Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი არ შეუშვეს 11 დემონსტრანტის სასამართლო სხდომაზე


ფოტო არქივიდან. სალომე ზურაბიშვილი
ფოტო არქივიდან. სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეუშვეს სასამართლო სხდომაზე, რომელზეც 2024 წლის საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ.

განახლება: სალომე ზურაბიშვილს მოუტანეს პირადობის მოწმობა, რის შემდეგაც მოსამართლემ ის სხდომაზე შეუშვა.

სხდომა, რომელზეც დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატები დასკვნითი სიტყვებით წარდგებიან, 26 აგვისტოს, დაახლოებით 11:20 საათზე გაიხსნა. 150-ადგილიანი დარბაზი გაივსო.

თერთმეტ დაკავებულს შორის ერთ-ერთის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ თქვა, რომ სასამართლოში სხდომაზე დასასწრებად მოსულია საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, თუმცა მაინც არ შემოუშვეს.

ადვოკატს სხდომის მდივანმა აცნობა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ უშვებენ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით.

„ერთი საათია დგას მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ელოდება შემოშვებას... ის იდენტიფიცირებულია, პირადობა თან არ აქვს, მაგრამ ელექტრონულად აქვს. იცოდეთ მოსამართლე, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი", - თქვა ადვოკატმა.

მოსამართლე გალუსტაშვილმა უპასუხა: „პირადობა არ აქვსო, თავად თქვით. ამაზე რეაგირება მოახდინა სასამართლომ. თქვენ ის მოახსენეთ სასამართლოს, დასკვნით სიტყვას ვინ ამბობს. პირადობის გარეშე მოქალაქეებს არ უშვებენ სხდომაზე“.

თუმცა კიდევ ერთმა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ მას „მინიმუმ 20 შემთხვევა“ ჰქონია, როდესაც ამავე საქმეზე მოსამართლემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დაუშვა სხდომაზე მოქალაქეები.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაკავებული დემონსტრანტების ორ საერთო საქმეზე - რომლებშიც პროკურატურა ჯგუფურ ძალადობასა და ორგანიზებაზე დავობს და ჯამში 19 დემონსტრანტს ეხება - ბრალდების მხარემ, ანუ პროკურატურამ მტკიცებულებების შესწავლა აგვისტოს დასაწყისში დაასრულა.

საუბარია როგორც „თერთმეტეულის“, ისე „რვიანის“ პროცესებზე - ესე იგი, 11 და 8 დემონსტრანტის საქმეებზე.

ორივე საქმის მთავარი გამომძიებელი არის არსენ ხუნაშვილი.

რვა დემონსტრანტს შორის სამს ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, დანარჩენებს მასში მონაწილეობას. მეორე „ჯგუფში“ მყოფ 11 ბრალდებულს კი ასევე მონაწილეობას ედავებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG