გეგმა ევროკავშირის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც 28 მაისს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა კაია კალასმა წარადგინა და ის აზერბაიჯანთან, თურქეთთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.
რადიო თავისუფლება გაეცნო დოკუმენტს „ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ“ .
ტექსტში აღნიშნულია, რომ ბრიუსელის დახმარება გულისხმობს „ზღვის მონიტორინგის საზღვაო შესაძლებლობებისა და ხელშემწყობი ფაქტორების განვითარებას, მათ შორის, შესაძლო საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე დაკვირვებას, ნაღმებისაგან გაწმენდის ძალისხმევას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, კომერციული საზღვაო ხაზების პატრულირებას, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას. ამოცანაა რეგიონში მომავალი აგრესიის შეკავება და, როდესაც შესაბამისი პირობები შეიქმნება, მშვიდობის განმტკიცება“.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად უნდა განთავსდეს ცენტრი ან რომელი ქვეყნები შევლენ მასში.
თუმცა ტექსტში აღნიშნულია, რომ ის უნდა უმკლავდებოდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა „ინფორმაციის მოპოვება საზღვაო სიტუაციის შესახებ, რეალურ დროში მონიტორინგი კოსმოსიდან ზღვის ფსკერამდე და ადრეულ გაფრთხილებას პოტენციური საფრთხეებისა და მტრული ქმედებების შესახებ“.
ცენტრის ფოკუსში ისეთი საკითხებია, როგორებიცაა წყალქვეშა კაბელები, საზღვაო დანადგარები და გაზისა და ქარის ენერგიის ოპერაციები რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან.
დოკუმენტი გამოქვეყნდა მაშინ, როდესაც ევროპული ქვეყნები მუშაობენ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში რაიმე სახის ძალების განთავსების შესაძლებლობაზე.
ადგილზე სამხედროების განთავსების მცდელობების მხრივ ლიდერობენ გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი, თუმცა რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, თურქეთმა უკვე განაცხადა, რომ ის უხელმძღვანელებს ასეთი ძალის საზღვაო კომპონენტს, კერძოდ, შავ ზღვაში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფით და პოტენციურად ნაღმების გაწმენდით.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი პირდაპირ არ მოიხსენიებს უკრაინაში ძალების განთავსებას, ის ხაზს უსვამს ანკარასთან თანამშრომლობის გაძლიერებას შავ ზღვაში და მის გარშემო მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
„თურქეთს შეუძლია კონსტრუქციული როლი შეასრულოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლაში და წვლილი შეიტანოს საზღვაო უსაფრთხოების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირების გაძლიერების მცდელობებში საერთაშორისო სამართლისა და სხვა კონვენციების შესაბამისად“, - ნათქვამია დოკუმენტში.
შავი ზღვის კონკრეტული სტრატეგია ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურზულა ფონ დერ ლაიენის დაპირებაა, რომელიც მან 2024 წლის ბოლოს, ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ დადო,
კალასმა ახლა უნდა ჩაატაროს „ევროკავშირის მინისტერიალის საგანგებო შეხვედრა პარტნიორ ქვეყნებთან შავი ზღვის რეგიონში, რათა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის ახალი მიდგომის ფარგლებში შეიმუშაოს და გააუმჯობესოს თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, რომლებიც დაფუძნებულია ერთობლივად შეთანხმებულ წინსვლის გზაზე“.
ევროკავშირს უკვე ჩაუტარებია ასეთი საგანგებო შეხვედრები დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და მანამდეც ჰქონია ეს შეხვედრები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი არ შეიცავს რაიმე ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ან კონკრეტულ საკანონმდებლო წინადადებებს, ის გარკვეულ მინიშნებას იძლევა, თუ როგორ მიუდგება ევროკომისია რეგიონის ზოგიერთ ქვეყანას.
დოკუმენტში საქართველოს მთავრობა ირიბადაა გაკრიტიკებული ევროკავშირის საწინააღმდეგო პოზიციის გამო. ტექსტში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის როლი და პასუხისმგებლობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება, კონკრეტულად გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებით უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან; და საქართველოსთან, თუ ქვეყანა ევროკავშირის გზას დაუბრუნდება“.
დოკუმენტში ადამიანის უფლებები ნახსენები არ არის. ის სამ სფეროზეა ორიენტირებული: „უსაფრთხოების გაძლიერება, ზრდისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა და გარემოს დაცვის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობა და მზადყოფნა“.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი ადრე გამოთქვამდა ხოლმე გარკვეულ კრიტიკას აზერბაიჯანის მიმართ, კერძოდ, აღნიშნავდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების არარსებობას და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შემცირებას, ამჟამინდელ სტრატეგიაში ბაქო მხოლოდ ენერგეტიკული თანამშრომლობისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის თვალსაზრისით არის მოხსენიებული.
„რეგიონულ პარტნიორებთან, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან, თანამშრომლობა ერთ-ერთი აუცილებელი ქმედებაა ევროკავშირის მცდელობების მხარდასაჭერად, რათა თანდათანობით შეწყვიტოს რუსული ენერგიის დარჩენილი იმპორტი და დააჩქაროს ენერგიის დივერსიფიკაციის პროცესი, როგორც ეს ასახულია RePowerEU-ს გზამკვლევში, რითაც გაძლიერდება ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება.
COP29-ის მასპინძელმა აზერბაიჯანმა ასევე აიღო ვალდებულება დეკარბონიზაციისა და მრავალმხრივი პროცესის მიმართ, რაც ევროკავშირისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“.
ფორუმი