Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეწვია იტამარ ბენ-გვირი, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრი


იტამარ ბენ-გვირი საქართველოს ეწვია და შეხვედრები გამართა.
იტამარ ბენ-გვირი საქართველოს ეწვია და შეხვედრები გამართა.

საქართველოს ვიზიტით ეწვია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი იტამარ ბენ-გვირი.

ბენ-გვირმა, - პარტია „ოცმა იეჰუდითის“ ლიდერმა, რომელიც ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ფიგურაა ისრაელის მთავრობაში, - შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესთან და სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ გელა (გეკა) გელაძესთან.

ეს არის ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების პირველი ვიზიტი საქართველოში 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტული თავდასხმისა და ღაზაში მორიგი ომის დაწყების შემდეგ.

საქართველოში მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით (14:30 საათისთვის) მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გავრცელებული.

შსს-ის ცნობით, იტამარ ბენ-გვირი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.

იტამარ ბენ-გვირი (მარცხნივ) და გელა გელაძე
იტამარ ბენ-გვირი (მარცხნივ) და გელა გელაძე

„ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. მხარეებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას“, - წერს შსს.

ამავე წყაროს თანახმად, გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე „მზად არის ისრაელის მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის“.

„იტამარ ბენ გვირმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და მზაობა გამოთქვა პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, - იუწყება შსს.

იტამარ ბენ-გვირს სანქციები აქვს დაწესებული გაერთიანებული სამეფოს, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ნორვეგიის მიერ. მას სავიზო და ფინანსური სანქციები 2025 წელს დაუწესეს აღნიშნულმა ქვეყნებმა - ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე „პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობის წახალისების“ გამო.

რას წერენ ისრაელურ მედიაში

ისრაელური მედიის ცნობით, ბენ-გვირი კვირა საღამოს, 24 აგვისტოს, ჩამოვიდა საქართველოში - „გელა გელაძის მიწვევით“.

ერთ-ერთი გამოცემის, Israel National News-ის თანახმად, ბენ-გვირმა კობახიძეს წარუდგინა ჰამასის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის მიტაცების ამსახველი მასალა და უთხრა, რომ „ჰამასის პროპაგანდის საპირისპიროდ, ღაზის სექტორში არ არის შიმშილი და სურსათის დეფიციტი“.

  • 2025 წლის 22 აგვისტოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ღაზაში შიმშილობაა, რაც პირველი შემთხვევაა ახლო აღმოსავლეთში. ექსპერტების თქმით, 500 000 ადამიანი „კატასტროფული“ შიმშილის წინაშე დგას.
  • გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელმა ტომ ფლეტჩერმა განაცხადა, რომ შიმშილის თავიდან აცილება შეიძლებოდა და განმარტა, რომ „ისრაელის სისტემატური ობსტრუქციის გამო“ საკვები პალესტინის ტერიტორიაზე ვერ აღწევს.

„ისრაელის სახელმწიფო ანადგურებს ირანსა და „ჰეზბოლას“ და ასევე ებრძვის „ჰამასს“ ღაზაში. კაცობრიობამ არ უნდა დაუშვას, რომ „ჰამასი“ ღაზაში დარჩეს, ის უნდა განადგურდეს“, - ამავე მედიის თანახმად, უთხრა ისრაელელმა მინისტრმა ირაკლი კობახიძეს.

ამავე წყაროს თანახმად, ირაკლი კობახიძემ პასუხად თქვა:

„ჩვენ გვსურს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კავშირის გაძლიერება. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს საქართველოში ებრაულ თემთან და აქ მცხოვრებ მრავალ ისრაელელ ტურისტთან და სიამოვნებით ვესტუმრებით ისრაელს“.

ვიზიტს თითქმის ორი თვით უსწრებდა წინ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკა, რისი საფუძველიც გახდა მინისტრის მოადგილის ვიზიტი თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე და მის მიერ ირანისათვის სოლიდარობის გამოცხადება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG