Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიხრჩობით ამ კოლოფებში“ - ზაფხული ციხის საკანში


გლდანის ციხე
გლდანის ციხე

თბილისის 38 გრადუსი სიცხე ყველაზე რთული პატიმრებისთვის გამოდგა. იურისტები ამბობენ, რომ ციხეებში აუტანლად ცხელა, ამინდის პროგნოზი კვლავ ცხელ დღეებს წინასწარმეტყველებს, იუსტიციის საბჭო კი ირწმუნება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაგრილების სისტემა მუშაობს.

„გლდანის, ქსნის ციხეები, რუსთავშიც მყავს რამდენიმე ბენეფიციარი... ყველაზე უარესი სიტუაცია გლდანშია. იმ სივრცეში, სადაც პატიმრებს ვხვდებით ძალიან ცხელა, ზაფხულში დაყოვნება გვიჭირს. კამერებში ნაწილს აქვს გასაგრილებელი საშუალებები. ჩემი დაცვის ქვეშ ვინცაა, თითქმის ყველას აქვს, მაგრამ სხვებისგან გამიგია, რომ მაღაზიაში მარაგი ხშირად არ არის და ვერ ყიდულობენ ვენტილატორებს“, - ამბობს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

სწორედ ვენტილატორების დეფიციტზე ჩიოდა პროევროპული აქციების დროს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი, გიორგი ახობაძე წინა კვირას. ის გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.

„ლარიოკის“ [ციხის მაღაზია] უფროსი მოიკითხეთ, ცოცხალია? უკვე დიდი ხანია ვითხოვთ ვენტილატორის შემოტანას მაღაზიაში. წარმოუდგენელი სიცხეა, ვიხრჩობით ფაქტობრივად ამ კოლოფებში. შეუძლებელია ღამე ძილი. ორი კვირის განმავლობაში რანაირად შეიძლება ვენტილატორი ვერ მიეწოდებოდეს მაღაზიას. საქართველოს სახალხო დამცველი, იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება“, - ეს განცხადება გამოქვეყნდა მის ფეისბუკგვერდზე.

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მოგვიანებით ახობაძემ ვენტილატორი იშოვა - სხვას გამოართვა, მაგრამ სიცხე და ჩახუთული ჰაერი მხოლოდ ერთი პატიმრის პრობლემა არ არის. მით უფრო, რომ ამ კვირაში პროგნოზით თბილისსა და რუსთავში ტემპერატურა 37-39 გრადუსი იქნება.

იუსტიციის საბჭოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გაგრილების სისტემა ციხეებში სრულფასოვნად მუშაობს და მათი ინფორმაციით, ვენტილატორებიც ხელმისაწვდომია.

„კონდიციონერი არის დერეფანში, მაგრამ ოთახებში ცივი ჰაერი არ შედის. აქვთ ვენტილატორები საკნებში, შესაძლოა ზოგან ორი და სამიც ჰქონდეთ, მაგრამ ყველას არა, დასწრებაზეა. მარაგი სანამ ამოიწურებოდა, მანამ იყიდეს. ამ მაღაზიაში პური და მსგავსი პროდუქტები ყოველდღე ილევა, მაგრამ ამას მარტივად აახლებენ. რაც შეეხება ტექნიკას, შესაძლოა თვეში ერთხელ და ორ თვეში ერთხელ შემოიტანონ“, - ეუბნება მიგინეიშვილი რადიო თავისუფლებას.

სახალხო დამცველის 2023-2024 წლის ანგარიშებიდან ჩანს, რომ ციხეებში ვენტილაციის სისტემა პრობლემატური იყო. მაგალითად, N8 პენიტენციარულ დაწესებულებაზე (გლდანის ციხე) ნათქვამია, რომ „ხელოვნური ვენტილაცია არ ფუნქციონირებდა სამარტოო საკნებსა და შიდა კლასიფიკაციის საკნებში. ხელოვნური ვენტილაცია არ იყო საკმარისი დაწესებულების საცხოვრებელ და ე.წ. უსაფრთხო საკნებში, ასევე დეესკალაციის ოთახებშიც, სადაც ფანჯრებიც არ იღება. 2024 წლის აპრილში საცხოვრებელ საკნებში დამონტაჟდა ახალი გამწოვი სისტემა, თუმცა სუსტად მუშაობს და ვერ უზრუნველყოფს სათანადო ვენტილაციას“.

რაც შეეხება სხვა საპატიმროებს, 2023 წლის ანგარიში ნათქვამია, რომ N2, N5, N8, N14, N15 დაწესებულებებში საკნებში ვენტილაცია არ მუშაობდა. არ იყო კონდიციონერები.

სახალხო დამცველი მიანიშნებდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სიცხეს შეუძლია ადამიანი დააავადოს. მაშინ პენიტენციურმა სამსახურმა უარყო, რომ ვინმე ამის გამო ავად გაუხდათ. ომბუდსმენის აპარატს აცნობეს, რომ არცერთ პატიმართან დეჰიდრატაციის, გადახურების, სითბური გამოფიტვისა და სითბური დაკვრის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. და რომ პენიტენციური დაწესებულებები გრილდებოდა როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური გზით.

„თუმცა აღნიშნულის საპირისპიროს აჩვენებს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვიზიტის შედეგები, კერძოდ მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ დაწესებულებებში პრობლემური იყო როგორც ხელოვნური ვენტილაციის, ასევე ბუნებრივი განიავების საკითხი“, - წერია ანგარიშში.

„ეს ემთხვევა იმას, რასაც გიორგი ახობაძე აღწერს“. - ამბობს გიორგი ბურჯანაძე, რომელიც ანგარიშის დაწერის დროს სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა.

რა პირობებია ციხეში?

როგორც გიორგი ბურჯანაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, საქართველოს ციხეებში, ძირითადად საკნის სიდიდიდან გამომდინარე ოთახში შეიძლება იყოს ორი, ოთხი ან ექვი პატიმარი.

საკანში ცალკე ფართად არის გამოყოფილი ტუალეტი.

საკანს ზოგ შემთხვევაში უყურებს ვიდეოკამერა. ეს ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად საშიშია დამნაშავე ან რა საჭიროებები აქვს მას.

საკანს აქვს ფანჯარა, თუმცა ხშირად ბოლომდე არ იღება.

პატიმრებს კვებავს სახელმწიფო. თუმცა, თუკი პატიმარს ფული აქვს, ბარათით შეუძლია ციხის მაღაზიაში სურსათი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც იყიდოს, მათ შორის ვენტილატორიც.

საჭმლის მომზადება საკანშივე შეუძლია.

ბანაობა დაახლოებით კვირაში ორჯერ ეკუთვნის.

საკანში დაშვებულია ტელევიზორი, რადიო, მაგრამ არავითარი ინტერნეტი, არც - ტელეფონი. ტელეფონზე დარეკვას თავისი შინაგანაწესი აქვს.

შეუძლიათ მუშაობა და თანხის გამომუშავება, მაგრამ...

„ციხეში მუშაობა პატიმრებში სათაკილოდ მიიჩნევა. მაქსიმალურად ცდილობს ყველა, რომ ეს არ დასჭირდეს. სწავლის კუთხით, ძალიან ცოტა პროგრამებია. ბიბლიოთეკები არის, იქ ვერ დაჯდები, მაგრამ შეგიძლია წიგნი გამოიტანო“, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

15 ივლისს ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა 2024 წლის სასჯელაღსრულების სტატისტიკა. კვლევა ჩატარდა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების 51 საპატიმროში. შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველო მესამე ადგილზე მოსახლეობისა და პატიმრების თანაფარდობით - ყოველ 100 ათასს მოსახლეზე 261 პატიმარი მოდის. მას მხოლოდ თურქეთი და აზერბაიჯანი უსწრებს.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს ციხეებში ყოველ 100 ადგილზე 81 პატიმარია.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG