!“
უკვე 13 ივნისს, ისრაელის ირანზე თავდასხმის შემდეგ, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორი თვის წინ 60-ღიანი ვადა მისცა ირანს და შეთანხმების ულტიმატუმი წაუყენა, უარი ეთქვათ ბირთვულ ამბიციებზე. „დღეს 61-ე დღეა“, - დაწერა მან და მიანიშნა, რომ ირანს „მეორე შანსი“ მიეცემა.
პრეზიდენტ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კიდევ ერთი განცხადების თანახმად, თეირანმა მისი მკაცრი მოთხოვნები არ შეასრულა. ეს პოსტი მუქარის ძლიერ მესიჯებს შეიცავს.
“...შეერთებული შტატები დღეისათვის აწარმოებს ყველაზე უკეთეს და თანამედროვე სამხედრო ტექნიკას მსოფლიოში და რომ ისრაელს აქვს ბევრი [ამერიკული ტექნიკა], უფრო მეტი ექნება მომავალში და მათ იციან, როგორ გამოიყენონ. ხისტი ხაზის მიმდევარი ზოგიერთი ირანელი თამამად ლაპარაკობდა, მაგრამ არ იცოდნენ, რა მოხდებოდა. ახლა ყველანი დაიხოცნენ და უფრო უარესიც მოხდება! უკვე იყო ბევრი სიკვდილი და ნგრევა, მაგრამ კიდევ არის დრო, დასრულდეს ჟლეტა, რადგან შემდგომი, უკვე დაგეგმილი დარტყმები იქნება კიდევ უფრო სასტიკი. ირანმა უნდა დადოს შეთანხმება, ვიდრე მთლად ყველაფერი არ განადგურებულა და შეინარჩუნოს ის, რაც ერთ დროს ირანის იმპერიად იყო ცნობილი”, - ტრამპი აფრთხილებს ირანს, რომ თუკი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, „უკვე ძალიან გვიანი იქნება“.
მანამდე, 13 ივნისს, დილით ადრე, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ არაფერი იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ.
რეგიონული ომი დაიწყო?
ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ “ოპერაცია გაგრძელდება იმდენ დღეს, რამდენიც საჭირო იქნება” და ექსპერტებიც მოელიან, რომ ამჯერად პროცესი მოკლევადიანი შეტაკებით ვერ ამოიწურება მოსისხლე მტრებს შორის, რომელთა დაპირისპირებაც ლამის 50 წელს ითვლის - 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ.
„ვფიქრობ, შესაძლოა, ჩვენ ვხედავთ რეგიონული ომის დასაწყისს. მსგავსი არაფერი მომხდარა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ბოლო რეგიონული ომი იყო 2003 წელს, როდესაც ამერიკელები ერაყში შეიჭრნენ... ახლა აშკარაა, რომ ისრაელმა დაიწყო ომი ირანის წინააღმდეგ და ეს ომი უახლოეს მომავალში არ გაჩერდება“, - აცხადებს ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი იგორ სემივოლოსი „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ისრაელისთვის იოლი არ იქნება მეორე ომის წარმოება და სწრაფად დასრულება ჰამასთან ომის პარალელურად, რომელიც უკვე 600 დღეზე მეტია მიმდინარეობს და ომით გადაღლა ეტყობა ისრაელის მოსახლეობასაც.
„დღეის მდგომარეობით, ეს დარტყმა ხელსაყრელია ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის, რადგან ამით აგვარებს ბევრ შიდა პრობლემას ისრაელში და ახდენს საზოგადოების კონსოლიდირებას“, - ამბობს სემივოლოსი და არ გამორიცხავს, რომ აშშ ჩაერთოს პროცესში, თუკი ირანი უპასუხებს ისრაელს - ისევე, როგორც მას წარსულშიც დახმარებია ისრაელის ქალაქებისკენ მიმართული რაკეტების ჩამოყრაში.
თუმცა ანალიტიკოსისთვის ძნელი სავარაუდოა, როგორ მოიქცევიან ახლო აღმოსავლეთის მთელი რიგი ქვეყნები და განსაკუთრებით საუდის არაბეთი - გაუხსნიან თუ არა საჰაერო სივრცეს ისრაელისა და აშშ-ს თვითმფრინავებს?
„თუკი დაუთმობენ საჰაერო სივრცეს, როგორ შეაფასებს ამას ირანი? ჩაითვლება თუ არა ეს თანამონაწილეობად ომში ირანის წინააღმდეგ? მაშინ საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის ობიექტებიც შესაძლოა აღმოჩნდნენ დარტყმის რისკის ქვეშ“, - ამბობს ექსპერტი.
დამოუკიდებელი ანალიტიკოსი მაიკლ გოროვიცი რადიო თავისუფლებასთან [RFE/RL] საუბრისას არ გამორიცხავს მოლაპარაკებების გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ირანი სრულიად დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება - „მაგრამ ეს იქნება დიდი მარცხი ირანისთვის და საფრთხე მისი რეჟიმისთვის“. ამ წუთისთვის არსებული მდგომარეობით, ექსპერტი ფიქრობს, რომ ისრაელი და ირანი შედიან ღია და ხანგრძლივი ომის“ ფაზაში.
ექსპერტები არ მოელიან, რომ საჰაერო დარტყმებს სახმელეთო ოპერაციაც მოჰყვება.
როგორ განმარტავს გეგმებს ისრაელი?
ვიდეომიმართვაში, რომელიც სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ჩაწერა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ საფრთხის გასანეიტრალებლად სასწრაფო მოქმედება იყო საჭირო, რადგან “ირანს შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა ძალიან მოკლე დროში - ეს შეიძლება იყოს წელიწადი ანდა რამდენიმე თვე“ და რომ თეირანმა ბოლო წლებში უკვე შეაგროვა ცხრა ბირთვული ბომბისთვის სამყოფი გამდიდრებული ურანი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანელ ხალხსაც მიმართავს:
“ჩვენ თქვენ არ გებრძვით. ჩვენ ვებრძვით სასტიკ დიქტატურას, რომელიც წნეხში გაქცევთ უკვე 46 წელია. მჯერა, რომ თქვენი განთავისუფლების დღე ახლოს არის და როდესაც ეს მოხდება, დიდებული მეგობრობა ჩვენს ორ უძველეს ხალხს შორის კიდევ ერთხელ აყვავდება“, - ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ სწორედ ისრაელმა შეუქმნა უკეთესი მომავლის პერსპექტივა ლიბანელებსა და სირიელებს, ირანის მფარველობით მოქმედ ჰეზბოლასთან ბრძოლით.
საკუთარი და არაბული სამყაროს ქვეყნების გარდა, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი იბრძვის „ბირთვული ტერორიზმის“ წინააღმდეგ, ევროპისა და ამერიკის ინტერესებისთვისაც, რადგან ირანი ადრე თუ გვიან ბირთვულ იარაღს მათ წინააღმდეგაც გამოიყენებს.
„სიკვდილი ისრაელს! სიკვდილი ამერიკას!“ - ირანის ხელისუფალთათვის ჩვეული მოწოდებები, ნეთანიაჰუს თქმით, გენოციდისკენ მოწოდებებია, რასაც „ისრაელი დაუპირისპირდა ქმედებითა და შეძახილით: დღეგრძელობა ისრაელს! დღეგრძელობა ამერიკას!“
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ირანი სომხეთის მოკავშირეა და „ქართული ოცნების“ პირობებში მას ძალიან დაუახლოვდა საქართველოც.
13 ივნისს სოციალურ ქსელებში ბევრმა გაიხსენა, რომ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2024 წლის ზაფხულში, ორ თვეში ორჯერ ჩავიდა ირანში: ერთი პრეზიდენტის დაკრძალვაზე და მეორის - ინაუგურაციაზე.
ფოტოებზე ის აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს გვერდით დგას. ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს.
დარბაზში, სადაც ირანში ჩასული ჭირისუფლები იდგნენ, ისმოდა შეძახილები: “სიკვდილი ისრაელს!”, “სიკვდილი ამერიკას!
ამავე ინაუგურაციას ესწრებოდა ასევე ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული, პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ზიად ალ-ნახალაც.
„ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს 2024 წლის 31 ივლისს.
ფორუმი