Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები დამოუკიდებლობის გარანტიების აღდგენას მოითხოვენ


22 ივლისს უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შემზღუდავი კანონის მიღებას კიევსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
22 ივლისს უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შემზღუდავი კანონის მიღებას კიევსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ პრეზიდენტთან მათი ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ, 23 ივლისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და კიდევ ერთხელ გამოხატეს პოზიცია, რომ წინა დღეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები არსებითად ზღუდავს მათ დამოუკიდებლობას.

ანტიკორუფციული ორგანოების თანახმად, მათ აღარ აქვთ მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის ამოცანებისა და ფუნქციების ეფექტიანად შესრულების გარანტიები და სრულფასოვანი და დამოუკიდებელი საქმიანობის გასაგრძელებლად კანონის დონეზე სჭირდებათ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც პარლამენტის მიერ გაუქმებულ გარანტიებს აღადგენს.

ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა ხაზს უსვამენ უკრაინელი ხალხის ინტერესებისადმი ერთგულებას, აცხადებენ, რომ კანონის უზენაესობა და დაცვა უცვლელ ფასეულობად რჩება და იმავე მიდგომას ელიან სხვა ორგანოებისგანაც.

ანტიკორუფციული ორგანოები საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, განაგრძონ რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში უკრაინის ყოველმხრივი მხარდაჭერა, რადგან მიიჩნევენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების მდგრადობა და სიძლიერე, საზოგადოების ერთიანობა და სისტემური საერთაშორისო მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორებია აგრესორის დასამარცხებლად და უკრაინის ევროპული მომავლისთვის.

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ 22 ივლისს საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ზღუდავს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას და ამ ორგანოებს ფაქტობრივად, უქვემდებარებს გენერალურ პროკურორს. იმავე დღეს კანონპროექტს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ახალი კანონის მიღებას საპროტესტო აქციები მოჰყვა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში.

22 ივლისს გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ გაავრცელა ევროკომისიის სპიკერ გიიომ მერსიეს კომენტარი, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია უკრაინის ბოლოდროინდელი ქმედებებით თავისი ანტიკორუფციული ინსტიტუტების მიმართ, რადგან ამ ორგანოებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ რეფორმების განსახორციელებლად და კორუფციასთან საბრძოლველად დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდნენ.

23 ივლისს, უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების, შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა განცხადება, რომ სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოება წლობით არ უნდა გრძელდებოდეს კანონიერი განაჩენების გარეშე, ხოლო ისინი, ვინც უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებენ, თავს კომფორტულად და დაუსჯელად არ უნდა გრძნობდნენ.

ზელენსკის თანახმად, შეხვედრის მონაწილეებს მადლობას უხდის უკრაინის ინტერესებისთვის „უკრაინის გუნდში“ მუშაობის მზადყოფნისთვის და შეთანხმდნენ, რომ ეს მუშაობა ყველას მხრიდან კონსტრუქციული იქნება.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მომავალ კვირაში გაიმართება სიღრმისეული სამუშაო შეხვედრა ერთობლივი მოქმედების გეგმაზე, ორ კვირაში კი ეს გეგმა მზად უნდა იყოს.

  • უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო 2015 წელს შეიქმნა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო სპეციალური სტატუსით.
  • ბიუროს ამოცანაა გამოავლინოს და აღკვეთოს კორუფციული და სხვა სისხლისსამართლებრივი დანაშაული მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და დანაშაული, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.
  • სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა პროცესუალურად ხელმძღვანელობს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წარმოებულ საქმეებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, 22 ივლისს მიღებული ახალი კანონის თანახმად, უკრაინის გენერალურ პროკურორს უფლება აქვს სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება სხვა პროკურორებს გადასცეს, მოითხოვოს ნებისმიერი საქმის მასალები და სხვა პროკურორებს გადასცეს, ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს მისცეს სავალდებულოდ შესასრულებელი წერილობითი მითითებები და ბიუროს წარმოებაში არსებული საქმეები გამოსაძიებლად სხვა ორგანოებს გადასცეს.

22 ივლისს, პარლამენტში კენჭისყრის წინ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და დეპუტატებს მიმართეს, უარი ეთქვათ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რადგან ბიურო დამოუკიდებლობას კარგავს და გენერალური პროკურატურის ქვედანაყოფი ხდება, ხოლო სპეციალური პროკურატურის ხელმძღვანელი - ნომინალური ფიგურა და ინგრევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 2015 წლიდან აშენებული ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა.

თავის მხრივ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ კიევში 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაუგებარია ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის დაკარგვასთან დაკავშირებული ეჭვები. კრავჩენკოს თქმით, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო გენერალურ პროკურატურას არ ექვემდებარება, ხოლო სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა დეპარტამენტის სტატუსით რჩება, „ერთი ოჯახი იქნებიან“ და ერთმანეთს დაეხმარებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG