მკაფიოდ პროდასავლური, უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და კრემლის აქტიური კრიტიკოსი - ასე ახასიათებდნენ ჩეხეთის ხელისუფლებას 3-4 ოქტომბრამდე, ვიდრე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართებოდა. ახლა კი, ჩეხეთის არჩევნებში გამარჯვებულ ძალას უპირატესად ევროსკეპტიკოსების, პოპულისტების, ღიად პრორუსებისა და ანტიდასავლელების იმედები უკავშირდება.
თუმცა ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ჩეხეთის საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად არ შეიცვლება.
ვისი მოკავშირეა ანდრეი ბაბიში?
და რა არის მისგან მოსალოდნელი?
თბილისიდან, განახლების იმედით
საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეხეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა „ქართული რეჟიმის ხუთ წარმომადგენელს“ - შინაგან საქმეთა მინისტრს მოადგილეს, სამ მოსამართლესა და პროკურორს. გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის მიმართვის საფუძველზე იქნა მიღებული.
“ქართული ოცნების” მომხრეები ამბობდნენ, რომ - “დიპ სტეიტმა” იჩქარა და ანდრე ბაბიშის გამარჯვებას დაასწრო.
მანამდე, იანვარში, ჩეხეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა შს სამინისტროს სამი მაღალჩინოსანი, რომლებიც ახლა ძველ პოსტებზე აღარ არიან. „ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი ჩეხეთში ვიხილოთ“ - დაწერა X-ზე ლიპავსკიმ. საფუძველია ადამიანის უფლებების დარღვევა, პროტესტის სასტიკი ჩახშობა - როგორც სხვა დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების შემთხვევაში,
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ელიან, რომ მთავრობის ახალი კაბინეტის შემადგენლობაში, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ვეღარ იხილავენ იან ლიპავსკის - "სანქციების ინიციატორ" მინისტრს. ამ მოლოდინს პროსახელისუფლებო "იმედმა" საგანგებო ქარდიც მიძღვნა.
ჩეხეთი ასევე ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის არის, რომლებმაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლის უფლება გაუუქმა. ასეთი პასპორტები აქვთ “ქართული ოცნების” ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებსაც.
ბაბიშის ANO-მ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა - 34,5%-ით და უპირატესობა მოიპოვა ყველგან - დედაქალაქ პრაღის გარდა. პარლამენტის ქვედა პალატაში 200 მანდატიდან 80 ერგება, თუმცა ეს არ არის საკმარისი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის და მოუწევს მმართველი კოალიციის შექმნა სხვა პარტიებთან ერთად.
ბაბიშს რეალური შანსი აქვს, მეორედ გახდეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი. არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა მმართველი კოალიცია Spolu [„ერთად“], პრემიერ-მინისტრ ფიალას ლიდერობით - ხმების დაახლოებით 23%-ით,
სექტემბერში, ჩეხეთის არჩევნებამდე, საქართველოში პროსახელისუფლებო მედია ქმნიდა მოლოდინს, რომ გამარჯვების შემდეგ ბაბიში სანქციების საკითხსაც გამოასწორებდა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ახლებურ ურთიერთობებზე გადავიდოდა.
“საქართველო მოუთმენლად მოელის პარტნიორობის განახლებულ თავს და უფრო ღრმა კავშირებს ჩვენს ერებს შორის“ - დაწერა X-ზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 6 ოქტომბერს, ანდრეი ბაბიშისადმი მიძღვნილ მისალოც განცხადებაში.
კობახიძე მას უსურვებს - „წარმატებას ძლიერი და ეფექტიანი მთავრობის ფორმირებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩეხი ხალხის პროგრესსა და კეთილდღეობას”.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი “ქართული ოცნების” უშედეგო იმედებს იხსენებენ.
„[“ქართულ ოცნებას“] ზოგადად ახასიათებს ნაადრევი სიხარული. გვახსოვს, როგორ ელოდნენ ისინი ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე ძალების გამარჯვებას; შემდეგ საფრანგეთის არჩევნებზე ასეთივე მოლოდინი ჰქონდათ; აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებისას იფიცებოდნენ ლამის, რომ 2025 წლის 20 იანვრის [ინაუგურაციის დღე] შემდეგ ყველაფერი მოგვარდებოდა; მაგრამ ახლა ოქტომბერია და ვხედავთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ქალბატონი ტალიაშვილი [ელჩი] დაიბარეს ანტიამერიკული განცხადებების გამო. აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებიც კვლავ ძალაშია და არც სტრატეგიული პარტნიორობა განახლებულა“, - გიორგი მელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე შენიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვების მილოცვა იჩქარა მემარჯვენე, პოპულისტი ლიდერის პარტიის შემთხვევაში, ხოლო მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს საერთოდ არ მიულოცა მისი მკაფიოდ პროდასავლური პარტიის გამარჯვება.
„მოლდოვისა და ჩეხეთის მაგალითები განსხვავდება. მოლდოვაში გაიმარჯვა მკვეთრად პროდასავლურმა ძალამ და დამარცხდა რუსული სპეცოპერაცია, რომლის მიზანიც იყო პრორუსი კომუნისტური ბლოკის გამარჯვება... ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რომ რუსული სპეცოპერაციის წარუმატებლობა მოლდოვაში, „ქართულ ოცნებას“ არ უხარია, ნათლად მიგვანიშნებს ამ პოლიტიკური ძალის პრიორიტეტებზე“, - გვეუბნება მელაშვილი და ამატებს, რომ პოპულისტურ პარტიასთან „ქართული ოცნება“ იდეოლოგიური სიახლოვეს გრძნობს და შესაძლოა, ეს „ოლიგარქიული სოლიდარობის გამოხატულებაც“ იყოს.
"ჩეხეთში უკრაინის კოშმარმა გაიმარჯვა", "ჩეხეთის არჩევნების შედეგი ბრიუსელისთვის კატასტროფაა", "ახალი პრემიერი რუსეთს დაუახლოვდება" - წერენ ღიად პრორუსული განწყობის ადამიანები სოციალურ ქსელებში.
ვინ არის ანდრეი ბაბიში და რა არის მოსალოდნელი მისგან?
მილიარდერ ანდრეი ბაბიშს, ყოფილ ბიზნესმენს, ხშირად ოლიგარქად მოიხსენიებენ. ბევრი თვლის, რომ მისთვის უპირველეს საზრუნავს ძალაუფლება და ბიზნესი წარმოადგენს. ის ფლობს მნიშვნელოვან აქტივებს აგრობიზნესში, ქიმიურ წარმოებასა და მედიის სფეროში.
ბაბიშის კარიერა ხმაურიანია. ყურადღების ცენტრში მოექცა - სასამართლო დავებითა და ბრალდებებით - ინტერესთა კონფლიქტებთან თუ ევროკავშირის სუბსიდიებთან დაკავშირებით.
ბევრიც მას იდეოლოგიურად ამორფულ ფიგურად თვლის - უჭირთ განჭვრეტა, რეალურად საით გადაიხრება ბაბიში.
- 2017-2021 წლებში ის ჩეხეთის პრემიერ მინისტრი იყო;
- მანამდე - ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი.
- 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა [ANO-მ მაშინ დაახლოებით 7%-ით ნაკლები აიღო, ვიდრე ახლა]
- 2023 წელს - ბაბიშს სურდა გამხდარიყო პრეზიდენტი.
ომის საფრთხე და მშვიდობის შენარჩუნების მიზანი - ბაბიშის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო მესიჯი იყო, საპრეზიდენტო მარათონში. 2023 წელს. მაშინ ბევრი თვლიდა, რომ ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ჰბაძავდა - ხალხში ომის შიშის გაღვივების ტაქტიკით.
თუმცა ჩეხეთში მაშინ ამ ტაქტიკამ არ იმუშავა და ბაბიშს, მეორე ტურში, მაინც სძლია გადამდგარმა გენერალმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტერ პაველმა.
ამ საპარლამენტო არჩევნებში კი, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გამოცდილმა, პოპულისტმა პოლიტიკოსმა ძირითადად შიდა პრობლემებზე კონცენტრირებით - ინფლაციის, მაღალი ფასებისა თუ მიგრაციის საკითხების წინ წამოწევით გაიმარჯვა.
ბაბიში უხვი დაპირებებით გამოირჩეოდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ დაპირებების ასრულება იოლი არ იქნება საბიუჯეტო კრიზისის პირობებში.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ბაბიში თავის ტკივილად იქცეს ბრიუსელისთვის, კიევისთვის.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ანდრეი ბაბიში უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების შემცირების აუცილებლობაზე აკეთებდა აქცენტს; ლაპარაკობდა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაზე თუ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების არარეალურობაზე. მსგავსი შეფასებები მან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველ კომენტარებშიც გაიმეორა.
- ანდრეი ბაბიშმა 2011 წელს დააფუძნა თავისი პარტია, მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური მოძრაობა ANO (Akce nespokojených občanů - “უკმაყოფილო მოქალაქეთა აქცია”, რომლის აბრევიატურა ემთხვევა ჩეხურ სიტყვას - “კი”).
ბაბიში ევროსკეპტიკოსად ითვლება, მაგრამ არა - პრორუსად.
„ჩვენ არ ვართ ისინი, ვინც მოლაპარაკებებს აწარმოებდა პუტინთან - ჩვენ ვართ ისინი, ვინც გააძევა რუსი დიპლომატები“ - წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაბიშის მიერ წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო.
მისი პირველი პრემიერობის დროს ჩეხეთმა რუსეთის საელჩოში დაბანაკებული 80-ზე მეტი რუსი დიპლომატი და ჯაშუში გააძევა ქვეყნიდან, მას შემდეგ რაც - დადგინდა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ [ГРУ] ააფეთქა ჩეხეთის საბრძოლო მასალების საწყობი, 2014 წელს. ამ ფაქტის გამო მნიშვნელოვნად დაიძაბა ურთიერთობები პრაღასა და მოსკოვს შორის.
ბაბიში ცნობილია კარგი ურთიერთობებით უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობათა მეთაურებთან - ვიქტორ ორბანთან და რობერტ ფიცოსთან, რომლებსაც, თავის მხრივ - კრემლთან სიახლოვე აკავშირებთ. „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების მე-80 წლისთავზე, ისინი, წითელ მოედანზე, პუტინის სტუმრებს შორის იდგნენ.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მიმართ ბაბიშის მიდგომები შერბილდეს.
კოალიციაში მის სავარაუდო პარტნიორებად სახელდებიან ულტრამემარჯვენე SPD (Svoboda a přímá demokracie - თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია) და ულტრამემარჯვენე AUTO (Motoristé sobě - ავტომობილისტები თავისთვის). მათი იდეოლოგია უფრო რადიკალური და პრორუსულია, ვიდრე ANO-სი.
„[ბაბიში] მკვეთრ მოძრაობებს მოერიდება. თუკი მისი პოლიტიკა რუსეთისკენ გადაიხრება, ეს იქნება ნელი და თანდათანობითი, ჩუმი პროცესი. კრემლთან დაახლოების ყველაზე ხმაურიანი მომხრეები, ნახევრად კომუნისტური და ნახევრად ფაშისტური გაერთიანების - Stacilo [„გვეყო!] - სახით, პარლამენტს მიღმა დარჩნენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჩეხური პორტალის Novinky.cz პოლიტიკური მიმომხილველი, ალექსანდრ მიტროფანოვი.
პრეზიდენტმა პეტერ პაველმა საპარლამენტო არჩევნების წინ გამოაცხადა, რომ არ დაუშვებს ისეთი მთავრობის შექმნას, რომელიც დასავლეთის კურსიდან მკვეთრად გადაუხვევს. პრეზიდენტი ჩეხეთში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მთავრობის დაკომპლექტების პროცესში, ასევე - საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.
ანდრეი ბაბიშს კარგი ურთიერთობები აქვს ასევე ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან. ექსპერტებისთვის საყურადღებოა მომავალი პრემიერის ძლიერი დაინტერესება ევროკავშირის ფონდებითა და სხვა დასავლური სიკეთეებით, რასაც, მათი ვარაუდით, ბაბიში მოსკოვისა და პეკინის დაპირებებში არ გაცვლის.
ფორუმი