უკრაინის ქალაქებში ხალხი ქუჩაში გამოვიდა. კანონი №12414 მათ დემოკრატიის გზიდან დიქტატურისკენ გადახვევის ნიშნად მიიღეს.
23 ივლისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ - ხალხის ნებას ითვალისწინებს და კიდევ ერთი, ახალი კანონის მიღებას გეგმავს.
იქამდე, უკრაინის რადაში 22 ივლისს, 263 ხმით დამტკიცებულ სადავო კანონს - პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმავე დღეს მოაწერა ხელი და მისი მიღების აუცილებლობა რუსეთის ზეგავლენების წინააღმდეგ ბრძოლით ახსნა.
საქართველოში “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთთან ომში მყოფ პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებას დამოუკიდებლად მოქმედებას ის "დიპ სტეიტი" უზღუდავს, რომელსაც საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნა სურს.
რა მოხდა?
მწვავე დაპირისპირება გამოიწვია 22 ივლისს, უკრაინის პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა კანონპროექტმა №12414, რომელიც, როგორც პოლიტიკოსები და უფლებადამცველები აფასებენ, აკნინებს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა [NABU], სპეციალური ანტიკორუფციული პროკურორის ოფისის [SAPO] დამოუკიდებლობას.
უკრაინის რადის ანტიკორუფციული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრაქცია „ხალხის მსახურიდან“ - ანასტასია რადინამ განაცხადა, ახალი რეგულაციები „SAPO-ს დეკორატიულ ინსტიტუციად აქცევს“ და, მასთან ერთად, NABU-საც სრულად უქვემდებარებს „გენპროკურორის ნებას“.
უკრაინული წყაროების თანახმად, ახალი კანონით გენერალურ პროკურორს უფლება ეძლევა მოითხოვოს ნებისმიერი საქმის მასალები და გამოსაძიებლად -სხვა ორგანოებს გადასცეს. ასევე - ბიუროს მისცეს სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებები. შესაძლებელია, რომ სხვა პროკურორებზე გადაანაწილოს სპეციალური ანტიკორუფციული პროკურორის ფუნქციებიც.
- ანტიკორუფციული საგამოძიებო სისტემა უკრაინაში 2015 წელს შეიქმნა.
- NABU - უპირატესად თანამდებობის პირების კორუფციულ საქმეებს იძიებს, ხოლო SAPO ამ საქმეების გამოძიების ზედამხედველი ორგანოა.
- ამ ორი ინსტიტუციის ხელმძღვანელები ბოლო დღეებში აცხადებდნენ, რომ ახალი კანონი ძირს უთხრის 10-წლიან წარმატებულ რეფორმას.
კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შეუძლებელია ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციის საქმეები მიუკერძოებლად გამოიძიოს გენერალურმა პროკურატურამ, როცა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი გენერალური პროკურორი, რუსლან კრავჩენკო ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. თავად კრავჩენკოსთვის გაუგებარია ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის დაკარგვასთან დაკავშირებული ეჭვები.
ხალხი ქუჩაში 23 ივლისსაც გამოვიდა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით 23 ივლისს, კიევში, აქციაზე იმაზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე წინა დღით.
"რუსეთის ზეგავლენა" - რატომ მოაწერა ხელი ზელენსკიმ?
ჩანს, რომ უკრაინის პრეზიდენტი NABU-სა და SAPO-ს მუშაობის შედეგებით კმაყოფილი არ არის.
ახალი კანონის ხელმოწერის შემდეგ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თავის ვიდეომიმართვაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ “ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა [უკრაინაში] იმუშავებს რუსეთის ზეგავლენების გარეშე” და რომ “საჭიროა მისი გაწმენდა” და “მეტი სამართლიანობის” უზრუნველყოფა.
„ცხადია, NABU და SAPO განაგრძობენ მუშაობას“, - განაცხადა ზელენსკიმ, თუმცა იქვე დაამატა, რომ მნიშვნელოვანი იქნება გენერალურმა პროკურორმა უზრუნველყოს “სასჯელის გარდაუვალობა მათთვის, ვინც კანონს არღვევს და გამოიძიოს თაროზე შემოდებული საქმეები.
“უკრაინიდან გაქცეული თანამდებობის პირები რატომღაც ჩვეულებრივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ძალიან კარგ ქვეყნებში, დაუსჯელად - და ეს არ არის ნორმალური. რაციონალურად ვერ აიხსნება, რატომ ხდება, რომ - მილიარდობით დოლართან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები “[ჰაერში] გამოკიდულია” წლობით. და არანაირი ახსნა არა აქვს, რატომ შეუძლიათ რუსებმა მიიღონ [ამ უწყებებიდან] ის ინფორმაცია, რაც უნდათ”, - განაცხადა ზელენსკიმ.
21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობით, NABU-სა და SAPO-ს ოფისები გაჩხრიკეს და დააკავეს NABU-ს თანამშრომელი. უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებული ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ.
NABU-ში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა თანამშრომელთან დაკავშირებული გარკვეული რისკების შესახებ მათ ჯერ კიდევ 2023 წელს შეატყობინეს, თუმცა შემდეგ ეს ეჭვები არ გამართლდა.
რა რეაქცია ჰქონდა ევროკავშირს?
“კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი საფუძველია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აუცილებელი წინაპირობაა, რომ ქვეყანას ჰქონდეს ანტიკორუფციული სააგენტოები თუ ორგანიზაცია - მნიშვნელობა არა აქვს, რა სახით - რადგან ყველა ქვეყანა თავად წყვეტს - როგორ შეებრძოლება კორუფციას, მაგრამ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი [სტრუქტურა]“, - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ვარშავაში ყოფნისას, პოლონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ევროკომისარი მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას უკან წაიღოს - ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შემზღუდველი ახალი კანონი, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს, რომ - ის კვლავ რჩება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ერთგულ ხელშემწყობად.
მანამდე, 22 ივლისს, მარტა კოსმა X-ზე ორი პოსტი გამოაქვეყნა. პირველ პოსტში - ევროკომისარი „უკან გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯს“ უწოდებს ახალ კანონში ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის ხელშემწყობი „საკვანძო ზომების გაუქმებას“; ხოლო მეორე პოსტში მითითებულია, რომ ჰქონდა „გულახდილი საუბრის“ დროს „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან და ასევე ახლად დანიშნულ ვიცე-პრემიერთან, მინისტრთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში - ტარას კაჩკასთან. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინასთან მუშაობას კანონის უზენაესობის აუცილებელ რეფორმებზე და პროგრესზე, ევროკავშირის გზაზე“, - ევროკომისარი კოსი.
ახალ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს სხვებმაც.
ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ომში მყოფი ქვეყნისთვის იარაღზე არანაკლებ აუცილებელია ხელისუფლების ნდობა, რომელიც შესაძლოა ერთმა მნიშვნელოვანმა შეცდომამ შეარყიოს. ხოლო ნდობის აღდგენის გზა, მისი თმით - „გამჭვირვალობა და ღია ევროპული დიალოგია“.
საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი აღნიშნავს, რომ - „ჯერ დაგვიანებული არ არის, რომ უკრაინამ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღოს“.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ციტირებს უკრაინის ვიცე-პრემიერის, ტარას კაჩკას, რომ - „კვლავ ძალაშია ყველა ვალდებულება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, კერძოდ - განსაზღვრული ტრანსფორმაციის გზამკვლევებში“ და რომ აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით.
თუმცა კაჩკა არ აზუსტებს, თავად ემხრობა თუ არა 22 ივლისს დამტკიცებულ კანონს.
ზელენსკის პასუხი
დასავლეთის კრიტიკის, ევროპული პერსპექტივის შეფერხების მუქარის და საპროტესტო აქციების შემდეგ, 23 ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხალხის ხმა შესმენილია და მომზადდება კიდევ ერთი, ახალი კანონი. ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა და როგორ შეიცვლება. პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ - "არ იქნება არავითარი რუსეთის გავლენა და ჩარევა ძალოვანი უწყებების მოქმედებებში".
ბრძოლა კორუფციასთან უკრაინაში
ევროკომისია ბოლო მოვლენებამდე ზოგადად კმაყოფილი იყო უკრაინას გადადგმული ნაბიჯებით, თუმცა ხშირად ახსენებდა კიევს, რომ ანტიკორუფციული სისტემის რეფორმა ბოლომდე იყო მისაყვანი.
ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროკომისიის ბოლო, 2024 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ:
- 2023 წლის დეკემბერში უკრაინამ დაამტკიცა ახალი კანონი, რომლითაც განმტკიცდა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს [NABU] ინსტიტუციური პოტენციალი - დასაქმებულთა რაოდენობა 700-დან 1000-მდე გაიზარდა; თუმცა კვლავ არ იყო პროგრესი ბიუროს მიერ სატელეფონო ზარების ავტონომიურად მიყურადების შესაძლებლობის კუთხით. 2023 წელს NABU-მ ხელი მოაწერა შეთანხმება ევროპის საჯარო პროკურორის ოფისთან EPPO] თანამშრომლობის შესახებ.
- 2014 წლის 1 იანვარს, უკრაინაში დაამტკიცეს კანონი სპეციალური ანტიკორუფციული პროკურორის ოფისის [SAPO] გაძლიერების მიზნით - SAPO გამოეყო გენერალურ პროკურატურას და განისაზღვრა კონკურენტული პროცედურები კადრების, მათ შორის - პროკურორებისა და SAPO-ს უფროსის შესარჩევად.
- 2023 წელს NABU-მ 257 საქმე გახსნა [2022 წელს იყო - 187]. უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში შევიდა 100 გამამტყუნებელი განაჩენი, აქედან 44-ზე დაადასტურა გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდებულთა შორის იყვნენ: 4 - მოსამართლე, 1 - პარლამენტის დეპუტატი, 2 - მინისტრის მოადგილე, 1 - უმაღლესი კატეგორიის სახელმწიფო მოხელე.
თბილისისთვის 14 ივლისს ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობის ზრდა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ევროკომისიის 8-პუნქტიან რეკომენდაციებს შორის საქართველოსთვისა. ამ რეკომენდაციების შესრულებაზეც იქნება დამოკიდებული - შენარჩუნდება თუ არა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ვადა 31 აგვისტომდე აქვს.
„ოცნების“ რეაქცია - ზელენსკისაც "დიპ სტეიტი" ებრძვის?
უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა ინტერესი გამოიწვია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში. სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ გარე ძალა - “დიპ სტეიტი”- ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას არც უკრაინის ხელისუფლებას აძლევს და რომ “დიპ სტეიტი” კიევსაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა დახმარებით ებრძოდა.
“ეს ისტორია კარგად აჩვენებს, რომ მსგავსი, გარედან თავს მოხვეული ინსტიტუციური გადაწყვეტები, სინამდვილეში, ქვეყნის მართვაში გარედან ხელის ფათურის კარიბჭეებია და ამ კარიბჭეებს, ასე ადვილად რომ არავინ დაგახურინებს, ზუსტად ამას ვაკვირდებით საქართველოში ბოლო წლებია. და რა დამთხვევაა, რომ NABU-ს უფროსის მოადგილე (ანუ თვალი და ყური), მისი დაფუძნების მომენტიდან (2015 წლიდან), სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების უკრაინაში გაქცეული პროკურორი, გიზო უგლავა იყო, რომელიც, შარშან სექტემბერში, უკრაინის ხელისუფლებამ, შიდა ინფორმაციის გატანის გამო გაათავისუფლა (ფაქტობრივად აგენტი ამხილა). ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება, გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, უკრაინისთვის, საქმეში გამოცდილი თვალყურის მდევნელების მისაჩენად. ამიტომაც არის ეს ხალხი "დიპ სტეიტის" მიერ ხელშეუხებლად გამოცხადებული”, - წერს პაპუაშვილი და ამავე პოსტში სხვა მოვლენებისა და ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს - “დიპ სტეიტის” განზრახვების აღსაწერად.
ექსპერტებისთვის ნათელია, რომ ევროკავშირისთვის კორუფციასთან ბრძოლა ახირება არ არის - საერთაშორისო პარტნიორებს სურთ სტანდარტების ამაღლება და კორუფციის მავნე ზეგავლენების დამარცხება ქვეყნებში, რომლებსაც პარტნიორებად თვლიან და ფინანსურადაც ეხმარებიან.
„კორუფცია ზიანს აყენებს საზოგადოებას. ის წარმოადგენს გამოწვევას უსაფრთხოებისთვის, რადგან ხელს უწყობს ორგანიზებულ დანაშაულს, ტერორიზმსა და დანაშაულების სხვა ფორმებს, ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ჩათვლით. კორუფცია აღრმავებს უთანასწორობას, ანგრევს ადამიანების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ძირს უთხრის კარგ მმართველობას და სოციალურ სამართლიანობას და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს კანონის უზენაესობისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის“, - წერია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გზამკვლევში. ტექსტის თანახმად, კორუფცია ასევე - აფერხებს ქვეყნისა და ხალხის წინსვლას, კეთილდღეობას - ბიზნესსა და ინვესტიციებს.
“პაპუაშვილს მორიგი რუსული პროპაგანდის დრეიფი გამოუფენია. თითქოს ძალიან გულშემატკივრობენ უკრაინას და უკრაინელებს ეს რუსები. შალვა, ორიანი, სუსტი ხარ”, - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხატია დეკანოიძემ, ასევე ფეისბუკპოსტით უპასუხა შალვა პაპუაშვილს. ხატია დეკანოიძე 2015-2016 წლებში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პოსტზე მუშაობდა.
ფორუმი