ხმაური უკავშირდებოდა მის მიერ 22 ივლისს ხელმოწერილ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობის ხელყოფად და ამის გამო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისთვის ხელის შემშლელად შეფასდა:
"უკრაინის უმაღლეს რადას შევთავაზებ კანონპროექტს, რაც იქნება პასუხი და რომელიც უზრუნველყოფს მართლწესრიგის სისტემის ძლიერებას. და არ იქნება არავითარი რუსეთის გავლენა და ჩარევა ძალოვანი უწყებების მოქმედებებში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია: იქნება ყველა ნორმა ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის.
მოუთმენლად ველი კონკრეტულ საკანონმდებლო წინადადებებს ძალოვანი უწყებებისა და ანტიკორუფციული სააგენტოების ხელმძღვანელების ჯგუფიდან, გენერალური პროკურორისგან იმ ნორმებზე, რომლებიც ამას უზრუნველყოფს. ეს იქნება საპრეზიდენტო კანონპროექტი და ჩვენ მას განვახორციელებთ, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ტრანსფორმაციის სტრატეგიის ფარგლებში", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ ყველა ჩამოთვლილი უწყების ხელმძღვანელი მას წარუდგენს ერთობლივ სამოქმედო გეგმას, "რომლითაც შესაძლებელი იქნება უკრაინაში კანონის უზენაესობის განმტკიცება".
ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საზოგადოების აზრს გაუწია ანგარიში:
"რა თქმა უნდა, ყველას ესმის რას ამბობს ხალხი ამ დღეებში - რას ამბობენ სოციალურ მედიაში, ერთმანეთთან, ქუჩებში. ამას ამაოდ არ ჩაუვლია. გავაანალიზეთ ყველა წუხილი, ყველა ასპექტი იმისა, რისი შეცვლაა საჭირო და რისი გაძლიერება".
უკრაინის პრეზიდენტმა 23 ივლისს ხელი მოაწერა აგრეთვე განკარგულებას "ბიუროკრატიული პროცედურების შემცირებასა და სახელმწიფო ხარჯების აუდიტის დაუყოვნებლივ დაწყებაზე".
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს:
"უკრაინის მთავრობისგან მოველი კონკრეტულ შედეგებს ერთი თვის ვადაში, რომ მაქსიმალურად მივმართოთ სახელმწიფო რესურსები უკრაინის თავდაცვასა და ჩვენი სახელმწიფოს მედეგობაზე".
უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, "კვლავაც უმნიშვნელოვანესია ეროვნული ერთიანობის შენარჩუნება, ომის დასრულება, რუსეთის ბოროტების შეჩერება და უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობის უზრუნველყოფა. და ზუსტად ისე, როგორც ეს ყველა ჩვენგანს წარმოუდგენია - როგორც ევროპის სრულუფლებიანი ნაწილისა. ჩვენ ამას მივაღწევთ".
ევროკავშირის ხელმძღვანელები და ევროპის პოლიტიკური ლიდერები შეაშფოთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ხელმოწერამ, რომლებითაც ნადგურდება ანტიკორუფციული უწყებების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მათ გენერალურ პროკურორს უქვემდებარებს.
ფორუმი